გიგი უგულავა – გიორგი გახარიას ვთხოვ, ბრტყელ-ბრტყელ საუბარს ჯობია სწორი დავალება გასცეს და კანონში ჩაიხედოს

ვთხოვ გიორგი გახარიას, ბრტყელ-ბრტყელ საუბარს ჯობია, რომ სწორი დავალება გასცეს და ჩაიხედოს კანონში, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

„ჩვენ გუშინაც ვიხილეთ აბსოლუტური უკანონობა, ზღვარგადასულობა. ალბათ ნორმალური ადამიანი იკითხავს თუ რატომ ავალებს “ქართული ოცნება” პოლიციელებს ისეთ დავალებას, რომელიც თვითონ პოლიციელებსაც შერცხვებათ. გუშინ წვიმა იყო, პარლამენტთან მიუცვივდნენ ადამიანებს და ეუბნებოდნენ, წვიმამ გადაიღო და პარკი თავზე რატომ გახურავთო? დავიწყოთ იქიდან, რომ ეს კანონს მიღმა არის. ჩვენ შეგვიძლია აქ შევიკრიბოთ და პარკი დავიფაროთ, ეს არ არის არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლების საქმე. კანონში ასე წერია, ძალიან ვთხოვ გახარიას ბრტყელ-ბრტყელ საუბარს ჯობია სწორი დავალება გასცეს და ჩაიხედოს კანონში”, – განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ზაზა სარალიძე პერსონალური აკვიატება გახდა იმის ნაცვლად, რომ დაისაჯონ დამნაშავეები.

„ნუ იხიბლებიან იმით, რომ აქ ადამიანები არ დგანან. 21-ე საუკუნეში აქციებით აღარ გაიზომება საზოგადოების მუხტი. ნორმალურ საზოგადოებაში ეს არჩევნებით გაიზომება და არჩევნებით საზოგადოებამ უკვე უთხრა “ქართულ ოცნებას”, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ, არასწორია”, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიოქრუაშვილი ვაშაძეს – როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი და შევძლებ, რომ ახლაც დავივიწყო
შემდეგი სტატიაპროკურორი-აუდიოჩანაწერი, სადაც ლაშა გოგიასა და გია გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია