გიგლა ბარამიძე: „ქართულ ოცნებას“ გახარიაზე მეტად სააკაშვილის არსებობა სჭირდება“

კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად ხელისუფლებამ მთელი რიგი აკრძალვები დააწესა. საზოგადოება ამ აკრძალვებს თავიდან გაგებით მოეკიდა, მაგრამ ახლა ხალხი ძალიან გაბრაზებულია. გაბრაზებულია იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აკრძალვებიც შერჩევითია. ამავე მიზეზით გაბრაზდა ოპოზიციაც, რომელიც მარტიდან მოყოლებული ხელისუფლების მიმართ სოლიდარული იყო.

როგორ იყენებს საგანგებო მდგომარეობას ხელისუფლება სათავისოდ, რატომ ეფარებიან ექიმებს, რატომ არის ხალხი გაბრაზებული, უნდა ყოფილიყო თუ არა ოპოზიცია სოლიდარული ხელისუფლების მიმართ? – ამის შესახებ „თაიმერს“ „ერთიანი საქართველო  – დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

– აქამდე ხალხიც და ოპოზიციაც ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდებოდა. ბოლო დღეებში კი ერთიც და მეორეც ძალიან არის გაბრაზებული. რატომ შეიცვალა დამოკიდებულება?

– ჩვენი მწვავე დამოკიდებულების მიუხედავად ვთქვით, რომ რაკი ხელისუფლება კორონავირუსს ებრძვის ვიქნებით სოლიდარულები. პირში წყალი ჩავიგუბეთ. ვთავაზობდით გეგმასაც. ჩვენი ახალგაზრდულიც სთავაზობდა დახმარებას. იგივე გააკეთეს სხვა პარტიებმა. არასამთავრობოები სოლიდარულები იყვნენ და მედიაც ნაკლებად აკრიტიკებდა „ოცნებას“.  მაგრამ ამ მდაბიოებმა ეს კარანტინი ლამის წესად მიიღეს და დედის რძესავით შეირგეს. არანაირი განმარტებები არ გაკეთებულა ხალხისთვის, თუ რა უნდათ.

27 აპრილამდე აკრძალულია ავტომანქანით გადაადგილება. ამ აკრძალვის მიუხედავად თავად ძალიან კარგად დაქრიან მანქანებით. ფასები მაღლა იწევს. მესმის რომ კარანტინიც საჭიროა, ამ ვირუსთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ გაუთავებელი აკრძალვები დაუშვებელია. ამ ყველაფერს რომ ვუყურებ შემიძლია ვთქვა, რომ თურმე „ქართული ოცნებისთვის“ გაუსვრია კორონავირუსს. არც კრიტიკაა მათ მიმართ, ოპოზიციაც ხმას არ იღებს და არც გარეთ გამოდის ვინმე. ავტომანქანით გადაადგილებაზე ლაპარაკი ხომ საერთოდ ზედმეტია. მარტო ესენი, ამათი ცოლები, შვილები, სიდედრები, სიმამრები, სტილისტ-პარიკმახერები, დამლაგებლები, დაცვის წევრები, ნათსავები და საყვარლები დაქრიან ძვირადღირებული ჯიპებით ქალაქში.

– ძვირადღირებული ჯიპები ძალიან თვალშისაცემია და სწორედ ეს იწვევს ხალხის გაღიზიანებას.

– გასაღიზიანებელია აბა რა არის. მე თუ მოხუცი ოჯახის წევრი მყავს, რომელიც ვარკეთილში ცხოვრობს და მე გლდანში ვარ, როგორ უნდა ვუპატრონო მას? მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება აკძალეთ, აკრძალეთ, მაგრამ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მაინც იმოძრაოს.

სირცხვილი პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ვერც კი გაბედა გამოსვლა და სამ ექიმს ამოეფარა. რამდენიმე დღის წინ ყველა ელოდა მის გამოსვლას პარლამენტში, მაგრამ არ მივიდა. თავის ნაცვლად იქ ზურაბ ადეიშვილის გამოზრდილი გოგონა გამოიყვანა. კაცმა რომ ჰკითხოს ნაციონალებს ებრძვიან. გახარიას ნაცვალამა მეზვრიშვილმა თავის მხრივ პარლამენტში რაღაც წაიწრუწუნა და გაიპარა. ძალიან გული მტკივა ჩვენს ექიმებზეც. ექიმობა რომ დაავიწყდათ და მთავრობის პრესამსახურად იქცნენ. აპრავებენ ყველა მათ სისულელეს. სირცხვილია.

