გიგი უგულავა – პროკურატურა მალავს გავაშელიშვილს

გიგი უგულავა ითხოვს, რომ მის საქმეზე ბადრი გავაშელიშვილი არა დისტანციურად, არამედ სასამართლო დარბაზში დაიკითხოს.

დღევანდელ სხდომაზე მთავარი მოწმე და დაზარალებული სპორტსმენი ბადრი გავაშელიშვილი უნდა დაეკითხათ. ბრალდების მხარემ პროცესზე თქვა, რომ მოწმე სასამართლოს დისტანციურად ჩაერთვებოდა. ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო თავად გიგი იგულავა, რომელმაც თქვა, რომ მოწმის დაკითხვას სხდომათა დარბაზში ითხოვდა.

მოსამართლე დისტანციურად დაუკავშირდა მოწმეს და გამოჰკითხა, რა მიზეზით ვერ გამოცხადდა პროცესზე. ბადრი გავაშელიშვილის განცხადებით, ის კახეთში იმყოფებოდა და მომავალშიც სხდომაზე დისტანციურად ჩართვას ითხოვდა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა.

გიგი უგულავას თქმით, პროკურატურა ბადრი გავაშელიშვილს მალავს, რადგან მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„პროკურატურა მალავს გავაშელიშვილს, ჯერ გამოგვიცხადეს, რომ დასავლეთ საქართველოში არისო, შემდეგ როდესაც ჩართეს აღმოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოში. კითხვაზე, როდის ბრუნდებოდა ჯერ თქვა, რომ ცუდად არის, მერე დასაფლავებაზე ვარო. მოკლედ, ყველაფერს აკეთებენ, ეს მზეთუნახავი არ მოიყვანონ სასამართლოში. სამარცხვინოა, რომ ამას თითქმის დაყვა მოსამართლე, თუმცა სხვა გზა აღარ ჰქონდა და ბოლოში იძულებული გავხადეთ, ვითომ დაზარალებული წარსდგეს სასამართლოს წინაშე. ფაქტი არის ერთი, რომ ამ კაცს მალავენ, რადგან სამარცხვინო რამე აქვს ჩადენილი, ჩვეულებრივი ზონდერია. სპეციალურად დავდივარ ამ პროცესზე, რომ ეს კაცი მოიყვანონ. სხვა ალტერნატივა არ ექნება, მაინც მოუწევს აქ მოსვლა და სიმართლის თქმა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიხობში 19 წლის ბიჭი დაჭრეს
შემდეგი სტატიაჰერმან საბო – „გირჩს“ თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატები მხოლოდ საკრებულოში ეყოლება