გიგი უგულავა : დილით მიხეილ სააკაშვილის განცხადება რომ ვნახე, ციხის წერილიდან ჩემი ციტატა მეგონა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მიესალმება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევას.

ჟურნალისტებმა გიგი უგულავას დაუსვეს კითხვა, „როგორ უყურებს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე იყოს არჩეული“.

„როგორ ვუყურებ? ღიმილით. მე მივესალმები ამ პროცესს. სიმართლე გითხრათ, დილით რომ გავიღვიძე და ვნახე, ციხის წერილიდან ჩემი ციტატა მეგონა, მაგრამ ძალიან კარგია. ჩვენ ამას მაშინაც ვამბობდით. ეს პროცესი ჩვენ არ გვეხება. ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი. ის, რომ თავმჯდომარე აუცილებელია პარტიისთვის ადგილზე, ამაზე ბატონმა მიხეილმაც ისაუბრა, თავის დროზე ამაზე ჩვენც ვსაუბრობდით. ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე მივესალმები ამ პროცესს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვისას დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც დროშას აიტაცებს და აღნიშნა, რომ პირადად დაუჭერდა მხარს გრიგოლ ვაშაძეს.

გიგი უგულავამ 2016 წლის აპრილში გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნა, რომ პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი თავმჯდომარე და ახალი პოლიტიკური საბჭო უნდა აირჩიოს.

banner
წინა სტატიაშიზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია, თუმცა ჩემს ქმედებას ეს არ ამართლებს – კახიძე
შემდეგი სტატიალია-პალურის გზის რეაბილიტაცია სრულდება