გიგლა ბარამიძე: „ივანიშვილს გარემოცვა ღალატობს, მალე დაიწყება მისი ანგარიშების ჩხაკა-ჩხუკი“

გიგლა ბარამიძე: „ივანიშვილს გარემოცვა ღალატობს, მალე დაიწყება მისი ანგარიშების ჩხაკა-ჩხუკი“

„სალომე ზურაბიშვილი და კახა კალაძე „ქართული ოცნებას“ გაემიჯნებიან“

„სააკაშვილისთვის კოსტუმის მკერავები თბილისი მერს ჩამოჰყავდა იტალიიდან“

„გიორგი გახარია ფრთამოტეხილი ბისმარკია“

რატომ შეხვდა ხელისუფლება წივილ-კივილით ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრებას, რა ბედი ელის ბიძინა ივანიშვილს, ვის ჩამოჰყავდა სააკაშვილისთვის მკერავები საზღვარგარეთიდან, რითი შეუძლია გახარიას დამატებითი მილიონების შოვნა? – ამის შესახებ „თაიმერს“ „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

– ნინო ბურჯანაძე ყოველთვის დადიოდა მოსკოვში, მაგრამ მის რუსეთში წასვლას ასეთი წივილ-კივილი არასდროს მოჰყოლია. რატომ შეიცხადა ეს ამბავი ასე მწარედ „ქართულმა ოცნებამ“?

– მთელი „ქართული ოცნება“ დღეს მხოლოდ ამას გაიძახის – ნახეთ, ბურჯანაძე მოსკოვში წავიდა. სანამ უშუალოდ წივილ-კივილს შევეხები მინდა სიტყვაზე „ნახეთ“ რაღაც ვთქვა. ამ სიტყვის გამოყენება ქართულ პოლიტიკაში გიორგი გახარიამ დაამკვიდრა. მინდა მივმართო პრემიერს და ვურჩიო, რომ დააპატენტოს ეს სიტყვა, გახსნას „ქართუ ბანკში“ ანგარიში და ვინც ამას გამოიყენებს წესის მიხედვით თანხა გადაიხადოს. გახარია უქონელი კაცი არ არის, მაგრამ დამატებით კიდევ ბევრ მილიონს იშოვის. იმედია არც მე დამივიწყებს და „ლივერპულის“ სიმბოლურ აქციებს მაჩუქებს ამ რჩევისთვის. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ახლა რაც შეეხება ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს, არ მესმის რას წიოკობენ და ხუნტრუცობენ „ქართული ოცნების“ წევრები, პირველად წავიდა ეს ადამიანი მოსკოვში, თუ რა ხდება. ბოლო 9 თვეში ქალბატონი ნინო რამდენჯერმე ესტუმრა რუსეთს.  მან რუსეთში ყოფნისას განაცხადა, რომ ჩვენთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა უმთავრესი და რუსული ტანკები არ უნდა იდგეს ჩვენს ქვეყანაში. ადამიანმა მოსკოვში რუსებს პირში  უთხრა, ოკუპანტები ხართო და მეტი რა გააკეთოს.

ხელისუფლება ორი მიზეზით გადაირია. ერთი მიზეზია შური. ჩვენთან, ბოროტ და კასტრირებულ „ქართულ ოცნებას“ აყვირებს შური. მათ შურთ რომ უნიათოები არიან და ვერავისთან მიდიან მოსალაპარაკებლად. ნინო ბურჯანაძე მათგან განსხვავებით მოლაპარაკებებს მოსკოვშიც მართავს, ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც. წივილ-კივილის მეორე მიზეზი ის ოპოზიციური ერთობაა, რომელიც ახლა გვაქვს სახეზე. ერთი საკითხის გაერთიანებული ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ძალიან აშინებს. ყველა მეთოდს იყენებენ მის დასაშლელად. უნდათ რომ ბურჯანაძის მოსკოვში ჩასვლაც ამ ერთობის დასარღვევად გამოიყენონ და ამიტომ წიოკობენ.

