ღმერთო, როგორ გაუძლებს, 2021 წლის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, 3170 ეთნიკურად ქართველი წალენჯიხელის გული, ამხელა სიხარულს.
ხუმრობა იქით იყოს, არჩევნებიც და მართლაც სენსაციაა – პირველად, ხანგრძლივი მოთხოვნის და უიმედო ლოდინის შემდეგ – წალენჯიხაში, ზღვის დონიდან 222 მ სიმაღლეზე, საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიის თითქმის ბოლოში შემოაბიჯებს – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს N1 პირი.
არც ექიმი, არც პაციენტი, უბრალოდ – მინისტრი! უბრალოდ მინისტრი მოდის, ღირსებით მოაქვს კეთილდღეობა.
მოდის ევროპული, იაპონური ან ამერიკული მანქანით – არ შეშინდეთ, წალენჯიხელებო, რეანიმობილით არ მოვა, თავად ავად არაა და წალენჯიხას სჭირდება თუ არა სპეციალურად მოწყობილი სასწრაფო დახმარების ავტომობილი, არ ადარდებს კი არა, ზუსტად იცის სად ცხოვრობს самый здаровый больной в мире!
რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა.
ხუმრობა იქით იყოს – მიშა სარჯველაძე პირველად შემოდგამს ფეხს წალენჯიხაში.
რეანომობილი, რომელსაც წლებია ითხოვს წალენჯიხა, უკვე ვიცით, რომ აუხდენელი ოცნებაა, მაგრამ შესაძლებელია გაზრდილი პენსიების „ბუკეტით“ მოდის?! ეს წალენჯიხელებმა არ ვიცით, მაგრამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სარჯველაძემ იცოდა, ჯერ კიდევ 2024 წლის თებერვალში: „სანქციები რომ დავუწესოთ რუსეთს, ეს გამოიწვევს 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას. პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება არათუ პენსიის გაზრდა, არამედ არსებული პენსიის დაფინანსება შეიძლება გახდეს პრობლემა“.
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით წალენჯიხისკენ!
ოცნებები ხდება – ჯანდაცვის მინისტრი რეანიმობილით არ მოდის, გიხაროდენ, წალენჯიხელებო! და თუ რეანომობილით არა, ხომ შეიძლება, სარჯველაძე, ახალი იდეებით მოდის?! მაგალითად, ე.წ. აგონისტებით მხარდამჭერი თერაპიის კურსებს „საფუძვლის ჩასაყრელად“?
და, რაკი, მინისტრი არ არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, როგორც მისი ბელადი იტყოდა, ჩავაზუსტებთ: თანამედროვე მედიცინა ოპიოიდებზე დამოკიდებულებას, ოპიოიდურ ნარკომანიას განიხილავს, როგორც ქრონიკულ დაავადებას, რომელიც რემისიებითა (ნათელი პერიოდები) და რეციდივებით (გამწვავებები) მიმდინარეობს.
არსებობს ამ დაავადების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, ერთ-ერთი ე.წ. მეტადონის პროგრამა ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში.საქართველოშიც „ცნობილი სახეა“. გაუჭირდა ამ პროგრამას ზღვის დონიდან 222 მეტრ სიმაღლეზე „ამოსვლა“.
ღირსებით ბევრ კეთილდღეობას გაუჭირდა წალენჯიხამდე მოღწევა, ამიტომ „იმან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მეზობლად, არაოკუპირებული ტერიტორიაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გამოუშვა და წერეთლის დანაბარები კი არა, მარკესი „გამოატანა“ საგზლად – „დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ამის დროა“.