გიგლა ბარამიძე: „კობახიძემ, თალაკვაძემ და კალაძემ ივანიშვილს ტაიმერი ჩაურთეს“

„რომელი გრიშკა რასპუტინები და ჩეზარე ბორჯიები არიან ესენი, რომ ფავორიტების გაჩენა მოინდომეს“

დასავლეთში გადასხმული „ქართული ოცნების“ დესანტი სამშობლოში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა რომ ევროპა-ამერიკიდან კრიტიკის ნიაღვარი კვლავ მოედინება, მმართველი პარტია ამტკიცებს, შეხვედრებმა კარგად ჩაიარაო. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახელიდან გამომდინარე,  ევროპელებს  მითიურ ჰერაკლეში აერიათ და როგორც ნასპიკერალი ამბობს, მას ევროპელებმა სთხოვეს რომ სუსტი ოპოზიცია მხრებით ატაროს. თავის დროზე ხომ ტიტანმა ატლანტმა სთხოვა ჰერაკლეს მის მაგივრად ცა მხრებით დაეჭირა, სანამ ის მას ჰესპერიდების ვაშლებს მოწყვეტდა. ოპოზიციის სისუსტეზე კობახიძის გაკეთებულმა განცხადებამ ხელისუფლების ოპონენტები გააბრაზა. „ერთიანი საქართველო  დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე „ოცნებას“ მოუწოდებს, რომ თუ ასეთი სუსტია ოპოზიცია, მაშინ დათანხმდნენ მათთან პროპორციულ არჩევნებში ჭიდაობას.

რა შედეგები ჩამოიტანეს მეოცნებეებმა დასავლეთიდან, რა წესრიგია დასამყარებელი სამინისტროებში და რა საფრთხეები შეუქმნეს ივანიშვილს? – ამ თემებზე გიგლა ბარამიძე „თაიმერს“ ესაუბრება.

– ევროპამოვლილმა ირაკლი კობახიძემ ამაყად გვამცნო, ევროპელებმა გვთხოვეს, იქნება თქვენი მხრებით ატაროთ სუსტი ოპოზიციაო.  როგორ შეაფასებთ ევროპელების თხოვნას?

– ამაზე დიდი ანეგდოტი რა უნდა იყოს. „ქართული ოცნების“ კულულებიანი საოცრება ხან რას ბჟუტურებს და ხან რას. მილიარდერი პატრონის ჯიბეს მიჯაჭვული წუპაკმაისტერები ხან რას კადრულობენ და ხან რას. სადაც წავიდნენ და რასაც გაეკარნენ, ყველგან სასაცილოდ გაიხადეს საქმე, ან ქვეყანა ჩააგდეს უხერხულ მდგომარეობაში. მათ აბსურდის თეატრის თამაშში უკვე აჯობეს „ოცნების“ მიერ  პრეზიდენტად დანიშნულ ქალბატობს.

ეს ვუნდერკინდი, რომელსაც სთხოვეს ოპოზცია მხრებით ატარეო, ჯერ ამერიკაში გაუშვეს. იქ ამერიკელებმა მისაღებში 45 წუთი ალოდინეს, მერე 90 გრადუსით შემოატრიალეს, ყური აუწიეს და მძიმე წერილების დასტა გამოატანეს საქართველოში. ეს მარტო რომ ვერაფერს გახდებოდა მიხვდნენ და ევროპაში უკვე მძიმე არტილერია გააყოლეს თბილისის მერის სახით. წესით მათ მოლაპარაკებები უნდა გაემართათ. მოლაპარაკება ვერსად ვნახე და ეს გუნდი მგონი ევროპაში ფეხბურთის სათამაშოდ იყო წასული.

_ ლევან კობიაშვილიც იყო ამ დელეგაციაში და მგონი მართლა ფეხბურთის სათამაშოდ წავიდნენ..

