გიგლა ბარამიძე: დიდი ალბათობით ყაზახეთში მივიღებთ ახალ რუსულ სამხედრო ბაზას

პოლიტიკური დევნილობის დროს საქართველოს ყოფილ ელჩს სომხეთში გიგლა ბარამიძეს ყაზახეთშიც მოუწია ცხოვრება. ის კარგად იცნობს ყაზახების ბუნებას.  მისი თქმით,  ეს ხალხი მშვიდი ბუნებისაა, მაგრამ თუ წყობილებიდან გამოვიდნენ, მათი დაწყნარება ძალიან ძნელია.  ბარამიძე იმედოვნებს, რომ საქართველოში არასდროს მოხდება ისეთი არეულობა, რაც დღეს ყაზახეთში ხდება.

“თაიმერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბარამიძე საუბრობს იმაზე თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ მოვლენების უკან და რა აჩვენა ოდკბ-მ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს.

– გიგლა ბარამიძე:

– ვიდრე ყაზახეთზე დავიწყებდეთ საუბარს მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო შობა, შეცდომები უკან დავტოვოთ და წინ წავიდეთ. დაე, 2022 წელს დაიწყოს ქვეყანაზე ზრუნვა.

რაც შეეხება ყაზახეთს, ჩემი აზრით ეს სახელდახელო პროტესტი არ ყოფილა. ეტყობა ამ ჯგუფების მომზადება მიმდინარეობდა, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებებიც ჩანს. შეუძლებელია ასე უცბად პატარ-პატარა ჯგუფები შეიარაღებულიყვნენ.

პოლიტიკური დევნილობის დროს ამ ქვეყანაშიც მომიწია რაღაც დროით ცხოვრებამ. კარგად შევისწავლე ყაზახების ხასიათი. მშვიდები არიან, მაგრამ თუ აგრესია დაეწყოთ ძალიან ძნელია მათი შეჩერება.

შემთხვევით არაფერი არ ხდება და არც ეს არეულობა დაწყებულა შემთხვევით.  წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია რუსეთსა და ამერიკას შორის. მთელი მსოფლიო ამ მოლაპარაკებების მოლოდინშია და უცბად იწყება ასეთი არეულობა.

-ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების გამო შეიძლება რუსეთის და დასავლეთის მოლაპარაკებები შეფერხდეს?

-საბოლოო ჯამში ეს მოლაპარაკებებს ხელს ვერ შეუშლის. ყაზახეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამე. ოდკბ-ს არსებობის მანძილზე პირველად ხდება, რომ მოკავშირეთა ჯარები მოკავშირე ქვეყნის თხოვნით შედიან მის  ტერიტორიაზე დასახმარებლად. ეს იმაზე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ხალხს წარმოუდგენია.

– რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი?

– ოდკბ-ს ძალები დიდი ალბათობით დაალაგებენ სიტუაციას. შეტაკებები იქნება. მაგრამ ამბოხებულები დიდი ხანი წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ამით გაკეთდება განაცხადი, რომ ოდკბ-ს სახით  პოსტსაბჭოთა ქვეყნებს პატრონ ჰყავთ. როგორც კი გაუჭირდებათ შეუძლიათ ოდკბ-ს ძალები გამოიყენონ.  ეს იქნება მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა დაეხმარო მოკავშირე ქვეყანას.ზოგიერთები რომ მარტო წუხდებიან და შფოთავენ ხოლმე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც.

ასეთი ძალები სადმე რომ შეიყვანო, ამას მომზადება სჭირდება. ამათ უცბად შეიყვანეს. ამითაც უთხრეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომ დახმარებას დაუყოვნებლივ გაუწევენ. ამით მსოფლიოსაც აჩვენეს რომ ოდკბ სიცოცხლისუნარიანი გაერთიანებაა.

-ოდკბ-ს ძალები ყაზახეთში ქვეყნის პრეზიდენტ ტოკაევის თხოვნით შევიდნენ. მაგრამ ეს მაინც უარყოფითად იქნა შეფასებული. ბევრმა ეს აღიქვა რუსული ჯარის შესვლად.

