ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი აქ არ იყო, – ამის შესახებ გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, დააზარალებს თუ არა ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას საარჩევნო ფრონტზე გამოსვლა „ნაციონალურ მოძრაობას“ და წაართმევენ თუ არა მას ამომრჩეველს, უგულავამ უპასუხა, რომ იმ ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელიც მელიას ან გვარამიას, ან ორივეს ერთად მისცემს ხმას, წინა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი იყო.
„ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა. მოდი, გულწრფელები ვიყოთ, ნიკა გვარამია, მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, 2012 წლიდან, რაც ეს პარტია ოპოზიციაშია, პარტიის მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი არ იყო აქ. ნიკა მელია ბოლო ხუთი წელი თავმჯდომარე იყო, თან პოლიტიკური პროცესის შედეგად არჩეული თავმჯდომარე. ბოლო არჩევნებიდან რომ ავიღოთ, ქალაქის მერობის წარმატებულმა კანდიდატებმა, ძირითადმა უმრავლესობამ, სამი-ოთხმა, ვინც წარმატებული იყო, პარტია დატოვა. ეს არის პრობლემა. წინა არჩევნებზე წარმატებული კანდიდატი რომ წავა შენგან, ეს პარტიის პრობლემაა. გამოწვევა სხვადასხვაა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა, მაგრამ ორი კვირის დიაპაზონში ორი ახალი პარტია რომ გაიხსნება, ორი ნიკასი, ორი ანზორის ძე და ორივე მეგრული გვარით, მარინე გიორგის ასული ფერაძესავით გამოვა. ისინიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მე საერთოდ არ მიხარია. ისევ ვიმეორებ, მე მაქვს განცდა, რომ, საბოლოო ჯამში, თუ მდინარეში არ დაიხრჩო ან ერთი, ან მეორე პარტია, როდესაც ზღვაში შეერთდება – და ეს ზღვა აუცილებლად იქნება დიდი და აღელვებული – ყველა ერთად აღმოვჩნდებით, მაგრამ ამ ზღვამდე უნდა მივიდეს ყველა, უნდა მივიდეს თავის ამომრჩეველთან, თავის გუნდთან ერთად და არ უნდა ჩაიძიროს. მე ვთვლი, რომ პრობლემა ექნებათ მათ უფრო მეტად, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი პარტია, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს რეგენერირების უნარი, „ნაციონალურ მოძრაობას“, საბოლოო ჯამში, აქვს ის პლუსი, რომ ადამიანები, რომლებიც დაინახავენ, რომ მათი ხმა იკარგება და მათ არ უნდათ, რომ მათი ხმა ასე ირიბად ჩაიჯიბოს „ქართულმა ოცნებამ“, მისცემენ ხმას დიდ პარტიებს, ასე ხდება ხოლმე ყველა არჩევნებზე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
საქართველოსთვის მთავარი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა, რაც უგულავას განცხადებით, ქვეყანაში ძალაუფლების შეცვლისა და კოალიციური მმართველობის შედეგად მოხდება.
„ჩემი აზრით, კოალიციაში იქნება ყველა: ა. ვინც გადალახავს; ბ. ვისთვისაც მკაფიო არის ორი რაღაც: ერთი, რომ ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, რათა ბე – მეორე და მთავარი შესრულდეს, ქვეყანამ გააგრძელოს ევროპისკენ სვლა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსზე, რომელიც საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს მიენიჭა, რათა ეს ხელისუფლება კიდევ უფრო რუსეთისკენ არ გაქცეულიყო, დროშის ჩარჭობის ამბავია. ეს დაიმსახურა ხალხმა. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეცვლილ დინამიკაში მთავარი არის გაწევრიანების მოლაპარაკებები ანუ რა დონეზეც არის ახლა უკრაინა. ჩვენ ამ დონეზე გადავალთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ძალაუფლება შეიცვლება და ეს ავტორიტარული, პრორუსული რეჟიმი ჩანაცვლდება პროდასავლური ქართული კოალიციით“, – განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, წლევანდელი არჩევნები პოლიტიკური ლიდერების მოწონებაზე არ იქნება დაფუძნებული და არ იქნება „სექსი“ არჩევნები.
„ჩვენი ეკონომიკური, პოლიტიკური, მორალური გასაღები არის თავისუფალ ევროპაში, ტერიტორიული ერთობაც. დღეს, როგორც არასდროს, აფხაზები, რომლებიც რუსიფიცირებულები არიან, ხედავენ, რომ რუსეთის დღევანდელი სახელმწიფო ყველანაირ განსხვავებულს, მათ შორის, ეთნიკურად, ეროვნულად განსხვავებულს კლავს, ავიწროებს, ასიმილაციით ემუქრება. აფხაზები ამას ხედავენ და ისიც ძალიან კარგად იციან, რომ ევროპა ერთადერთი ადგილია, სადაც ყველანაირ განსხვავებულს იცავენ. კატის განსხვავებული ჯიშიც რომ არის, იმასაც კი იცავენ, არათუ ერებსა და ეთნოსებს, არავის აჩაგვრინებენ. თუ ვინმე არავის აჩაგვრინებს პატარას, ეს არის ზუსტად ევროპა, ხოლო თუ ვინმე ჩაგრავს და ანადგურებს და კლავს პატარას, ეს არის რუსეთი. ეს არჩევანი ამიტომ არის მნიშვნელოვანი. პოლიტიკური ლიდერების მოწონებით არ იქნება, ეს არ იქნება „სექსი“ არჩევნები. ჯერჯერობით არ ჩანს, არცერთი პარტია ისე არ გამოიყურება“, – აღნიშნა უგულავამ.
კითხვაზე, რას ნიშნავს „სექსი“ არჩევნები, უგულავამ 2003 წლის რევოლუციის წინა პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ მზარდი ორგანიზმი იყო, რომელმაც სამი მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური ჯგუფი გააერთიანა.
„მაგალითად, იგივე 2003 წელს, რევოლუციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ მზარდი ორგანიზმი იყო, ის იყო უპრეცედენტო. კოალიციაზე რომ ვლაპარაკობთ, რატომ იყო მაშინ ეს წარმატებული? მიშა სააკაშვილმა თავისი ახალგაზრდა, ენერგიული გუნდით გააერთიანა საზოგადოების სამი უმნიშვნელოვანესი ნაწილი: ზვიადისტები, მათთან დაპირისპირებული რესპუბლიკელები და არა შევარდნაძისტული პარტოკრატია კომუნისტები, პატიაშვილის სახით, ანუ მაშინ არსებული სამი სოციალური და პოლიტიკური ჯგუფი. ეს სამი სოციალური და პოლიტიკური ჯგუფი იყო წარმომადგენლობითი, რამე ელიტას კი არ წარმოადგენდა, საზოგადოებას წარმოადგენდა. ამას დაემატა „ნაციონალური მოძრაობა“ და შეიკრა მართლა კოალიცია, რომელმაც მაშინ 27 პროცენტი აიღო, დაუწერეს ჩვიდმეტი და მაგას მოჰყვა მერე რევოლუცია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.