გიგი უგულავა: ღარიბაშვილი ექსკვიზიტური ბრიყვია ქართული ოცნების გუნდში

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა ეხმაურება თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უგულავას გამოშვების შესახებ შეკითხვა მის მიმართ არ უნდა დაისვას და რომ მისი პრემიერმინისტრობის დროს უგულავა ორჯერ დაიჭირეს.

უგულავა ამბობს, რომ ღარიბაშვილმა, პრაქტიკულად, აღიარა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული ყველა საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

“ბატონი ღარიბაშვილი აგრძელებს კვლავ ჩვენს გაოცებას, ის მართლაც ექსკვიზიტური ბრიყვია ქართული ოცნების გუნდში, მან პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემ წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული. მან აღიარა, რომ როგორც პრემიერმინისტრი მონაწილეობდა ვითომ მართლმსაჯულების წარმოებაში, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ქართულმა ოცნებამ ბოლომდე მოსპო მართლმსაჯულება, ბოლომდე მოსპო სასამართლო”, – თქვა გიგი უგულავამ.

პარლამენტში გამოსვლისას თავდაცვის მინისტრს ქართული ოცნების ყოფილმა და ახლა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, გიგი უგულავას შეწყალების შესახებ დაუსვა კითხვა, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ეს შეკითხვა მას არ ეკუთვნის.

“რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას – ვინ გამოუშვა გიგი უგულავა – ეს შეკითხვა მე არ მეკუთვნის. ჩემი პრემიერობის დროს ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ, დაიჭირა პროკურატურამ, მე ახლა ვარ თავდაცვის მინისტრი, ეს შეკითხვა მე არ მეკუთვნის”, – თქვა ღარიბაშვილმა.

გიგი უგულავა საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ფონზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ამ ქვეყანას სჭირდება განათლებული ახალი თაობა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტიკურად ანგაჟირებულ სამხედროებს სათანადო ადგილს მივუჩენთ