ერთუჯრედიან „ოცნების“ ლიდერებს მინდა მივმართო, ჯერ იმას მიხედონ პარტია შაგრენის ტყავივით რომ უმცირდებათ და მერე შეიგნონ, რომ ჩვენ არანაირი პრო თავსართი არ გვჭირდება. ჩვენ ვართ მრავალვექტორული პოლიტიკის მომხრე. წავალთ იქ, სადაც საქართველოს დასჭირდება. ახლა რუსეთში წასვლა იყო საჭირო და იქ წავიდა ჩვენი ლიდერი. ხვალ ვაშინგტონში წავალთ, ზეგ ბრიუსელში.

– თქვენი ლიდერი ვაშინგტონსა და ბრიუსელშიც დადის, მაგრამ მაინც მარტო მოსკოვი ჩანს და ამიტომაც აღიქმებით პრორუსულ ძალად. „ქართული ოცნება“ ახლა განსაკუთრებულად უსვამს ხაზს, რომ პრორუსულები ხართ. ადრე ამაზე ხმას საერთოდ არ იღებდნენ.

-ვის პრორუსულობაზე ლაპარაკობს „ქართული ოცნება“, შევახსენო მათ მიერ თბილისში ზარ-ზეიმით ჩამოყვანილი გავრილოვის ამბავი? გავახსენო მათ პრემიერს რუსული პასპორტი რომ ედო ჯიბეში და სააკაშვილმა აღირსა საქართველოს მოქალაქეობა. თუ ის გავახსენო სად იშოვა გახარიამ მილიონები. თქვენს ლიდერს მოსკოვში რომ აქვს მილიარდები ნაშოვნი, ვისზე ლაპარაკობთ, თქვე გაჭირვებულებო.

-და მაინც რატომ წავიდა ნინო ბურჯანაძე ახლა მოსკოვში?

– ის თბილისში კვირის ბოლოს დაბრუნდება და თავად გააცნობს საზოგადოებას ამ ვიზიტის შედეგებს. მე იმის თქმა შემიძლია, რომ ის ყველ;ა შეხვედრაზე ცხინვალში ტყვეობაში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს აყენებს. წესით ამ საკითხს ხელისუფლება უნდა აყენებდეს, მაგრამ „ოცნებას“ ამისთვის არ სცალია. იმის ნაცვლად რომ გატაცებული მოქალაქეების დაბრუნებაზე იმუშაონ, იმ ადამიანებს აკრიტიკებენ ვინც მათ გასაკეთებელს აკეთებს. ვის პრორუსულობაზე ლაპარაკობს კახა კალაძე? გავახსენოთ „გაზპრომთან“ გაფორმებული კაბალური ხელშეკრულება? რომელსაც მან ენერგეტიკის მინისტრობის დროს მოაწერა ხელი. ეს დოკუმენტი იმდენად დამაზიანებელია საქართველოსთვის, რომ მას დღემდე გრიფით საიდუმლო ადევს. ანდა იქნება ის გავახსენოთ კალაძეს და „ოცნებას“, რომ რუსული ენერგო გიგანტის „გაზპრომის“ აქციონერი მათი პატრონია. ბიძინა ივანიშვილზე მაქვს საუბარი. ნინო ბურჯანაძე ტყვეობაში მყოფ ადამიანზე არის სასაუბროდ წასული რუსეთში, აბა კალაძესავით კოსტუმის მკერავებს ხომ არ ჩამოიყვანდა.

-რა მკერავებზე საუბრობთ?

– სულ ახლო წარსულში თბილისის მოქმედი მერი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი იყო და მას სააკაშვილისთვის იტალიიდან სპეციალურად ჩამოჰყავდა კოსტუმის მკერავები.

_ ამას სერიოზულად ამბობთ?

_ სრული სერიოზულობით გეუბნებით. „ოცნება“ სააკაშვილს პიჯაკების საქმეზე ედავება ეს სასამართლო დავა წლებია გრძელდება. გამორიცხული არაა, რომ მიშას კალაძის მკერავის შეკერილი კოსტუმების გამო ედავებოდნენ. კარგი იქნება თუ თბილისის მერი ცოტა სერიოზულად მოიქცევა. მშიერ ქვეყანაში მილიონს იხდის ნაძვის ხეში. ნიუ იორკში არ აძლევენ თავს ამის უფლებას. თბილისი როდიდან არის ნიუ იორკზე მდიდარი. ან იმ ტაქსებს რომ მიახტა და ღებვა დაიწყო, რა ტაქსი აგიტყდა, შე უბედურო როდესაც ქალაქია ჩამოფხრანწული. 15 სექტემბრისთვის უნდა დაესრულებინა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია და იქაურობა დღემდე გადათხრილია. კაცმა არ იცის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კიდევ რამდენჯერ მოუწევთ გადათხრა.

