“ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომას გამოეხმაურა, სადაც პატრიარქობის სამი კანდიდატი დასახელდება.
მისი თქმით, წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომა ეკლესიისთვის ძალიან დიდი გამოცდა იქნება. ახალი პატრიარქის არჩევის პროცესის არასწორად წარმართვა მომავალში ძალიან დამაზიანებელი.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, მთელი რიგი საკითხებია, სადაც საპატრიარქომ და ხელისუფლებამ ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ, მაგრამ ეს ვიღაცის გავლენის ქვეშ მოქცევას არ ნიშნავს.
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს, ინსტიტუტები მიისაკუთროს და ყველგან ძალიან დიდი გავლენა ჰქონდეს. ამ მცდელობებს მუდმივად ვხედავთ ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ისინი ხელისუფლებაში არიან – ზოგჯერ წარმატებულად, ზოგჯერ წარუმატებლად. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომელიმე ხელისუფლება ქვეყანაში ან მანამდე ან მერეც, ეცდება რომ ეკლესიასთან და საპატრიარქოსთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს. ასეთი სურვილები არ არის, მაგრამ ერთია ურთიერთობა, მეორეა გავლენების გაზრდის მცდელობა.
ავტოკეფალიის აღდგენის მერე, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ეს არის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმება, ამიტომ როდესაც რაღაც დანატოვარზე ვსაუბრობთ, ეს არის ალბათ, ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკლესიას და სახელმწიფოს აქვს განსაზღვრული თავიანთი უფლებამოსილებები. ეს დღეს ძალიან კარგად უნდა გამოჩნდეს ამ პროცესში. იქნება პატრიარქობის სამი კანდიდატი. ძალიან დიდი გამოცდა იქნება ესეც, იმიტომ, რომ ეს ავტორიტეტი არ გამქრალა. მე ვფიქრობ, ადამიანებს, ამ პერიოდის განმავლობაში რწმენა საქართველოში გაძლიერებული აქვთ, მით უმეტეს, გარკვეული პესიმიზმისა და სირთულეების პირობებში კიდევ უფრო მეტად მიმართავენ უფალს, აქედან გამომდინარე, ამ ინსტიტუტის – ეკლესიის მიმართ ყოველთვის იქნება ძალიან დიდი ინტერესი და მისი ავტორიტეტიც დარწმუნებული ვარ, ჯერჯერობით ინერციით შეიძლება გაგრძელდეს. თუ ეს პროცესი დაზიანდა, ჩვენ დავინახეთ, რომ არის ჩარევები, იყო განცხადებები კონკრეტულ ამბებზე, ადამიანებზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე, თუ არასწორ შიდა პროცესზე, ამ პროცესის არასწორად წასვლა იქნება ძალიან დამაზიანებელი მომავალშიც. მე მინდა, რომ ეს ასე არ მოხდეს, ისევე, როგორც თქვენ და დარწმუნებული ვარ, ყველას.
ჩვენ გვაქვს კანონი და ეკლესიას დამოუკიდებელი ოპერირების საშუალება ნამდვილად აქვს. მთელი რიგი მიმართულებებია, რაშიც გამორიცხულია, რომ სახელმწიფოსთან არ ითანამშრომლოს, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში. სამომავლოდ შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს: მიდგომები, დაფინანსების წესი და სხვა. ეს თანამშრომლობა უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ვიღაცის გავლენის ქვეშ [მოქცევას],“ – განაცხადა წერეთელმა.
რაც შეეხება საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევის საკითხთან მიმართებაში რუსეთის ინტერესს, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესია ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული კრემლთან და საფრთხეები ნამდვილად არსებობს.
„ეს ხომ დაფარული არ არის – რუსეთის ეკლესია ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული [რუსეთის ხელისუფლებასთან]. ზოგი მას კრემლის ნაწილად მიიჩნევს. ჩვენ ყოველთვის ვხედავთ რუსეთის ეკლესიისგან იგივე ექსპანსიურ დამოკიდებულებას, რაც აქვს თავად ხელისუფლებას, პუტინს, კრემლს. ეს ყველაფერი ვრცელდება ეკლესიაზე, რომელიც მთელი ამ ისტებლიშმენტის ნაწილად იქცა. აქედან გამომდინარე, მათი სურვილი, რა თქმა უნდა, იქნება. ჰიბრიდულ ომზე რომ ვსაუბრობთ, ამას ყოველ დღე ვხედავთ. რუსეთის ოპერირების მოდელია, სადაც ის არ ისვრის, იქ სხვანაირად მოქმედებს – ფულით, იდეოლოგიით, თავისი მხარდამჭერების თუ პოლიტიკური პარტიების წახალისებით თუ ა.შ. არის აქაც სიახლოვე გარკვეულწილად. მე არ მინდა ჩამოვთვალო ამ სენსიტიურ მომენტში, ვისაც განსაკუთრებული სიახლოვე აქვს რუსეთის საპატრიარქოსთან. ეს საფრთხეები არსებობს და ის ადამიანები, ვისაც აქვს პერსპექტივა, რომ საქართველოს ეკლესიის მთავარი პერსონები იყვნენ, ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, განსაკუთრებით, ილია მეორეს შემდეგ,“ – აღნიშნა წერეთელმა.















