გიგი უგულავა: მოუწევთ ჩვენს თვალებში ჩახედვა და ჩვენს სხეულზე გადაბიჯება

პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს ყველანი, ქუდი კაცზე აქ შევიკრიბებით, მოუწევთ ჩვენს თვალებში ჩახედვა და ჩვენს სხეულზე გადაბიჯება, რომ აქ შევიდნენ და ივანიშვილს ის „გაუპრავონ“, რაც მისთვის ქართველ ხალხს არ მიუცია და არ ეკუთვნის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.

„დღეს 14 ნოემბერია, ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე დაასამარა სიტყვა – ოცნება, რადგან ერთი წლის წინ გავხდით არნახული „გადაგდების“ მომსწრე, რომელსაც მონა დაჩი ბერაიამ და დიმიტრი ხუნდაძემ ვითომ ხუნდები აიყარა და გვითხრა, თურმე, პროპორციული და თავისუფალი არჩევნები ზღაპარი ყოფილა, არაფერს დაგვპირებიან. თურმე, ხალხს მოელანდა გავრილოვი, თურმე, ხალხი ტყუილად გამოვიდა. ასე ურცხვად მოგვატყუეს. არ ვნდებდებით, ვიკრიბებით და ვეუბნებით, ვერ წაგვართმევ და ვერ დაგვაჩოქებ. ეს დღე ამის ნათელი მაგალითია.

ხშირად გვსაყვედურობენ, რა არის თქვენი გეგმა? – გეგმა მარტივია, ეს არის გამძლეობა. უფრო კონკრეტულ გეგმასაც გეტყვით. იცით, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა მაიკ პომპეო. ყველა მივესალმებით მას და მთელ მსოფლიოს ვანახებთ – ჩვენი მდუმარე პროტესტით, დავაფენთ თითოეულ სტიკერს, სადაც ეწერება გაყალბებულია და რუსთაველის პირველიდან ჭავჭავაძის გამზირის პირველამდე მოფენილი იქნება, ზემოდან დავდგებით და ვიტყვით, გაყალბებულია და ამ სიყალბეს არ მივიღებთ“, – განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, ეს აქცია იქნება მთელი მსოფლიოს წინაშე სიგნალი, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება სიყალბეს.

„ეს დღე იქნება ნათელი მაგალითი. ხშირად ამბობენ, იმასთან არ დავდგები, ამასთან. თითოეულ ადამიანს შორის დისტანცია ორი მეტრი იქნება. შეიძლება გვერდით ისეთი მეზობელი იყოს, რომელიც არ გიყვარს, ან ისეთი პარტია, მაგრამ გამოდით, თუ თვლით, რომ გაყალბებულია და მნიშვნელობა არ აქვს, გვერდით ვინ დგას, რადგან ისიც თვლის, რომ გაყალბებულია და უნდა თავისუფალი არჩევნები და ამ ქვეყნის მოქალაქეა. ისიც გრძნობს, რომ თავისუფალი არჩევნების გარეშე არ იქნება არც წინსვლა, არც გამარჯვება, არც კეთილდღეობა და არც მშვიდობა. გვერდით აღარ უნდა ვიყუროთ, ერთი გეზი გვაქვს, ეს აქცია იქნება მთელი მსოფლიოს წინაშე სიგნალი, რომ ქართველი ხალხი არ შევეგუებით სიყალბეს და არ დავუჩოქებთ ოლიგარქს. შემდეგი აქცია იქნება თვითგამოცხადებული მეორე ტურების მერე, უნდა გამოვიდეთ და პროსპექტებზე გავაკეთოთ ჯაჭვი ნიშნად იმისა, რომ ჩვენ მოქალაქეებს შევახსენოთ და ვუთხრათ, სიყალბეში მონაწილეობა არ მიიღოთ, მეორე ტური არის სიყალბე და ქართველი ხალხი ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ.

როცა ძალით ფურცელზე შეკოწიწებული ივანიშვილის პატიოსან გვამთა ერთობა, რომელსაც ისინი უწოდებენ პარლამენტს, გადაწყვეტს, ამ შენობაში შეკრებას, ანუ ე.წ. პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს, ყველანი, ქუდი კაცზე აქ შევიკრიბებით, მათ ჩვენს თვალებში ჩახედვა და ჩვენს სხეულზე გადაბიჯება მოუწევთ, რომ აქ შევიდნენ და ივანიშვილს ის „გაუპრავონ“, რაც მისთვის ქართველ ხალხს არ მიუცია და არ ეკუთვნის.

მათ ვესაუბრებით და ერთ რამეს დააკვირდით – საქართველოს ისტორიაში არასოდეს მარტო დარჩენილი ხელისუფლება არ ყოფილა. დააკვირდით, რომ მათ ხელს აღარავინ აღარ ართმევთ. აღარ არსებობს პატარა მიკრო პარტიაც კი, რომელიც იტყოდა, ამათ მოუსმინეთ. ასე მარტო დარჩენილი ხელისუფლება ერთი მხრივ, სახიფათოა და მეორე მხრივ – დიაგნოზი, რომ ასე დიდი ხანი ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – შეთანხმებული წესების მიხედვით, მოლაპარაკების საკითხები ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო, ამის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ოპოზიციას შევთავაზეთ დაახლოებით 1 500 უბნის გადათვლა