გიგლა ბარამიძე: „პარლამენტში შესვლამდე ოპოზიცია კობახიძესთან აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს“

ოპოზიციის ნაწილის სახეცვლილებაზე, ირაკლი კობახიძესთან ფარულ მოლაპარაკებებსა და ვადამდელი არჩევნების ალბათობაზე „თაიმერს“ ყოფილი პოლიტდევნილი, პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

გ.ბ. – პარლამენტში შესული ოპოზიცია ოპოზიცია არ არის, ეგენი არიან ბიზნესოპოზიცია, „ქართული ოცნება 2“. ყველაფერი იწყება და მთავრდება მათი ინტერესებიდან გამომდინარე. მხარდამჭერები შვიდი თვე ქუჩაში დააყენეს, გაყინეს და შემდეგ სათითაოდ შეცუნცულდნენ პარლამენტში. ამის გამართლება სხვადასხვა მიზეზებით დაიწყეს. პოლიტიკოსი, რომელიც თავის სიტყვას ფასს არ ადებს, ის არაფერს არ წარმოადგენს.

ადამიანის გენეტიკაში არის ღირსების შეგრძნების სპეციალური შკალა. ღირსება რომ გაქვს, ეს გიკონტროლებს ყველაფერს. როდესაც ეს მოგეშლება, მაშინ ბოდიში და აღარ გადარდებს როგორ აღიქვამს საზოგადოება შენს ქცევებს. ოპოზიციის ეს ნაწილი ამ ეტაპზე დადგა. მათ აღარ ადარდებთ ამომრჩევლის განწყობა და საზოგადოებრივი აზრი. მათი ერთადერთი მიზანია როგორმე მოხვდნენ პარლამენტში და იყელყელაონ. ასევე უნდათ რომ დანიელსონის და კიდევ სამი ელჩის თვალთახედვიდან არ გაქრნენ. განცდა, რომ ისინი საზოგადოებას წარმოადგენენ ჩაუკვდათ. იგრძნეს რომ ისინი სხვაგან არიან და საზოგადოება სხვაგან. ეს პრინციპი ჩაერთოთ ტვინში, შევიდნენ პარლამენტში და უტიფრად აქეთ გვამადლიან, თქვენ უნდა შეგისრულოთ რაც დაგპირდითო. არაფერს არ დაგვპირებიან და არავინ არაფერს ითხოვდა მათგან, ერთი რამის გარდა – შეესრულებინათ ის პირობა, რაც დადეს.

“თაიმერი” – ბოიკოტის რეჟიმის შენარჩუნებას გულისხმობთ?

გ.ბ. – დიახ. ეგ პირობა არ შეასრულეს და ვერ დარჩნენ ოპოზიციად. სათითაოდ ყველა ეძებდა გზას პარლამენტში შესასვლელად. მანამდე კულუარულად ცდილობდნენ კობახიძემდე მისულიყვნენ. ექსკლუზიურად გეუბნებით. კობახიძეს უბარებდნენ გვითხარი ფორმები, როგორ შემოვიდეთ პარლამენტში და ვითანამშრომლოთ შენთან. ზოგიერთი ეუბნებოდა, თუ ჩემი პარტია არ შემოვა, პირადად შემოვალ. ყველა ამაზე მუშაობდა, კაციც და ქალიც.

“თაიმერი” – კობახიძის დონეზე დავიდნენ?

გ.ბ. – კობახიძესთან აგზავნიდნენ შუამავლებს. ჯერჯერობით მას აბარია პარტია. კობახიძეს უბარებდნენ მე კი შემოვალ, მაგრამ ჩემ პარტიას არ უნდა და თუ ამ საკითხებს განიხილავთ ჩემთან ერთად, შემოვალ და დამოუკიდებელი დეპუტატი ვიქნები. სხვები ამბობდნენ, ჯერ მე შემოვალ და მერე პარტაც მომყვება. ყველა სათითაოდ ცდილობდა ამ ადამიანთან საერთო ენის გამონახვას. ხვალ არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ ახლა პარტიულ საკითხებზე კობახიძეს აქვს ივანიშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია. მედიაში როგორც იწერება, ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი პირდაპირ ივანიშვილს სწერდა ესემესებს.

“თაიმერი” – ერთი ასეთი დავით ბაქრაძე იყო.

გ.ბ. – სხვებიც იქნებოდნენ. კაცები ხომ დებდნენ პირობას პარლამენტში არ შევალთ, ქალები უარესად იქცეოდნენ. დავით ბაქრაძემ თქვა საერთოდ პოლიტიკიდან წავალ და ახალგაზრდებს ვუთმობ გზასო. როგორც კი დაინახა ევროპელები ჩამოვიდნენ და პარლამენტში შესვლის გზა გამოჩნდა, პირველი მივარდა კათედრასთან და ხელი მოაწერა დოკუმენტს. ასევე მოიქცნენ სხვები. ამიტომ მათ არა აქვთ უფლება ოპოზიციად იწოდებოდნენ. ისინი არიან „ქართული ოცნების“ დანამატი. დღეს მათთან დგომა არის სირცხვილი. იმდენად გაბახებულები არიან პოლიტიკურად რომ მათთან ერთად ყოფნა შეუძლებელია. მხოლოდ პირადი მიზნები აინტერესებთ. „ქართულ ოცნებას“, ” ნაციონალებს” და მასთან გაიგივებულ გაუგებარ პარტიებს საქართველო მძევლად ჰყავთ აყვანლი და ყველა მიმართულებით სისხლს სწოვენ.

საერთოდ არ აინტერესებთ თუ რა მნიშვნელოვანი პროცესები მიდის ჩვენს გარშემო. აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებული შუშის დეკლარაციაც არ შეუმჩნევიათ. ესენი აფიორაში და გადაგდებაში აცხოვრებენ ქართველ ერს.

დაგვღალეს ნატოს ძახილით სანამ დასავლეთმა პირდაპირ არ გვითხრა, რომ ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი ადგილი არ არის და მისთვის ჯერ მზად არ ვართ. აზერბაიჯანს არაფერი უყვირია, ფეხქვეშ არ გაგებია დასავლელებს მაგრამ ახლა ისინი ნატოს ფარის დაცვის ქვეშ არიან. ომის შემთხვევაში მათ ნატოს წევრი ქვეყანა დაეხმარება. იმ ქვეყნის ჯარისკაცს თმა რომ შეეტრუსოს, მთელი ნატოს ჯარი დაეხმარება. აი, ეს არის პოლიტიკა. ამიტომ ვამბობდი, რომ პოლიტიკა უნდა იყოს მრავალვექტორული და არა სექტანტური. სად იწყება „ოცნება“ და სად მთავრდება “ნაცმოძრაობა” ვეღარ ვიგებთ. იმას ვხედავთ, რომ ერთმანეთთან როგორი ინტეგრირებულები არიან, მაგრამ ეს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან კავშირში არ არის.

“თაიმერი” – შემოდგომაზე არის თვითმმართველობის არჩევნები. სადაც უნდა გადაწყდეს რიგგარეშეს ბედი. ოპოზიცია ისე იქცევა, რომ „ოცნებას“ 43%-ზე მეტის აღება არ უნდა გაუჭირდეს.

გ.ბ. – „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება, მაგრამ ა მპოლიტიკური ჭაობიდან გამომდინარე შეიძლება დაიწერონ სასურველი 43%. აქ მთავარი სულ სხვა რამეა. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ოპოზიციის ძალიან დიდ ნაწილს არ უნდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. შესაძლოა ივანიშვილმა უფრო მოინდომოს ვადამდელი არჩევნები, ვიდრე ამათ. ამას შემთხვევით არ გეუბნებით.

“თაიმერი” – თქვენ ასეთ განცხადებებს შემთხვევით არასდროს აკეთებთ. რაში აწყობს ივანიშვილს ვადამდელი?

გ.ბ – ჯერ არაფერი გადაწყვეტილი არაა, მაგრამ რაღაცა შეიძლება მოიფიქროს. არა იმიტომ რომ “ნაცების” შეეშინდა, არამედ რაღაც ახალი კონფიგურაცია მოიფიქროს და ამისთვის დასჭირდეს ვადამდელი არჩევნები. დღეს თუ ვინმეს არ უნდა არჩევნები, ეს პარლამენტში შესრიალებული ოპოზიციაა.

თაიმერი

banner
წინა სტატიაში„ამნესთი ინთერნეიშენალი“ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძემ პრემიერ-მინისტრს „ლელოს“ საქაერთველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, ქვეყნის განვითარების „მარშალის გეგმა“ გადასცა