გიგი უგულავა: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა, თემურ ჯანაშიას დაპატიმრება კი სისტემამ ვერ გაბედა

ეს გადაწყვეტილება თავიდანვე მოსალოდნელი იყო. სისტემა არის დამპალი, კორუმპირებული, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სდსს-ს ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

„ეს მოსამართლე არის ამ „კლანის“ ნაწილი. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა, რომელიც გუშინ არ დაწყებულა, პირველი დღიდან ასეა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დაპატიმრებულია. ამ გადაწყვეტილებაში აღსანიშნავი არის ერთი რამ, ამ სისტემამ ვერ გაბედა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება. თემურ ჯანაშია იყო შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის თანამშრომელი. ეს სისტემა ბრუტალურია, ნებისმიერს დაიჭერს, ხელი არ აუკანკალდებათ, მაგრამ მათ მოერიდათ და შეეშინდათ საკუთარი დაცვების. ის ხალხი, ვინც მათ იცავს, ძალიან კარგად იცნობს თემურ ჯანაშიას, მათ მოერიდათ და საკუთარი დაცვის შეეშინდათ“, – განაცხადა უგულავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესის ინიციატივით,  ბათუმში პანელური დისკუსიების სერია „ხუთშაბათის შეხვედრები“ გაიმართება