გიორგაძე: მინდა მჯეროდეს, საქართველოს მთავრობა ქვეყანას ერთადერთი სწორი გზით გაუძღვება

საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ყოფილი თანამშრომელი, 1993-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი და ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული იგორ გიორგაძე საკუთარ YouTube არხზე ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ქართული ოცნება ქვეყანას “ერთადერთი სწორი გზით გაუძღვება” და მათ გარკვეულ რჩევებსაც აძლევს.

ტერორიზმში ბრალდებული КГБ-ს ყოფილი თანამშრომლის ვიდეო 2025 წლის პირველ თებერვალსაა გამოქვეყნებული.

ვიდეოს დასაწყისშივე გიორგაძე ამბობს, რომ “სისხლითაც და სულიერადაც” ეკუთვნის ორ ქვეყანას, საქართველოსა და რუსეთს.

იგორ გიორგაძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ქართული ოცნება ქვეყანას გაუძღვება “ერთადერთი სწორი გზით”.

“2024 წლის დასასრულის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, შეძლო დაერწმუნებინა ხალხი იმაში, რომ ახალი წლის დადგომასთან ერთად ხელისუფლება დაიწყებდა ახალ ცხოვრებას და საბოლოოდ შეასრულებდა პირობას, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს დადო. ხალხი საქართველოში და არა მხოლოდ იქ, სავსეა მოლოდინებით. მე, ჩემს ერთან და ახლობლებთან ერთად, ამხანაგებთან და თანამოაზრეებთან ერთად, ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ საქართველო, საკუთარი ისტორიის მორიგ გარდამტეხ მომენტში აღმოჩენილი, საკუთარი დღევანდელი ხელისუფლების სახით გააკეთებს სწორ დასკვნებს და ჩვენთვის ღვთის მიერ ბოძებულ საყვარელ საქართველოს გაუძღვებიან მისი განვითარების ერთადერთი სწორი გზით – მშვიდობის გზით, სამართლიანობით, ტრადიციული სულიერ-მორალური ღირებულებებითა და კეთილდღეობით.” – თქვა გიორგაძემ.

ქართული ოცნებისადმი სიმპათიების გამოხატვის შემდეგ იგორ გიორგაძე ივანიშვილის პარტიას მსუბუქად აკრიტიკებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო რადიკალური ნაბიჯები არ გადაუდგამთ.

გიორგაძის ვიდეო გაავრცელა პრორუსულმა არხმა სეზონმაც, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ალტინფოელი პუტინისტი ნიკოლოზ მჟავანაძეცაა.

გიორგაძეს სურს, რომ 2025 წლიდან საქართველოში საზოგადოება და პოლიტიკოსები პრორუსულებად და პროდასავლურებად აღარ გაყონ.

“ახალ, 2025 წელს ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პარტიების, პოლიტიკოსებისა და ზოგადად ჩვეულებრივი ადამიანების გაზომვა და დაყოფა დასავლეთის მიერ თავსმოხვეული იარლიყებით, საზოგადოების პრორუსებად და პროდასავლელებად გაყოფა.” – თქვა გიორგაძემ.

ასევე გიორგაძე ოცნებას მოუწოდებს, რომ უნდა დაიწყონ “სამართლიანობის აღდგენა” და გადახედონ “სააკაშვილის მიერ უკანონოდ გასამართლებულების” საქმეებს, ვისაც ხანგრძლივი ან სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ამას გარდა, იგორ გიორგაძე ქართული ოცნებისგან ითხოვს, რომ ქართული წარმოშობის მქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივდეს. ასევე მას სურს, რომ ქართული პასპორტების გაცემა გამარტივდეს იმ უცხოელი პირებისთვისაც, ვისი ოჯახის წევრებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ითხოვს პასპორტში მამის სახელის დაბრუნებასაც. მისი მტკიცებით, მამის სახელი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებიდან ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იმ მიზნით ამოიღეს, რომ მას ნაცვლად “მშობელი N1 და მშობელი N2” შეეტანათ.

“აუცილებელია დაბრუნდეს ჩვენს პასპორტებში მამის სახელი, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ამოიღეს იმ მიზნით, რომ მომავალში შემოეღოთ მშობელი N1 და მშობელი N2.” – ამბობს გიორგაძე.