-რატომ მოუწევთ გადათხრა?

-ვინმემ იცის რა ხარისხის მილები ჩაყარეს? რამდენგან გასკდა ახლად ჩაყრილი წყლის მილები. არც ჭავჭავაძის გამზირია ამისგან დაზღვეული. ბურჯანაძის და ოპოზიციის გაქილიკებას თავი დაანებოს და თბილისს მიხედოს. ქალაქის ცენტრში, ვერაზე ჭაობი და ჯუნგლები რომ შექმნეს, ამაზე აიღოს პასუხისმგებლობა. ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე საშინელება ხდება. იქაურობა ჭაობადაა ქცეული და ბაყაყების ყიყინი ისმის.  იქვეა დაყრილი ნახმარი საბურავები და საშინელია სუნია. ისეთი საშინელი ვითარებაა, რომ თბილისის წყალდიდობისას ზოოპარკიდან გაქცეულ ვეფხვს ლაგუნა ვერეს ტერიტორია ჯუნგლები ეგონა და იქ დაიმალა. ამ ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა და მოკლა. კალაძე მაშინ თბილისის მერი არ ყოფილა, მაგრამ ახლა ხომ არის. არც ახლა გაუმჯობესებულა იქ ვითარება. პირიქით, უარესობისკენ მიდის. ბაყაყების საყიყინოდ არის ქცეული თბილისის ცენტრი. ამისთვის ვერ მიუხედია და ოპოზიციაზე ქილოკობს. ან ვის აკრიტიკებს ნაციონალებთან ერთად დგომის გამო. გავახსენო, ბობოლა ნაცების გიდი რომ იყო? არ მინდოდა ამ ადამიანზე ბევრი მესაუბრა, მაგრამ მაიძულა.

-ბობოლა ნაცებს გიდობას უწევდაო და ეს სად ხდებოდა?

– სად და მილანში. იმის მაგივრად რომ საწვრთნელ ბაზაზე ევარჯიშა, მილანში ჩასულ ბობოლა ნაცებს ხვდებოდა აეროპორტში და სთავაზობდა, მე გატარებთო. სააკაშვილის და სხვა ბობოლა ნაცების ჩვეულებივი გიდი იყო. ავალაპარაკო ახლა ისინი? როდესაც არა გაქვს ლაპარაკის უფლება, უნდა დადუმდე და შენი საქმე აკეთო. მაგისგან განსხვავებით სენატორებს ხვდება ბურჯანაძე, რვა სულ ქურდთან კი არ ათანხმებს რაღაცებს. ან იმ კობზონა არჩილ თალაკვაძეს რა ალაპარაკებს. კომოს ტბაზე რომ გაიპარა „ქართული ოცნების“ მერვე საოცრება. იმას აღარ მოვყვები ეს ამბავი რომ გასკდა,. როგორ გამოიქცა იტალიიდან და მთელი საქართველოს გასაგონად თქვა, თბილისიდან არ გავსულვარო. მერე კი მაინც მოუწია აღიარებამ. აი, ეს ხალხი ვიღაცას რომ აკრიტიკებს და აქილიკებს აუტანელია. ასეთი ხალხი ჰყავს ივანიშვილს შემორჩენილი და ან მაგას როგორ ამოეღება ხმა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ მაქვს ერთ-ერთ გაზეთთან საუბარში ნათქვამი, რომ მას ღალატობენ და ეს ღალატი ახლაც გრძელდება. ვისაც ოდნავ რაღაც გაეგებოდა, „ქართული ოცნება“ ყველამ დატოვა. რამდენიმე კაცი დარჩა მასთან და ისინიც ღალატობენ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, მეფე ლირივით მარტო დატოვებენ მას. მან ქართველი ხალხის გადაგდებით ისეთი საკრალური შეცდომა დაუშვა, რომ ბუფერები აღარ დარჩა. აქამდე კიდევ ყავდა ბუფერები – გახარიები, ღარიბაშვილები და ის ზორბა ბიჭი, რკინიგზიდან რომ წამოიყვანა.

