გიგი უგულავა : ეს შეთავაზება არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა

news
ავტ.: news დეკემბერი 20, 2019 13:26

გიგი უგულავა : ეს შეთავაზება არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა

“ეს შეთავაზება არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ის განხილვადაც არ ღირს. პასუხი არის წადით, იმეცადინეთ, ივარჯიშეთ და რამე აზრიანი მოიტანეთ”, – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ქართული ოცნების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ წინადადებას 2020 წლის არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით.

უგულავას თქმით, ბიძინა ივანიშვილი “ხაფანგშია”, რადგან მოქმედი კონსტიტუციით 2020 წლის არჩევნების შემდეგ ყველა რიგგარეშე არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება, – “შესაბამისად, ხალხს და ოპოზიციას გვიჭირავს ხელში ჯოკერი და ვზივართ ბოლოში”, – წერს უგულავა.

მისივე თქმით, “ოცნების” მიერ შემოთავაზებული მოდელი ამ ნორმის ცვლილებასაც გულისხმობს.

“ანუ ეს უგვანები მოვიდნენ სისტემით რომელიც ხუნდაძე-ბერაიასთან შეათანხმეს და გვეუბნებიან ახლა ჯოკერიც ქვემოდან ამოდეთო. ყველა სიკეთესთან ერთად უბრალო იდიოტებთან გვაქვს საქმე. მათი შიშია, რომ ოპოზიცია 2020 არჩევნებს ასე თუ ისეთი ფორმით ერთიანობით წარმართავს, მოუგებს, დაშლის უსამართლო სისტემას და ჩაატარებს კონსტიტუციურ სამართლიან პროპორციულ არჩევნებს. სწორედაც გეშინიათ. ეგრეც მოხდება, ოღონდ ასეთ შემთხვევაში ოცნებისგან ნამსხვრევები დარჩება, როგორც მოქალაქეთა კავშირისგან და აღორძინებისგან დარჩა თავის დროზე. სწორადაც გეშინიათ! განწირულები ხართ! თქვენივი კობახიძის ხაფანგში ხართ. გამოსავალი პროპორციულ არჩევნებშია, სადაც ოცნება წააგებს, ვერ შექმნის მთავრობას, მაგრამ გააგრძელებს ოპოზიციურ არსებობას. არ გინდათ?! მაშინ გახსოვდეთ ჯოკერი ჩვენს ხელშია”, – წერს Facebook გვერდზე ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა.

ქართული ოცნება ოპოზიციას სთავაზობს პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ. ესაა იმ წინადადების მთავარი შინაარსი, რაც “ოცნებამ” დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე წარადგინა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი კრიზისის გადასაჭრელად და ხელისუფლება და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, დღეს, 20 დეკემბერს ერთმანეთს უკვე მეოთხედ შეხვდა.

მოლაპარაკებების საგანი საარჩევნო სისტემა და ე.წ გერმანული მოდელია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მართალია შერეული, მაგრამ მრავალმანდატიანი, უფრო სამართლიანი წესით ჩატარებას გულისხმობს.

ოპოზიციის შეთავაზება ქართული ოცნებისთვის მიუღებელი იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

იუსტიციის მინისტრი ამბობდა, რომ მრავალმანდატიანი ოლქების პრინციპი “არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის” და საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, ეს მოდელი მისაღები ვერ იქნება”.

თუმცა, იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციურია, საუბრობს არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის არის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის ზეწოლის და საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო.

პროტესტი კი, თავის მხრივ, მმართველი გუნდის მხრიდან პირობის შეუსრულებლობას მოჰყვა – 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

news
ავტ.: news დეკემბერი 20, 2019 13:26