გიორგაძის თქმით, საჭიროა საქართველოს 35-წლიანი დამოუკიდებლობის შეჯამება და პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების შეფასება.

“უნდა დაიწყოს საქართველოს 35-წლიანი დამოუკიდებლობის შედეგების შეჯამების პროცესი და უნდა მიენიჭოს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაგალითად, მიღწეულ წარმატებებსა და დაშვებულ შეცდომებს და დანაშაულებს, როგორც პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე კონკრეტული პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების მხრიდან, რამაც ამა თუ იმ სახით გავლენა იქონია ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე 1991 წლიდან.” – თქვა გიორგაძემ.

საბჭოთა КГБ-ს ყოფილი თანამშრომელი ოცნებას მოუწოდებს, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი კონსტიტუციის 78-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელშიც მიზნადაა დასახული ქვეყნის ევროინტეგრაცია.

“აუცილებლად უნდა იქნას გამოტანილი ეროვნულ რეფერენდუმზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების საკითხი. რეფერენდუმის მთავარი კითხვა უნდა იყოს, უნდა დარჩეს თუ არა კონსტიტუციაში პუნქტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ეხება, ასევე LGBT-სა და სქესის შეცვლის აკრძალვის საკითხი. სხვათა შორის, საქართველოს კონსტიტუციაში ყველა ეს პუნქტი, დასავლეთის ზეწოლით, დღევანდელმა მთავრობამ შეიტანა.” – თქვა იგორ გიორგაძემ.

გიორგაძემ გააკრიტიკა ოცნების ევროკავშირში “ღირსეულად შესვლის” ნარატივიც.

“ლოზუნგი – “2028 წელს ღირსეულად შევალთ ევროკავშირში” – პროფანაციაა. ევროკავშირსა და NATO-ში შესვლაზე უარის უთქმელობა არის დაბრუნება ორ სკამზე ჯდომის წარუმატებელ პოლიტიკასთან. არ უნდა ირწმუნებოდნენ, რომ საქართველო არ მისცემს უფლებას ჩაითრიონ რუსეთთან ომში და ამასთან ერთად კვლავ ირწმუნებოდნენ, რომ ოდნავ შემდეგ მაინც შევალთ ღირსეულად ევროკავშირსა და NATO-ში.

პირველ რიგში, როგორ შეიძლება ღირსეულად შეხვიდე უღირს ორგანიზაციებში, რომლებიც აპრიორად უარყოფენ ჩვენს ტრადიციულ, მორალურ და სულიერ ფასეულობებს, ახალისებენ მსოფლიოში სატანიზმს და რომლებმაც მთავარ მტრად დიდი ხანია რაც რუსეთი დაისახეს?

მეორემხრივ კი, თუ საქართველოს ახლანდელი მთავრობის მიზანი ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება რჩება, ეს მას  ავტომატურად აქცევს რუსეთის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) პოტენციურ მოწინააღმდეგედ”. – თქვა გიორგაძემ.

ტერორიზმში ბრალდებული ყოფილი მინისტრის თქმით, საჭიროა სახელმწიფო იდეოლოგიის ფორმულირებაც.

გიორგაძე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც. მისი აზრით, 90-იან წლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ომის დაწყება “მხოლოდ ქართველების” ბრალია. მისი თქმით, საჭიროა “აფხაზ და ოს ძმებთან” შერიგება და მათ წინაშე ბოდიშის მოხდა.

“დაბოლოს, ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიხედოს ყველაზე მტკივნეული პრობლემის გადაჭრას, რომელიც ჩვენს წინაშე დღის წესრიგშია – ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებისა და გაერთიანების პრობლემა. საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მომავლის ამ საბედისწერო საკითხთან დაკავშირებით უნდა გამოვმდინარეობდეთ ორი მთავარი დანასკვიდან.