სადმე თუ არ მიმეჩქარება მანქანით არ ვსარგებლობ, სულ ფეხით დავდივარ. დღეს სპეციალურად დავიარე თბილისის ქუჩები. კარფურის და სხვა ძვირიანი მარკეტები წინ უამრავი მანქანა იყო გაჩერებული.  ამ მანქანების 80% არაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. არ მითხრან რომ 100.000-იანი ჯიპებით დადიან მეპურეები, ექთნები, ელექტრიკოსები ან პატარა მაღაზიების პატრონები. მანქანებში, რომლებიც აკრძალვების დროს დაქრიან „ოცნებასთან“ დაახლოებული ღიპგადმოგდებული ტიპები სხედან. რომლებიც თავხედურად იყურებიან მანქანებიდან. მთავრობის მეთაურმა ამის შესახებ თუ არ იცის, გავუკეთებ ხელმკლავს მოვატარებ თბილისი ქუჩებს და საკუთარი თვალით ვანახებ, თუ რა კატეგორიის ხალხი დაქრის მანქანებით.

რაც აქამდე კარგი გააკეთა ამ ხელისუფლებამ, მანქანების აკრძალვით და თავისიანებისთვის საშვების მიცემით, ყველაფერი წყალში ჩაყარა. დიდი და პატარა მაგათ აგინებს. ეს აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს.

– ავტომანქანების გადაადგილებით აკრძალვის გაგრძელებას აპირებენ, თბილისის მერმა გვითხრა კორონა რომ გადაივლის, კვირაში ორი დღე ავკრძალოთ მანქანებით გადაადგილებაო.

– კი ბატონო ოღონდ, მაგრამ მაშინ “სამაკატკით” იაროს. თბილისის მერმა უკანონო მშენებლობებს მიხედოს. ამ საგანგებო მდგომარეობის გამო არცერთი მშენებლობა არ შეჩერებულა. სამაგიეროდ საშველი არ დაადგა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისთვის ღობის მოხსნას.

ბიუჯეტიდან ერთი მილიონი გამოყვეს, ადგილობრივ საწარმოებს პირბადეების წარმოებაში დავეხმარებითო. როგორი პირბადეები შეკერეს, კარგად ვნახეთ. ამაზე ბევრად უკეთეს პირბადეებს ყიდიან თბილისში ერთი თემის წარმომადგენელები. საინტერესოა, იმათ ხელში როგორ აღმოჩნდა პირბადეები.

საინტერესოა ფასებს რატომ არ აკონტროლებენ. კატასტროფული ფასებია. გამოდის სოფლის მეურნეობის მინისტრი და რაღაცას ბოდიალობს – ბრინჯზე და წიწიბურაზე ვაკონტროლებთ ფასებსო. ვეკითხები „ოცნების“ ჩინოსნებს, რომლებსაც ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ – კარაქს, ხორცს, კვერცხს არ აჭმევთ თქვენი ოჯახის წევრებს? თქვენ  კარგად უნდა გამოძღეთ და დანარჩენი საქართველო  მარტო ბურღულეულზე გინდათ გადაატაროთ?

აგვიხსნან რატომ დაედო ყველა მცირე და საშუალო ბიზნესს ინკასო. დღემდე რატომ გვარიცხინებენ საპენსიო ფონდში თანხას. იურიდიულ პირსაც უქვითავენ და კერძოსაც. არავინ არ ვიცით სად მიდის ეს ფული.

მაქსიმალურად ცდილობენ რომ ხალხი ჩაკეტილი იყოს. მაქსიმალურად ამოეფარნენ კორონავირუსს და გაილაღეს. აქამდე ცხვირჩამოშვებულები დაფარფატებდნენ მას შემდეგ რაც სისულელე აალოკინეს.

-რას გულისხმობთ?

– შარშან მათ ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც 2020 წის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებოდა. ამან მთელი ოპოზიცია გააერთიანა. გაბრაზდა ხალხი და აღშფოთდა საერთაშორისო თანამეგობრობა. „ოცნების“ წევრები გარეთ ვერ გამოდიოდნენ. ახლა ხალხი გამოკეტეს სახლებში და ძალიან კარგად არიან.

