გიგი უგულავა – ოპერიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილარმონიისა და მელიქიშვილის მიმართულებით 18 ნოემბერს ორმეტრიანი დისტანციით იქნება ჯაჭვი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის დეტალებზე საუბრობს.

როგორც „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ უგულავამ განაცხადა, ყოველ ადამიანს, ვინც აქციაზე მივა, მიეცემა სტიკერი, რომელსაც ეწერება, გაყალბებულია.

„18 ნოემბერს, ოთხშაბათს დილის 11:00 საათზე, ოპერიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილარმონიისა და მელიქიშვილის მიმართულებით იქნება ჯაჭვი ორმეტრიანი დისტანციით. ყოველ ადამიანს, ვინც მოვა, მიეცემა სტიკერი, რომელსაც ეწერება გაყალბებულია. დააფენს, დადგება დაიჭერს ამ პლაკატს. ასევე, იქნება ბანერები, რომელსაც ზევიდან ექნება ამერიკის და საქართველოს დროშა და შუაში იქნება წარწერები-გაყალბებულია, მიმდინარეობს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ“, – აღნიშნა უგულავამ.

ასევე, შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიცია ყოველთვის პოზიტიურ გავლენას ელოდება თავისუფალი სამყაროს ლიდერისგან.

„ტექნიკური შეხვედრა იყო შემდეგ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს. ყოველთვის პოზიტიურ გავლენას ველოდებით თავისუფალი სამყაროს ლიდერისგან და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, ოღონდ უნდა გვესმოდეს, რომ ეს გავლენა, პირველ რიგში კომბინაციაში უნდა იყოს ადგილობრივ მშვიდობიან პროტესტთან“, – განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაიოსებ ხახალეიშვილი:ყველა სიტყვას უნდა მოჰყვეს საქმე და ეს ასე იქნება