გიგი უგულავა – 2030 წლამდე შეიძლება ეს შავი ჭირი შეგვრჩეს, ამიტომ უნდა გამოვფხიზლდეთ

მინდა განსაკუთრებით ზუგდიდელებს მივმართო, დარჩენილია 2 საათი და გაქვთ შესაძლებლობა, რომ დაიბრუნოთ ის, რაც ივანიშვილმა წაგართვათ, ის არაშენებული პორტი და გაჩერებული მშენებლობა. ქალაქს დავუბრუნოთ თვითმმართველოს სტატუსი,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მან ამომრჩევლებს ყველა საქმის გადადებისა და აქტიურობისკენ მოუწოდა.

“მეგობრებო, მინდა აქტიურობისკენ მოგიწოდოთ. ახლა, ყველა საქმე უნდა გადავდოთ, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული გარდამტეხი მომენტია. ვხედავთ, რომ ხელისუფლება გადასულია პირდაპირ ძალადობაზე. ამ ძალადობის შეჩერების ერთადერთი პრევენციაა მოქალაქეების კიდევ მეტი აქტიურობა, იმიტომ, რომ როდესაც ბევრი ადამიანია, ვერავინ, რომელიც ხელისუფლებამ გამოყარა და ქუჩებში მშვიდობიან ოპოზიციას არბევს, ვეღარ გაბედავს ვერაფერს. მე მინახავს ასეთი ძალიან ბევრი კუნთმაგარი, რომელიც ხალხის წინაშე ძრწის და თრთის. ამიტომ, გადადეთ ყველა საქმე, ვერაფერი იქნება ამაზე დიდი,მეგობრებო. გარდამტეხი, ისტორიული მომენტია. თუ გვინდა, რომ ჩვენ ვმართოთ კოვიდი და არა ის ჩაფლავებული სიტუაცია, რაც ჩვენ დღეს გვაქვს პანდემიასთან ბრძოლაში, თუ გვინდა გაუმჯობესებული კრიმინოგენული სიტუაცია და არა ეს კრიმინალი, რომელიც დღეს, დღის წესრიგს გვისაზღვრავს და ჩვენს არჩევანს გვპარავს, თუ გვინდა, რომ იყოს სამუშაო ადგილები და არა ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მილიარდერის მმართველობამ მოგვიტანა, ვითარება უნდა შევცვალოთ. ნუ შეგვეშინდება ცვლილებების. ცვლილება არის წინაპირობა იმედის, მომავლის რწმენის, იმიტომ, რომ თუ არ იქნება ცვლილება, ჩვენ ყველა ერთად აღმოვჩნდებით ცუდ ვითარებაში და მნიშვნელობა აღარ ექნება ვინ ვისი მომხრეა. ყველა ერთ ჭაობში აღმოვჩნდებით. ძალიან დიდ ისტორიულ გზაგასაყარზე იმყოფება ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ვიაქტიუროთ. განსაკუთრებით მინდა “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერებს მივმართო, გამოდით, არ დაიზაროთ, ყველა საქმე გადადეთ. მინდა განსაკუთრებით ზუგდიდელებს მივმართო, დარჩენილია 2 საათი და გაქვთ შესაძლებლობა, რომ დაიბრუნოთ ის, რაც ივანიშვილმა წაგართვათ, ის არაშენებული პორტი და გაჩერებული მშენებლობა. ქალაქს დავუბრუნოთ თვითმმართველოს სტატუსი“, – განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, ამ ყველაფრის შესაძლებლობა ახლა არის.

“მოდით, შემოხაზეთ 2 ნომერი, იმიტომ, რომ ეს ისტორიული მომენტი ხელიდან არ გავუშვათ. მერე ნამდვილად ყველას შეგვრცხვება. ამ ისტორიული მომენტის ხელიდან გაშვება შეიძლება საშვილიშვილო იყოს. მართლა 2030 წლამდე შეიძლება ეს შავი ჭირი შეგვრჩეს, ამიტომ უნდა გამოვფხიზლდეთ და არ დავიზაროთ. შევცვალოთ ეს მთავრობა“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ხახუბია – მთელი საქართველო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და წარმატებას
შემდეგი სტატია1,607,530–მა მოქალაქემ ხმა უკვე მისცა, აქტივობა 45.77 %–ია, – ცესკო, 17:00 საათის მონაცემები