-ოდკბ-ს ძალებში მარტო რუსები და ბელორუსები არ არიან. იქ არიან სომხები, უზბეკები, ყირგიზები.

– ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ოდკბ-ს ძალები ყაზახეთიდან აღარ გამოვლენ.

– ისინი იქ ვერ დარჩებიან. წესდების თანახმად, დააწყნარებენ თუ არა სიტუაციას იქაურობა უნდა დატოვონ. ისინი კი გამოვლენ, მაგრამ დიდი ალბათობით ყაზახეთში მივიღებთ ახალ რუსულ სამხედრო ბაზას. ასე მოიქცა რუსეთი სირიაში, ყარაბაღსა და საქართველოში.

ყაზახეთზე საუბრისას არ დაგვავიწყდეს ჩინეთი. მას უდიდესი ინტერესები აქვს, როგორც ავღანეთში, ასევე ყაზახეთში. დასავლურ ძალებს იქ არავინ არ გააჭაჭანებს. ჩინეთი და რუსეთი ამას არ დაუშვებენ.

ყაზახეთი არის მრავალეროვანი სახელმწიფო. მოსახლეობის 62% შეადგენენ ყაზახები, დანარჩენები არიან რუსები, უზბეკები, უიგურები, თათრები, ცოტა უკრაინელები და ცოტა გერმანელები.  ახლო წარსულში ყაზახეთს მეზობელ-მონათესავე ქვეყნებთან ტერიტორიული პრობლემები ჰქონდა. იქ სიტუაციის არევა არაფრით არ შეიძლება.

მახსენდება 2019 წლის სამიტი. სადაც ყაზახეთის პრეზიდენტი ტოკაევი გამოვიდა და დაიწყო საუბარი, რომ ეკონომიკური ურთიერთობები არის მთავარი. ამბობდა ყაზახეთისთვის ატომი სულ არაა აუცილებელი, როდესაც შიძლება სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები ეკონომიკუტრ ნიადაგზე ააწყოო. მისი თქმით, ყაზახეთი ამ გზით აპირებდა სიარულს. სიტყვა მას რუსეთის პრეზიდენტმა შეაწყვეტინა და უთხრა, სადამ ჰუსეინიც ასე ამბობდაო. აირია ყაზახეთში ვითარება და პუტინმა ტოკაევს დახმარება ახვეწნინა.

– შეიძლება ეს დახმარება ყაზახებს ძვირი დაუჯდეს. რუსებმა იქ თუ ბაზები გახსნეს, საეჭვოა დატოვონ ყაზახეთი.

– ასეთი სტერეოტიპი არსებობს, რომ რუსები არ გადიან იქედან, სადაც შევიდნენ და არ თმობენ ტერიტორიებს. ელცინის დროს უზარმაზარი ტრამალები გადასცეს ყაზახეთს. ბაზები კი საქართველოდან გაიყვანეს. ეს მოხდა 2001 წელს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოსკოვი ახალქალაქიდან თავის ბაზას გაიყვანდა.

– რუსეთმა ახალქალაქის ბაზა რომ გაიყვანა, ამაში თქვენც გაქვთ დიდი წვლილი შეტანილი.

– რაც შეგვეძლო ვმუშაობდით. მანამდე 1998 წელს რუსებმა მესაზღვრეები გაიყვანეს ახალციხიდან და რამდენიმე საუკუნის შემდეგ პირველად ჩადგნენ ქართველი მესაზღვრეები თურქეთ-საქართველოს საზღვრის იმ მონაკვეთზე.

ძალიან არ მომწონს ის “ახუნტრუცება”, რაც ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს მოჰყვა საქართველოში. ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავთ და ყაზახებს “შეხავიან”, ასე როგორ შეიძლება. მე არ მინდა რომ ავტომატიანი ადამიანები დარბოდნენ ქუჩაში და ყველაფერს წვავდნენ. უამრავი მომიტინგეა მოკლული. სხვანაირად ვაკეთოთ საქმე, არეულობა არაფერში გვჭირდება. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე და არა ის, რაც გაგვისწორდება.

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშიUNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა – მას ლექსო ლაშქარავაც დაემატა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი : “UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო”