გიგლა ბარამიძე: „არანაირი მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ე.წ. ექსპერტები და ე,წ. ცნობადი სახეები ხალხს ნუ ზაფრავთ“

ამერიკელების მიერ ირანელი გენერლის ყასიმ სულეიმანის მკვლელობამ ლამის მთელი საქართველოს სამხედრო ექსპერტებად აქცია. სანამ ვაშინგტონი და თეირანი ჯერ კიდევ დუმდნენ, თბილისმა მესამე ომის დაწყებაზე დაიწყო გოდება. მავანი კი ხელისუფლებას ლტოლვილთა ნაკადის მისაღებად მომზადებისკენ მოუწოდებდა. არადა საქართველოს თავისი 400.000-ზე მეტი დევნილი ჰყავს მისახედი. ჩვენი პოლიტიკური ელიტისთვის ირანსა და ამერიკაზე ყურადღების გადატანა, მართლაც რომ შვებაა. ფიქრობენ, რომ ამით მაინც გადაფარავენ გაქუცულ ნაძვის ხეს და ბიუჯეტის ფლანგვას.

რატომ დარბის თბილისის მერი მილანში, რატომ არ სწყალობს „ქართული ოცნება“ ქართველ მეწარმეებს, იქნება თუ არა მესამე მსოფლიო ომი და რატომ არ ღირს ყველა სამხედრო ექსპერტად გადაიქცეს? – ამ თემებზე „თაიმერს“ აღმოსავლეთმცოდნე, „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

–  როგორც აღმოსავლეთმცოდნესთან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით უნდა დაგვეწყო საუბარი, მაგრამ ის რაც დღეს საქართველოში ხდება უფრო ახლოსაა და ჯერ სამშობლოდან დავიწყოთ. „ოცნებამ“ მოახერხა და საახალხლო ზეიმიც კი პოლიტიკურ სკანდალად აქცია.

გაუპატიურებულ კაროჟნასავით გაქუცული ნაძვის ხე რომ დაუდგა კალაძემ თბილისელებს, ვინმეს ჰკითხა რომ ამაში უნდა დავხარჯო მილიონები და თანხმა ხართო? გასულ წელსაც მილიონები დახარჯა ნაძვის ხის და საახალწლო განათებების შესაძენად. როდესაც ამაზე პრეტენზიები გამოითქვა, განაცხადა ამდენ ფულს იმიტომ ვიხდით, რომ რამდენიმე წელი გაძლოსო. სად არის ეს განათებები, რატომ არ გაძლო რამდენიმე წელი. ვთქვათ არ გაძლო და გაფუჭდა, მაგრამ რა აუცილებელია თბილისის მერი ამალით მაინცდამაინც მილანში წავიდეს ერთი კინკილა ნაძვის ხის ჩამოსატანად.

მილიონიანი ნაძვის ხე არ იკმარა და ახლა გაუგებარი სკამების დამონტაჟებას აპირებს, რომლის ფასიც 13.000-ია. კალაძის ეს გამოხტომაც მიუთითებს იმას, რომ „ქართული ოცნების“ სიტყვა და საქმე ერთმანეთს სცილდება. გადაგვჭამეს თავი იმდენი ილაპარაკეს პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“. ამ პროგრამის მიზანი ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაა. ჰოდა თუ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა უნდათ, რა გახდა ქართველი მეწარმეებისთვის მიეცათ თანხა, რა სხვაზე ნაკლებ სკამებს დაამზადებდნენ საქართველოში? ძალიან კარგად იციან, რომ ქართველებს უკეთესი სკამების გაკეთება შეუძლიათ, თან უფრო იაფად, მაგრამ ბიუჯეტის ფულს ვეღარ მოიპარავდნენ. სად არის ლოგიკა, აქედან გარბის თბილისის მერი და მილანელ მეგობრებს უმართავს ხელს და იმათ ბიუჯეტში რიცხავს თანხებს. არ ჯობდა ეს ადგილზე გაკეთებულიყო. ამიტომ არის რომ ამ ადამიანის, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა წევრების მიმართ დიდი უნდობლობაა.

– შეიძლება საქართველოში უკეთეს სკამებს ამზადებენ, მაგრამ კალაძე როგორც ამბობს ხოლმე, მილანში უფრო ტრენდული სკამები იქნება.

– რა ტრენდული? მაგისთვის მთავრობის სხდომებზე და პანაშვიდებზე წითელი შარვლით და შიშველი ფეხებით სიარულიც ტრენდულია. რაც ყოვლად მიუღებელია. ვინ ასწავლა ეგ. პოდიუმზე სიარულისას გამიგია ტრენდული სამოსი,. მაგრამ ამის ტრენდული ყველაფერი მოძველებულია. ისე იქცევა, ამაზეა ნათქვამი უნახავმა რა ნახაო. მაგას რა ჰგონია პარიზი არ ვიცით, მილანი თუ ჩვენი ქართული ტრადიციები. ბორჯომის, ხარაგაულის და სვანეთის ტყეებში უზარმაზარი ნაძვის ხეები იზრდება. არ შეიძლებოდა ერთი ხე მოეჭრათ და ის დაედგათ თბილისში. ზღაპრები არ დაიწყონ, რომ ეკოლოგიას იცავენ და ერთ ნაძვსაც კი არ ჭრიან.  მათმა ლიდერმა თავისი დენდროპარკის გამო მთელი ტყეები ამოძირკვა და გადათხარა.

მილანზე ბევრი კითხვები რომ გაჩნდა, თბილისის მერი დაგვპირდა რომ ახლა ნაძვის ხისთვის ნორვეგიაში წავალო. რა საჭიროა აქეთ-იქით წოწიალი, საქართველოშიც მშვენივრად შეუძლიათ ლამაზი ნაძვის ხეების გაკეთება. ნიუ იორკში და კანადაში ეკოლოგიის კულტია, მაგრამ იქ ცოცხალ ნაძვის ხეებს დგამენ და ამათ რა ჭირთ. მოჭრან ერთი ნაძვი და მის ადგილზე ათი დარგონ. ასეთ შემთხვევაში მილიონებს ვეღარ მოტეხავენ. სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს ყველაფერი გასდით.

„ქართული ოცნება“ არაფერში სანდო არაა, გვეუბნებიან აწარმოე საქართველოშიო და გარბიან მილანში. იქ კალაძეს ეტყობა გაჭირვებული ცეხავიკი ძმაკაცი ჰყავს და იმას აგებინებს ფულს.

– ბოროტი ხმები ამბობენ, რომ მილანში მისი ფირმებია და იქედან ყიდულობს ნაძვის ხეებს.

– არც ეს არის გამორიცხული. ხომ გახსოვთ ეს და “კომოსწყალდალეული კობზონა” პარლამენტის თავმჯდომარე გასართობად რომ  გავარდნენ იტალიაში. ეს ამბავი მალევე გასკდა და კალაძემ თავი იმით გაიმართლა, რომ თითქოს ნაძვის ხის შესარჩევად იყო წასული. ვთქვათ და დავიჯერეთ რომ ამისთვის იყო წასული, მაგრამ ასეთი გაქუცული ალვის ხის მაგარი ნაძვი რამ შეარჩევინა? ამათი ყოველი ნაბიჯი არის ტყუილი.

ამიტომაც არ შეერგო არც მერს და არც „ოცნებას“ ეს ზეიმი. პარლამენტის წინ საახალწლო ღონისძიება ვერ დაგეგმეს. დღესასწაულის ნაცვლად პაროდია იყო, რაც იქ ხდებოდა. უკიდურესად გაჭირვებულმა გარემოვაჭრეებმაც კი არ იკადრეს შვილმოკლული მამის ადგილზე დამდგარიყვნენ და ბუშტები გაეყიდათ. ასეთი სახედაკარგულები არიან ხელისუფლებაში.  კალაძის მეუღლეს ერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ ქმარს ნაძვის ხე დოლარებით მოურთო. ამ ფსიქიკის ადამიანი რომ გეყოლება მერად, იმ თბილისელების, ჩემი ჩათვლით, რა ვთქვი.

– ბევრი თბილისელი ნანობს და წუხს, რომ კალაძე ამ ქალაქის მერია, მაგრამ ამით არაფერი იცვლება ჯერ მასაც და დანარჩენ ხელისუფლებასაც გასდის.

– ჯერ ყველაფერი გასდით. გასდის დანიშნულ პრეზიდენტსაც. რომელიც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართულადაც კი ვერ მეტყველებს. უცხო ქვეყნის ელჩები რომ ჩამოდიან საქართველოში, ორ თვეში სალომეზე უკეთესად სწავლობენ ქართულ ენას. დარწმუნებული ვარ დანიშნულმა პრეზიდენტმა ნორმალურად არც ფრანგული იცის, არც გერმანული და არც ინგლისური. ადამიანი საერთოდ ვერ აზროვნებს, ცნობიერებით სადღაც არის გადასული. ბალზაკის ასაკს კარგა ხანია რაც გადასცდა ეს ქალი და შეიძლება უჭირს ქართული ენის შესწავლა, მაგრამ ტექსტი მაინც დაუწეროს ვინმემ. სისულელეს სისულელეზე ამბობს.

-მთელი ერი ახლა იმაზე ლოცულობს, რომ ირან-აშშ-ის კონფლიქტზე ისეთი რამე არ თქვას რომელიმე სახელმწფო გადაგვკიდოს. აზერბაიჯანთან უკვე გაგვიფუჭა ურთიერთობა.

– კარგი იქნება თუ არაფერს იტყვის. დარწმუნებული ვარ ისიც არ იცის, თუ სადაა ერაყი სადაც ეს ირანელი გენერალი მოკლეს. არც ის ეცოდინება სად ჰყავს აშშ-ს სამხედრო ბაზები განთავსებული. მისი განცხადება საჭირო აღარ არის. „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ექსპერტები ისედაც ბევრ სისულელეს ლაპარაკობენ ამ კონფლიქტზე.

ომი ჯერ არ დაწყებულა და იმაზე დაიწყეს კამათი, უნდა მივიღოთ თუ არა ლტოლვილები ირანიდან. რა დროს სხვისი ლტოლვილების მიღებაა, როცა 400.000 ლტოლვილი გვყავს. ვერც ამ ხალხის დასაქმება შევძელით და ვერც სახლები მივეცით. ნახევარზე მეტი კვლავ უსახლკაროდ არის დარჩენილი.

მინდა ყველა დავამშვიდო, ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომი არ დაიწყება. და ეს ე.წ. ექსპერტები და ე.წ. ცნობადი სახეები ხალხს ნუ ზაფრავენ. აქედან გამომდინარე ლტოლვილების ნაკადის მიღებაზე-არ მიღებაზეც ნაადრევია საუბარი.

– ომის დაწყებას ეს ექსპერტები და ე.წ. ცნობადი სახეები რამდენიმე წლის წინაც ვარაუდობდნენ როდესაც თურქებმა რუსი მფრინავი დახვრიტეს. ამტკიცებდნენ რუსეთ-თურქეთის ომი გარდაუვალიაო, მაგრამ რაც ახლა მათ შორის ხდება ყველა ხედავს. ირანი და ამერიკა ალბათ ასე არ დამეგობრდებიან, მაგრამ მესამე მსოფლიო ომიც ნამეტანია.

– ამ ეტაპზე არანაირი ომი არ იქნება. ეს ომი არავის არ აწყობს. აქ 7-8 სახელწმიფოს ინტერესი იკვეთება. აქ არის ყატარის, იორდანიის, საუდის არაბეთის, თურქეთის, რუსეთის, შეერთებული შტატების, ისრაელის, სირიის ინტერესები. არ დაგვავიწყდეს ამ ტერიტორიებზე არსებული რადიკალური ფორმირებები და ისლამური სახელმწიფო, რომლის კერები ჯერ კიდევ არის. ერთი ტყვიის გავარდნაც საშიშროებას ქმნის, მაგრამ მესამე მსოფლიო ომი ნამეტანია.