პირველ რიგში იქედან, რომ რაც ქართველ ხალხს დაემართა ბოლო რამდენიმე ათწლეულში, ჯერ კიდევ პერესტროიკიდან დაწყებული, და პირველ რიგში, ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური ომების გაჩაღებაში დამნაშავეები არიან არა რუსები, არა აფხაზები, არა ოსები, არა ამერიკელები, ან ვინმე სხვა. დამნაშავეები ვართ მხოლოდ ჩვენ, ქართველები. უფრო სწორად კი ჩვენი ე.წ. პოლიტიკური ელიტა, რომელმაც ჩვენს ძმებთან სისხლიანი ომისკენ გვიბიძგა.

მეორე რიგში კი, უნდა გაქრეს ილუზია, თითქოს საკმარისია კრემლმა აფხაზებსა და ოსებს უბრძანოს, რომ საქართველოს დაუბრუნდნენ და პრობლემა მომენტალურად მოგვარდება. მე არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ, რომ დე იურედ, ნაწილობრივ აღიარებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის აღდგენა, არის ძალიან რთული პროცესი, რომელიც საჭიროებს ძალიან სკრუპულოზურ, ამტან და სენსიტიურ მიდგომას. და ის უნდა დაიწყოს ჩვენ, სრულიად საქართველოს მიერ ღვთის წინაშე მონანიებითა და აფხაზი და ოსი ერებისადმი ბოდიშის მოხდით.” – თქვა გიორგაძემ.

გიორგაძის მტკიცებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქართველ ახალგაზრდებს “სატანისტ-სოროსელები” ზრდიდნენ და მათ “ეროვნული თვითშეგნება გადაუგვარეს”, “დასავლეთის მიერ კოტროლირებად ზომბირებულ მასად” აქციეს. ყოფილი მინისტრი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, რომ ძალიან მოკლე დროში შექმნან ახალი პროგრამები, “სადაც საჭიროა” უნდა გამოიყენონ ძველი სასკოლო და სტუდენტების მომზადების პროგრამები. მისი თქმით, “ახლიდან უნდა შეიქმნას ქართველი ახალგაზრდების აღზრდა-განათლების სისტემა”.

იგორ გიორგაძე რუსულ დეზინფორმაციულ კანპანიაში წარსულში აქტიურად იყო ჩართული. ის ირწმუნებოდა, რომ თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედროები ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ.

ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიხედოს ყველაზე მტკივნეული პრობლემის გადაჭრას, რომელიც ჩვენს წინაშე დღის წესრიგშია – ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებისა და გაერთიანების პრობლემა. საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მომავლის ამ საბედისწერო საკითხთან დაკავშირებით უნდა გამოვმდინარეობდეთ ორი მთავარი დანასკვიდან.

პირველ რიგში იქედან, რომ რაც ქართველ ხალხს დაემართა ბოლო რამდენიმე ათწლეულში, ჯერ კიდევ პერესტროიკიდან დაწყებული, და პირველ რიგში, ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური ომების გაჩაღებაში დამნაშავეები არიან არა რუსები, არა აფხაზები, არა ოსები, არა ამერიკელები, ან ვინმე სხვა. დამნაშავეები ვართ მხოლოდ ჩვენ, ქართველები. უფრო სწორად კი ჩვენი ე.წ. პოლიტიკური ელიტა, რომელმაც ჩვენს ძმებთან სისხლიანი ომისკენ გვიბიძგა.

მეორე რიგში კი, უნდა გაქრეს ილუზია, თითქოს საკმარისია კრემლმა აფხაზებსა და ოსებს უბრძანოს, რომ საქართველოს დაუბრუნდნენ და პრობლემა მომენტალურად მოგვარდება. მე არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ, რომ დე იურედ, ნაწილობრივ აღიარებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის აღდგენა, არის ძალიან რთული პროცესი, რომელიც საჭიროებს ძალიან სკრუპულოზურ, ამტან და სენსიტიურ მიდგომას. და ის უნდა დაიწყოს ჩვენ, სრულიად საქართველოს მიერ ღვთის წინაშე მონანიებითა და აფხაზი და ოსი ერებისადმი ბოდიშის მოხდით-აცხადებს გიორგაძე.

წყარო: ტაბულა

banner
წინა სტატიაშიმარკო რუბიო – ისტორიული მიღწევა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის – ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტეს
შემდეგი სტატიაგახარია: ეს ყველაფერი დასასრულებელია რაც შეიძლება სწრაფად და დამთავრდება ეს, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის