გიგი უგულავას საქმის პროკურორი – დღევანდელი პროცესი ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო

გიგი უგულავას საქმის პროკურორის განცხადებით, ძიუდოში ევროპის ჩემპიონი ბადრი გავაშელიშვილი სასამართლოში ობიექტური მიზეზების გამო ვერ გამოცხადდა. ნათია გურულის განცხადებით, სხდომა არა დაცვის მხარის მოთხოვნის, არამედ გარკვეული ტექნიკური ხარვეზების გამო გადაიდო.

პროკურორის განცხადებით, მოწმის დისტანციურად დაკითხვა სხვა სისხლის სამართლის საქმეებზეც ხდება და ასეთ შემთხვევაში, ბრალდებულის უფლებები არ ირღვევა და არც მართლმსაჯულების პროცესს ექმნება საფრთხე.

„გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს დაგეგმილი ჰქონდა დაზარალებულის დაკითხვა. დაზარალებულმა ობიექტური მიზეზის გამო, ვინაიდან ის იმყოფებოდა ქალაქგარეთ, ვერ მოახერხა პროცესზე პირადად გამოცხადება და ჩაერთო დისტანციურად. არა დაცვის მხარის პრინციპული მოთხოვნიდან გამომდინარე, არამედ იმის გათვალისწინებით, რომ შეიქმნა გარკვეული ტიპის ტექნიკური ხარვეზები, დღევანდელ პროცესზე ვერ მოხდა დაზარალებულის დაკითხვა.

დღევანდელი პროცესი გადაიდო თუმცა, შემდგომ პროცესზე ბრალდების მხარე უზრუნველყოფს მტკიცებულებების გამოკვლევას კანონით დადგენილი წესით. ეს შეიძლება იყოს დისტანციური ჩართვა ან პროცესზე ადგილზე გამოცხადება.

არა მხოლოდ გიგი უგულავას საქმე, არამედ ყველა სხვა სისხლის სამართლის საქმე ტარდება ნაწილობრივ დისტანციურ ან სრულად დისტანციურ რეჟიმში და ეს არ გახლავთ გამონაკლისი. არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს, რომ დისტანციურად წარმოებული პროცესები არღვევს ბრალდებულის უფლებამოსილებას“, – განაცხადა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ჩვენ ახლა ე.წ ოქროს შუალედით, ანუ დანის პირზე მივდივართ
შემდეგი სტატიასაბერძნეთის პოლიციამ 2012 წელს მოპარული პიკასოს ნახატი იპოვა