რა უნდა ველაპარაკო იმ მთავრობას, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრად ის ქალი ყავს. ქალი გამოვიდა ტელევიზიით და ამბობს, გამოკვლევები უნდა ჩავატაროთ რა გავლენა აქვს ზიარების კოვზს ჯანმრთელობაზეო. ყველა ბრიფინგზე ძვირადღირებული პიჯაკით გამოდის. თმები სულ დავარცხნილი აქვს. იქნება აუხსნას ხალხს სად ივარცხნის თმებს.

– მეც ეგ კითხვა მიჩნდება სულ. მარტო კი არ ივარცხნის, მელირებასაც ხშირად იკეთებს. ამ დროს სალონები დაკეტილია.

– სალონში რატომ წავა, სახლში მიუვლენ პარიკმახერები. რითი მიდიან ისინი მასთან. რითი და სპეციალური საშვები აქვთ.  ასე არიან სხვა ჩინოსნებიც. აი, ეს არის „ქართული ოცნება“. მათ დაამტკიცეს, რომ ბედნიერები იქნებიან, საერთოდ რომ არ ვიყოთ. ჯერ იყო და უცხოეთში გვერეკებოდნენ სამუშაოდ, მაგრამ  ეს გეგმა კორონას გამო ჩაეშალათ და ახლა სახლში ჩაგვკეტეს, ვითომ ჩვენზე ზრუნავენ. ჩვენზე რომ ზრუნავდნენ, მოსახლეობას მართლა დაეხმარებოდნენ და ზღაპრებს არ მოჰყვებოდნენ.

– ზემოთ ექიმები ახსენეთ და ხალხს მათ მიმართაც გაუჩნდა პროტესტი. მეორე თვეა გაიძახიან მომდევნო 2-3 კვირააო.

– მინდა მივმართო მათაც და ვთხოვო, რომ მეტყველება დახვეწონ. თუ ექიმები არიან ექიმები იყვნენ და რომელიმე პარტიის აგიტატორად ნუ გადაიქცევიან და თუ გადაიქცევიან, კუბოები იმათ უთვალონ, ხალხს ნუ ემუქრებიან.  რაღაც ისე ხდება რომ ექიმების სამეულზე ცუდის თქმა ცუდ ტონად ითვლება. მხედველობაში ის ექიმები მყავს, რომლებიც განცხადებებს აკეთებენ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ დატვირთვა ამ სამ კაცზე არ არის. კორონასთან დატვირთვა ინფექციონისტებზე, მედდებზე და სანიტრებზე გადადის. იმ სამ ექიმსაც მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და ზომა. ნამდვილად არ მინდოდა მათ, როგორც ექიმებს ისე შევხებოდი, მაგრამ ამ ხალხმა ექიმობას თავი დაანება და მთავრობის გადაწყვეტილებების გახმოვანება დაიწყო. ამიტომ მივეცი თავს უფლება, რომ მათზე საყვედური მეთქვა.

ვიმეორებ, როცა საქართველოში კორონავირუსი გამოჩნდა,  ჩვენ ყველანაირად გვერდზე დავუდექით სახელმწიფოს და ამდენი ხანია ხმა არ ამოგვიღია, ,მაგრამ როცა დავინახეთ რომ ამ აკრძალვებს სათავისოდ იყენებ პროტესტი გაჩნდა.  დაქრიან ღიპგადმოგდებული ტიპები მანქანებით და მოსახლეობას აღიზიანებენ. კარანტინიც რაღაც კითხვებს აჩენს. აშკარაა, რომ მას სათავისოდ იყენებს „ქართული ოცნება“.

-პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით დაგვამშვიდა -“კარანტინა” ანუ “კარანტონი” ყველგან არ მოქმედებსო.

– ამ პროვინიციელ კაროჟნაზე საერთოდ არ მინდა საუბარი. ქალი ჩარჩენლია გასული საუკუნის 20-იან წლებში. წარმოდგენა არა აქვს რას ლაპარაკობს. სისულელეებს არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აკლებენ.  გვითხრეს რომ საგანგებო მდგომარეობას, ვინც პირველად დაარღვევს 3.000 ლარით დაჯარიმდებაო, ხოლო ვინც მეორედ შესცოდავს საგანგებო მდგომარეობისას 6 წლით პატიმრობა ემუქრება. ოჯახის წევრი რომ გამიხდეს ცუდად რა ვქნა? კანონს დავარღვევ კი არა, მთას გადავდგამ. საშვი არ მაქვს, რომ მანქანით ვისარგებლო. 144 ვერ დარეკავ. თქვენ გინახიათ ადამიანი ვინც ამ ცხელ ხაზზე დარეკა? ვერ ნახავდით, ვერავინ ვერ რეკავს. როცა ამასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, განმარტეს ბევრი ხალხი რეკავსო. თქვე დალოცვილებო, როცა გინდათ მთელ საქართველოს უსმენთ აქტიურად. იმ უწყების წარმომადგენლებს ჩააბარეთ ეს ცხელი ხაზი და ისინი მოუსმენენ ხალხს, მოსმენა კარგად ეხერხებათ, მათ შორის აქტიური.

– აქტიური მოსმენა რას ნიშნავს?

– ამას ამ საქმის სპეციალისტები კარგად მიხვდებიან. ცხელ ხაზზე პასუხი ძალიანაც კარგად შეუძლიათ, მაგრამ თავს არ იწუხებენ, იმიტომ გაუტკბათ სახლებში შეკეტილი ხალხი. ხალხი ამას იმახსოვრებს და საკადრის პასუხს გასცემენ არჩევნებზე. რამდენჯერმე წავაწყდი ფაქტს, რომ სააღდგომო კვერცხები დაუშინეს ძვირადღირებულ ჯიპებს, რომლებიც აკრძალვების მიუხედავად თავისუფლად დაქრიან.

ასე არ შეიძლება, აღდგომის წინა დღეებში ექიმებს აძახებინეს ეკლესიაში თუ წახვალთ, კუბოებს ვერ დავითვლითო, სამაგიეროდ იმავე ექიმებს არც კი შეუმჩნევიათ, თუ რა ხდებოდა აღდგომის წინა დღეს დეზერტირების ბაზართან. ხალხი ერთმანეთში იყო არეული და არანაირი დისტანცია არ იყო დაცული. ასეთ ადგილებში კორონა არ ვრცელდება? კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელისუფლებას გაუტკბა თავისუფლად სიარული. აქამდე გარეთ ვერ გამოდიოდნენ, ახლა ხალხი ჩაკეტეს და დაქრიან აქეთ-აქეთ. ამაში მათ ექიმებმა ხელი არ უნდა შეუწყონ.

– მოდით თემა შევცვალოთ და მიხეილ სააკაშვილზე მინდა გკითხოთ, ის უკრაინის ვიცე-პრემიერად არის წარდგენილი. რასაც დიდი წივილ-კივილი მოჰყვა საქართველოს ხელისუფლებაში.

– სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება კარგად იცით და მასზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ „ოცნება“ წივილ-კივილს მოეშვას და ის თქვან ხმამაღლა, სააკაშვილი ძებნილიაო. ამის ხმამაღლა თქმას ვერ ბედავენ და რაღაც სისულელებს პრუტუნებენ.

– რატომ ვერ ბედავენ იმის თქმას, რომ სააკაშვილი ძებნილია?

– ძებნილია თუ არის, იქვე გაჩნდება კითხვა რატომ არ ეძებენ. ძებნილი თუ არის, ასე თავისუფლად როგორ დაშლიგინებს აქეთ-აქეთ. ძებნილი თუ არის, გააგზავნონ ოფიციალური ნოტა უკრაინაში, დაიბარონ საგარეოში უკრაინის ელჩი საქართველოში. ზალკალიანი რომ გეყოლება საგარეო საქმეთა მინისტრი, რას უნდა ელოდო.  არც უნდათ სააკაშვილის დაჭერა.  „ქართულ ოცნებას“ გახარიაზე მეტად სჭირდება სააკაშვილის არსებობა. ოღონდ საქართველოში არა.

– რაში სჭირდებათ?

– არჩევნების წინ საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებენ მიშა მოდისო და ხალხი, ვინც ახლა „ოცნებას“ აგინებს მკვდარს და ცოცხალს, ისევ მათ დაუჭერს მხარს.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიგიორგი ცუცქირიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას დადებითად აფასებს
შემდეგი სტატიაიერუსალიმის საპატრიარქოს ეპისკოპოსები: კანდელიდან ხდება წმ. ცეცხლის ანთება, ცეცხლი ზეციდან არ გადმოდის!