გიგი უგულავას განცხადებით, 17 ან 18 ნოემბერს განსხვავებული ფორმატის აქციის ჩატარება იგეგმება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, 17 ან 18 ნოემბერს განსხვავებული ფორმატის აქცია იგეგმება.

როგორც გიგი უგულავა აცხადებს, აქცია, ერთის მხრივ, მიეძღვნება „არჩევნების ტოტალურ გაყალბებას“ და ასევე იქნება საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საზეიმო დახვედრაც.

„14 ნოემბერს, 15:00 საათზე, შაბათს ვგეგმავთ რუსთაველზე, პარლამენტის წინ კვლავ დიდ აქციას. მინდა ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდო აქტიურობისკენ. ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ, ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვან ფაზაში შედის. ამიტომ, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე, ყველას მოგიწოდებთ მოსვლისკენ.

ასევე, ჩვენ ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას 17-ში ან 18-ში. ეს იქნება, ერთის მხრივ, ტოტალური გაყალბების წინააღმდეგ მიძღვნილი აქცია, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მაიკ პომპეოს ერთგვარი საზეიმო დახვედრა.

აქ ლოკაცია და ფორმატი განსხვავებული იქნება. არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები. ლოკაციაც ისეთი იქნება, რომ არანაირად შეხებაში არ შევა უსაფრთხოების ნორმებთან.

ჩვენ, ერთის მხრივ, ამერიკის დროშებით ვესალმებით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს, ამავე დროს ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი არაფერი არ იქნება. იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა საზოგადოების უდიდესი ნაწილის, ერთი მესიჯით, არჩევნები გაყალბებულია და ვესალმებით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს“,-განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა აირჩია პარლამენტის თურქმენიზაციის გზა – კაპანაძე
შემდეგი სტატიამარტვილში კორონავირუსით მძღოლი გარდაიცვალა