გიგლა ბარამიძე: ნორმალურ ქვეყანაში ხიდაშელი უკვე დაკითხვაზე იქნებოდა დაბარებული

“დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ თინა ხიდაშელი საკუთარი განცხადებების შემდეგ, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში დაკითხვაზე იქნებოდა დაბარებული.

“სამარცხვინოა, როდესაც ქვეყანაში სტრატეგიულ თანამდებობებზე ინიშნებიან ადამიანები, რომელთა გაცხადებული პოზიცია ე.წ. ევროპულ ფასეულობებთან დაკავშირებით მხოლოდ ფარსი და ფასადია სინამდვილეში კი ისინი არქაული აზროვნების და ორმაგი სტანდარტის ნათელ მაგალითს წარმოადგენენ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ორივე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამის ნათელი დადასტურებაა. ჯერ იყო და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, თანამდებობიდან მოხსნისთანავე გააკეთა განცხადება, რომ მისი გაშვებით ქვეყანამ თურმე ორიენტაცია შეიცვალა, ახლაა და თინა ხიდაშელი, რომელმაც კაბინეტიდან გამოსვლისთანავე განაცხადა, რომ ქვეყანა ნეობოლშევიზმს უბრუნდება.

ამას ისიც დაემატა, რომ თურმე ქალბატონი ხიდაშელი სახლში ხელცარიელი არ წასულა და პირდაპირი ეთერით აცხადებს, რომ მას გააჩნია დოკუმენტაცია, რომელსაც გარკვეულ შემთხვევაში გაასაჯაროვებს. ესეც მისი ევროპული აზროვნება და ფასეულობები.

გამაოგნებელია, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს, ნაცვლად შესაძლო დანაშაულის მხილებისა და შესაბამისი ორგანოებისათვის მტკიცებულებების გადაცემისა, ყოფილმა მინისტრმა სახლში წაიღო დოკუმენტაცია და ახლა მას პოლიტიკური თუ სხვა სახის შანტაჟისათვის იყენებს.

ამ განცხადების შემდეგ, ვინ არის დარწმუნებული იმაში, რომ ქალბატონ თინას, ან სხვა ყოფილი თანამდებობის პირებს სახლში არ აქვთ წაღებული კიდევ უფრო სერიოზული, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი ინფორმაცია ე.წ. “დელტას” წევრების, მათი ბრალეულობის თუ უდანაშაულობის შესახებ ჩვენ არ გაგვაჩნია და საერთოდ არ ვიცით რაზეა საუბარი. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ გამაოგნებელ განცხადებაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის პირდაპირ ეთერში მიიტანს მამხილებელ დოკუმენტებს, რომელიც თურმე არავისთვის სასიამოვნო არ იქნება.

ეს გახლავთ ნათელი დადასტურება “ქართული ოცნობის” სრული უსუსურობის, არაკომპეტენტურობის, გამოუცდელობის და არაადექვატურობის, თორემ გარწმუნებთ, ასეთი განცხადების შემდეგ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში დღეს უკვე დაკითხვაზე იქნებოდა დაბარებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი!

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება
შემდეგი სტატია10 აგვისტოდან ფსიქოტროპული აფთიაქების ინტენსიური მონიტორიგნი დაიწყება