_ აშკარად ფეხბურთის სათამაშოდ იყვნენ, მაგრამ ვერ იპოვეს სტადიონი და ევროპარალამენტს მიადგნენ. იქ თავზე გადაახიეს ყველაფერი. იარეს, იარეს, იარეს, მაგრამ არსად არ მოუსმინეს. თბილისში დაბრუნების წინ., მიუნხენიდან ქალთა თეთრეულის მაღაზიის ფონზე სელფაობა დაიწყეს და ლაივიც ჩართეს. ძალიან საცოდავი სანახავები იყვნენ, ზიტა და გიტასავით იდგნენ კალაძე და კობახიძე მიუნხენის აეროპორტში ატუზულები. ძალით გაღიმებული სახით ამბობდნენ როგორი მაგრები არიან და რა სუსტია ქართული ოპოზიცია. ასეთი სუსტია თუა ოპოზიცია თქვე დალოცვილებო, ყველგან როგორ გაჯობეთ, იქნება ეს ამერიკა თუ ევროპა.

ოპოზიცია ისეთი სუსტი თუ არის, რომ მხრებით უნდა ატაროთ, მაშინ რატომ არ მოგვყვებით პროპორციულ არჩევნებში? ოპოზიცია თუ სუსტია რას ეტაკეთ ამ თავისუფალ მედიას და მათი შეზღუდვა მოინდომეთ. რვა წელია ხელისუფლებაში ხართ და რაღა ახლა მოგინდათ ნაციონალების დაჭერა.  მივმართავ კალაძეს, კობახიძეს და თალაკვაძეს, კომოს წმინდა წყალს გაფიცებთ, მართლა გჯერათ რასაც ამბობთ, თუ ღადაობთ?

– რაკიღა კალაძესაც მიმართავთ შეგეძლოთ მოკლედ გეკითხათ, ღადაობთ ტო? ეს ენა უფრო ესმის თბილისის მერს.

-ფაქტიურად ეგ ვთქვი. ვერ ვხვდები რას გვერჩიან რა დავუშავეთ. ჩვენ ოპონენტები ვართ და კიდევ გასაგებია, მაგრამ იმ მილიარდერ პატრონს რაღას ერჩიან. კაცი დაღუპვის პირას დააყენეთ და ამ 5 მილიარდის პატრონს როდის გადაჩეხავთ სანქციების ხევში კაცმა არ იცის. ფეხზე დაგაყენათ, ხალხში გამოგიყვანათ და თქვენ ტაიმერი ჩაურთეთ? რას ერჩით ვერ გამიგია. გარეთ ვერაფერს აგვარებთ, ოპოზიციასთან საერთო ენას ვერ პოულობთ და შიდა წესრიგიო მაინც დაამყარეთ.

– რა შიდა წესრიგი უნდა დაამყარონ?

– სამინისტროებში, დეპარტამენტებში საშინელებები ხდება. რომელი გრიშკა რასპუტინები, ჩეზარე ბორჯიები და ეკატირინე მეორეები ხართ რომ სიმდიდრის მოპოვება აღარ გყოფნით და საკუთარ ფავორიტების გაჩენაზე გადახვედით. იქ მაინც დაამყარეთ წესრიგი. მეტი რაღა ვურჩიო არ ვინც რა წყალს მივცე თავი.

– კომოს ტბას არ გირჩევთ, ეგ „ოცნების“ ლიდერებს აქვთ პრივატიზებული.

– შეიძლება ოდესმე ჩვენც გვეღირსოს იმ წმინდა ტბაზე წასვლა და გვითხრან კალაძე-თალაკვაძემ რა ადგილია მათი, რომ იქაურობას არ გავეკაროთ.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიდავით ფაცაცია უკრაინის ელჩს, იგორ დოლოგოვს შეხვდა
შემდეგი სტატიამრევლი-მეუფე პეტრეს შემდეგ ჭყონდიდის ეპარქია სახელმწიფო უწყება გახდა