დაძაბულობა უკვე არის, გრადუსი კიდევ მოიმატებს, მაგრამ ისე არ იქნება რომ ასეულობით ათასმა ლტოლვილმა იხუვლოს და საქართველოს მოადგეს. ჯერ ერთი საქართველოში სანამ შემოვლენ, სომხეთი უნდა გამოიარონ.

– თავად ამ გენერალ სულეიმანის მკვლელობაზე რას ფიქრობთ.

– ეს ცნობილი და გავლენიანი ადამიანი გახლდათ. მას სერიოზული წვლილი მიუძღვის ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების განადგურებაში. ის ისლამური სახელმწიფოს გარკვეულ დაჯგუფებებს აქტიურად ებრძოდა. აქ იხლართებოდა შეერთებული შტატების, თურქეთის და რუსეთის ინტერესები. როგორც კი სულეიმანი მოკლეს, ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხომეინიმ მაშინვე გამოძებნა მისი შემცვლელი ისმაილ კაანი, რომელიც ასევე გამოცდილია. ეს სულეიმანი იმით იყო გამორჩული რომ მას ქვეყანაში არსებულ აგენტურულ ქსელებთან ჰქონდა ურთიერთობები. აგენტურის მონაცემების ძალიან დიდი ბაზა ჰქონდა. მისი ლიკვიდაცია ასე არ ჩაივლის, მის გამო შურისძიება იქნება. ტერორისტული აქტებსაც მოაწყობენ.

– ტერორისტული აქტები ხომ ისედაც ხდებოდა. ამით უკვე მსოფლიოს ვეღარ გააკვირვებენ.

– ტერაქტების რაოდენობა ახლა უფრო მოიმატებს. სამაგიეროს გადახდა ირანელების პრესტიჟის საქმეა, მაგრამ ომი თეირანს არ აწყობს. ისევე როგორც ამერიკას. განსაკუთრებით ირანს არ აწყობს ომი. ირანის გარშემო მდებარე სახელმწიფოებში 40-მდე ამერიკული სამხედრო ბაზაა განთავსებული.

– გამოდის რომ ალყაშია ირანი.

– ასე გამოდის. თურქმენეთის გარდა, ირანის ყველა მეზობელ სახელმწიფოში ამერიკული სამხედრო ბაზაა. რაში სჭირდება ასეთ დროს ირანს ომის დაწყება, მაგრამ როგრც უკვე გითხარით, შურისძიება იქნება. ეს უკვე პრესტიჟის საქმეა.

ომი ამერიკასაც არ აწყობს. ტრამპს წინ იმპიჩმენტის პროცედურა ელოდება და უნდოდა კარგი ბიჭის იმიჯი შეექმნა. წინ არჩევნებიც არის. ის ეტყვის რომ აი, მოგაცილეთ ჩვენი დაუძინებელი მტერი. სირიაში შეიძლება ისევ განახლდეს კონფლიქტი. ორად გაყოფილ ლიბიაშიც მოსალოდნელია შეტაკებები. შეიძლება ისევ დაბრუნდნენ სირიის ციხეებიდან გაქცეული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები. ამ საჰაერო თავდასხმას სულეიმანთან ერთად ერაყელი სამხედროებიც ემსხვერპლნენ. ერაყელებიც შეეცდებიან ამერიკისთვის სამაგიეროს გადახდას. თავდასხმები იქნება. ამერიკაც გასცემს პასუხს. შეიძლება ზღვიდან და ჰაერიდანაც განახორციელონ დარტყმები, მაგრამ ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია არ იქნება.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიდათო გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩეველად დაინიშნა
შემდეგი სტატიაბორჯომის მერი წყლის დეფიციტს ვიზიტორთა სიმრავლეს უკავშირებს