9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

გიგი წერეთელი: თუ ვინმე რამდენჯერმე ხელს ჩამოართმევს “ოცნების” რომელიმე წარმომადგენელს, ეს არ არის ურთიერთობების აღდგენა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი წერეთელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის შემდგარი სატელეფონო კომუნიკაციის შეფასებისას განაცხადა, რომ  ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ახლა რამდენჯერმე თუ ვინმე ხელს ჩამოართმევს „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს, ეს არ არის ურთიერთობების აღდგენა.

„ის, რომ ხდება გარკვეული შეხვედრები ან სატელეფონო ზარები, ეს არ ნიშნავს სრულმასშტაბიან თანამშრომლობას და პარტნიორობას დასავლეთთან. ჩვენ ვიცით და ვხედავთ, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია არის შეჩერებული, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ახლა რამდენჯერმე თუ ვინმე ხელს ჩამოართმევს რომელიმე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, ეს არ არის ურთიერთობების აღდგენა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საუბარს, რომელიც შედგა, მე ასე ვფიქრობ, ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე, ჯერ ერთი ადეკვატურია, რომ ასეთ ვითარებაში, რაც რეგიონში ხდება – ირანში და უკრაინაში ომია, დაინტერესება მაღალია აშშ-ის მხრიდან და ეს კომუნიკაცია არსებობს ამ კონკრეტულ მომენტში. მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ამას შეეხებოდა. ერთი რამ ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ არავითარი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანასთან ვერ მოხდება იმ მასშტაბით, რაც ქვეყანას სჭირდება თუ დემოკრატია არ იქნება, არ იქნება თავისუფალი არჩევნები და პოლიტპატიმრების პირობებში ეს არ მოხდება. არის რეგიონული საკითხები – რაც მეტად იქნება ამერიკა ჩართული საქართველოს საკითხებში, რაც მეტად მოაქცევს თავისი ყურადღების ქვეშ, ნაკლებ მავნებლობას ჩაიდენს ხელისუფლება დღეს,“ – განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ოცნებამ” პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს”- გრიგოლ გეგელია რუბიო-კობახიძის კომუნიკაციაზე
შემდეგი სტატია“ოპოზიციის ალიანსი” აშშ-ში ვიზიტს გეგმავს- ჩერგოლეიშვილი