– მამუკა ბახტაძეზე ამბობთ?

-ბახტაძეზე ვამბობ, გვარი დამავიწყდა უცებ, მაგრამ სულ მახსოვს ამ ზორბა ბიჭმა წლების წინ დედამისს როგორ უჩივლა.  ახლა ბუფერები აღარ ჰყავს და ყველა დარტყმა ივანიშვოლზე მიდის. რატომ ჩაიგდო ასეთ დღეში თავი არ ვიცი. მივმართავ „ოცნების“ ლიდერს, აქციაზე მდგომი ადამიანების თავების დათვლას თავი დაანებე და იმაზე იდარდე, რომ ხალხმა შენი ნდობა დაკარგა. მას აღარც დასავლეთში ენდობიამ და მისი ანგარიშების ჩხაკა-ჩხუკი რომ დაიწყება, აი ეგ იქნება მაგის ნამდვილი უბედურება. იმის იმედი ტყუილად აქვს, რომ ასეთ შემთხვევაში კახა კალაძე დაუდგება გვერდით.

– რატომ არ დაუდგება?

– იმიტომ რომ კალაძეს უკვე დაწყებული აქვს თავისი თამაში და ერთი სული აქვს, როდის მოშორდება „ქართულ ოცნებას“. „ოცნებასთან“ განშორებას ცდილობს სალომე ზურაბიშვილიც.

-ზურაბიშვილი ახსენეთ და ასეთ დაძაბულ ვითარებაში პრეზიდენტის დუმილი ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ?

– სად სცალია კომენტარებისთვის ქალი ღამის 11 საათზე ამოზელილი ლობიოს საჭმელად დარბის. წარმოიდგინეთ ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც ლობიოს საჭმელად წავა დაწესებულებაში, საიდანაც ერთ კილომეტრში საპროტესტოდ გამოსულ ბავშვებს არბევენ და გაყინულ წყალს ასხამენ. სალომე ზურაბიშვილია დღეს „ქართული ოცნების“ სახე. მისმა პარიზელობამ არ მოგატყუოთ. პარიზელი გოიმი არ გინახით? სალომე ზურაბიშვილის ტერმინოლოგია მის გოიმობაზე მიუთითებს. ბალზაკის ასაკს დიდი ხანია გადასცდა და რაღაცას ფაფხურობს, მაგრამ ევროპელებს არც ამ ასაკში მოსწონთ ეს ანტიკვარიატი. ანტიკვარიატზე მდაბიოები გიჟდებიან. ევროპული ცივილიზაცია თუ შენში არ ზის,  გინდა პარიზში დაიბადე და გინდა რომში, რა მნიშვნელობა აქვს. აშკარაა, რომ ამ ქალს ევროპული ცივილიზაციის ნატამალი არ სცხია. დისკრედიტაციას უკეთებს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ერთადერთი რაც გააკეთა ისაა, რომ მკვლელები და ბარიგები გამოუშვა ციხიდან. საშინელ გარემოცვაშია დღეს ივანიშვილი. ერთადერთი ვისაც ხელი დაედება მის გარემოცვაში ეს გიორგი გახარიაა. სხვებთან შედარებით ის ბისმარკია, ოღონდ ფრთამოტეხილი ბისმარკია.

– მშვენიერი სახელია ფრთამოტეხილი ბისმარკი.

-რაც არის ის ვუწოდე. ასეთი კაცი სჭირდებოდა პრემიერად მილიარდერს და ჰყავს კიდეც. ფერი – ფერსა, მადლი – ღმერთსაო. იყვანენ და რასაც მოიმკიან ნახავენ.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ ხუნძაკიშვილი – ბიზნესომბუდსმენთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობა მომავალშიც ასე გაგრძელდება
შემდეგი სტატიააშშ-მა შვიდი რუსული კომპანიისა და 17 ფიზიკური პირის მიმართ სანქციები გააფართოვა