გიგი უგულავა “ენერგო-პროს” განცხადებას ეხმაურება

ნაცვლად იმისა, რომ ნებისმიერი მიკერძოებისგან „ენერგო-პროს“ თავი აერიდებინა და შალვა ლორთქიფანიძე არჩევნების პერიოდში ჩამოეშორებინა საქმიანობისგან, კომპანია “მუნდირის დაცვითაა” დაკავებული – ევროპული საქართველოს ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა „ენერგო-პროს“ განცხადებას ეხმაურება.
„სამწუხაროა, რომ ენერგო-პროს თავისი უფლება-მოვალეობები ჯეროვნად არ ესმის. ფაქტები უდავოა. ვანში მათი წარმომადგენელი შალვა ლორთქიფანიძეა, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატიცაა. ეს ადამიანი კერძო ბიზნესს რომ პოლიტიკისგან ვერ ანსხვავებს, ვანში საყოველთაოდ ცნობილია. ცესკო-მ არჩევნები ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში ოფიციალურად გამოაცხადა. სამწუხაროდ, კომპანია ხელისუფლების დანამატს და გაგრძელებას წარმოადგენს რეგიონებში. ბელთაძეების ოჯახი, სურვილის შემთხვევაში, სასამართლოში გააგრძელებს ენერგო-პროსთან დავას. ჩვენ მათ ყველანაირად დავეხმარებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კომპანია თავის მოძალადე თანამშრომელს მსხვერპლად ასაღებს. მე ნამდვილად დავურეკე შალვა ლორთქიფანიძეს, როგორც ენერგო-პროს თანმშრომელს და შედეგად ქართული ოცნების დეპუტატი მივიღე, რომელიც იმუქრებოდა რაიონში არ შეშვებით და გაყვიროდა 9 წელს. სწორედ ამის შემდეგ მიიღო მან ის პასუხი, რასაც ქართული ოცნების თავგასული ჩინოვნიკები იმსახურებენ. სამწუხაროა, ენერგო-პროს შეგნებულად არ სურს ამის გაგება. ეს ევროპაში დაფუძნებული კომპანიაა და ჩვენ ყველა საერთაშორისო ტრიბუნას გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ ბელთაძეების და მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნილი უამრავი ოჯახი, რომლებსაც ხელისუფლება ემუქრება ენერგო-პროს ხელით. ეს დაუშვებელია ევროპაში და თუ ენერგო-პროს აქაურ ხელმძღვანელობას საქართველო მესამე სამყაროს ქვეყანა ჰგონია, სადაც ყველაფრის უფლება აქვთ, ძალიან ცდებიან!

banner
წინა სტატიაშისვეტიცხოვლის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატია„112“-ში დედის დღე აღინიშნა