გიგი უგულავა : მეგობრებო, ნებისმიერი პანდემია ჩაივლის, ჩვენ ვხედავთ ჩაფლავებულ მთავრობას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე მოსახლეობამ უნდა გააკეთოს ფუნდამენტური არჩევანი – საქართველოში იქნება გარდამტეხი ცვლილებები, თუ ქვეყანა დარჩება ჭაობში.

როგორც უგულავამ ბათუმში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მოისპო ეკონომიკა, რაც ყველაზე მეტად სწორედ ბათუმში ჩანს.

„მეგობრებო, ნებისმიერი პანდემია ჩაივლის. ჩვენ ვხედავთ ჩაფლავებულ მთავრობას, რომელიც მხოლოდ კეკლუცობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ამასაც დავძლევთ. მაგრამ დასაძლევი გვექნება ის გაფუჭებული საქმეები, რასაც მთელი ამ რვა წლის განმავლობაში ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკვირდებით. ჩვენი ეკონომიკა მოისპო და ეს განსაკუთრებით აქ, ბათუმში ჩანს, რადგან ბათუმი რეგიონის მარგალიტია, განვითარების ხელშესახები მაგალითია, მაგალითია ჩვენი მეზობლებისთვის, მთელი რეგიონისთვის. ამიტომ ეს ტკივილი ყველაზე მეტად ჩანს ბათუმში. უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, გავარდნილი ლარი და უპერსპექტივობა – ეს არის მთავარი თემები, იმ ადგილას, სადაც ყველაფერი პირიქით უნდა იყოს, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო უნდა იქმნებოდეს, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო იქმნებოდა, სწორედ იქ, ყველაზე მეტად გაუჭირდა ჩვენს მოქალაქეებს.

ამიტომ ეს ჩვეულებრივი არჩევნები არ იქნება. ეს არის ფუნდამენტური არჩევანი, გადავტეხთ ამ მარაზმს წელში, იქნება ამ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები, თუ კვლავ დავრჩებით ასე ჭაობზე შემდგარი, რომლებიც ვიქნევთ ხელებს, გვგონია, რომ ამ ჭაობიდან ამოვალთ და სინამდვილეში, ამ ჭაობში ვეფლობით. ეს არჩევნები იქნება წინსვლის არჩევნები, ეს ვერ იქნება ერთი ადგილის ტკეპნის, რადგან, მეგობრებო, წინსვლის ალტერნატივა მხოლოდ უკანსვლაა.

ეკონომიკა არის ველოსიპედზე მჯდომი ადამიანივით. ატრიალებ პედლებს, მიდიხარ, როგორც კი პედლები გაჩერდება, იმწამსვე იქცევა. აი, ასე წააქცია ივანიშვილმა დღეს საქართველოს ეკონომიკა. გარდამტეხი ცვლილებები პირველ რიგში ეხება ჩვენს ეკონომიკას, იმიტომ, რომ პანდემიის გამოწვევის შემდეგ, ჩვენ, მთელ მსოფლიოს, გვაქვს შანსი, ჩვენი ქვეყანა ახლიდან შევთავაზოთ, შევთავაზოთ, როგორც დაბალი გადასახადების ქვეყანა, როგორც რეგიონში საუკეთესო სასამართლოს ქვეყანა, სადაც ადამიანს შეეძლება საკუთარი სიმართლის დადგენა. შევთავაზოთ ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება ადვილია, ქვეყანა, სადაც ადამიანს პატივს სცემენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ხომ ხედავთ, რა ხდება ჩვენს რეგიონში. ამ დროს ჩვენ ვხედავთ მარაზმს, ამ დროს ჩვენ ვხედავთ გათიშულობას, ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გათელვას და ისეთი რისკების გაწევას, რომელმაც შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჩამოანგრიოს. ეს არის დაუშვებელი.

როდესაც ვლაპარაკობთ გარდამტეხ ცვლილებებზე, ზუსტად ყველაფერი ამ საკითხებში უნდა მოხდეს. ცვლილება ეკონომიკაში, ცვლილება სოციალურ სფეროში, პოლიტიკაში, რომ აღარასდროს არ იყოს მთავრობა ბატონი, არამედ იყოს მსახური. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით და ვიბრძოდით პროპორციული არჩევნებისთვის, მედლის მეორე მხარეს კოალიცია ეწერა. რატომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ დღეს არჩევანს გვეუბნებიან – ან უნდა შევეჩვიოთ იმ ჭაობს, რასაც ივანიშვილი გვთავაზობს ან წარსულზე ვიოცნებოთ და თეთრი ცხენით წარსული შევთავაზოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წარსული არასდროს დაბრუნდება. ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს, სულერთია. მთავარი და პირველი ალტერნატივა არსებობს, ეს არის კოალიცია და 2 ნომერი, ეს არის „ევროპული კოალიცია“ და „ევროპული საქართველო“.

ჩვენი პარტია რეალურად დღეს დგება, როგორც პარტია, რადგან ეს 4 წელიწადი, მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ, დაახლოებით, ეგვიპტიდან გამოვდიოდით. დიახ, დღეს ამ არჩევნებზე დგება „ევროპული საქართველო“, როგორც ღია პლატფორმა ყველა განათლებული, გულანთებული პატრიოტის, ვისაც სჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპასთან, ვისაც სჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის დაბალი გადასახადები ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა მიდის, ვითარდება და სახელმწიფო ზედმეტად არ ერევა, სახელმწიფო ზედმეტად არ უშლის ხელს არც ადამიანს და არც ბიზნესს.

მთავარი სწორედ ეს არის, ჩვენ შევქმნათ სახელმწიფო, რომელსაც ესმის, რა არის ადამიანი, რა სივრცე არის ადამიანის, ზედმეტად არ შევიდეს და არ დააბინძუროს ეს სივრცე. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ თუ შევძლებთ ეკონომიკის შემობრუნებას, ჩვენ შევძლებთ ევროპული საქართველოს შექმნას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას განმარტებით, არმაზ ახვლედიანი არის ადამიანი, რომელმაც უამრავი მოქალაქე აღზარდა და დააყენა ევროპის გზაზე.

„კარგია, რომ ჩვენი აქაური ლიდერი არმაზ ახვლედიანი, არის ადამიანი, რომელსაც სცნობს და პატივს სცემს მთელი საქართველო, რომელიც უყვარს მთელ საქართველოს და რომელსაც უყვარს მთელი საქართველო, რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება მოახმარა ბათუმს, მოახმარა ევროპულ საქართველოს იმ გაგებით, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც უამრავი ადამიანი აღზარდა და დააყენა სწორედ ევროპის გზაზე. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ გვაქვს შესაძლებლობა, ის წარვადგინოთ, როგორც „ევროპული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური: ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის დედას არა სამსახურიდან წასვლა, არამედ მისი მოვალეობის შესრულება შეეთავაზა
შემდეგი სტატიაერთა ლიგის საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების შემადგენლობა ცნობილია