დასავლეთისგან ვიღებთ კრიტიკას, შენიშვნებს, მოწოდებებს და ეს ყველაფერი არის იმ ნაბიჯების შედეგი, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ყველა ის შენიშვნა, რასაც ქვეყანა იღებს სტრატეგიული პარტნიორებისგან, ხელისუფლების ნაბიჯების დამსახურებაა.
„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რა შედეგი მოაქვს ხელისუფლების პოლიტიკას, ვხედავთ დისტანცირებას. დასავლეთისგან ვიღებთ კრიტიკას, შენიშვნებს, მოწოდებებს და ეს ყველაფერი არის იმ ნაბიჯების შედეგი, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. სენატორ შაჰინის განცხადება მისი აქ ვიზიტის შემდეგ ნათლად მეტყველებს, რა პროცესებია ჩვენთან საქართველოში. სტატიები საერთაშორიშო მედიაში, ახლა გერმანიის ბუნდესტაგის წევრების განცხადებაც, რომ ვიდრე იქნება ანტიდასავლური რიტორიკა, რუსული კანონი, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში შეჩერებულია. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ცვლილებებია ამ ყველაფრის გადაწყვეტის გზა და თუკი გაგრძელდება დისტანცირება დასავლეთისგან, ჩვენ მხოლოდ წავაგებთ და ქვეყანა ისევ სიღარიბეში იქნება, ხოლო თუ შეიცვლება ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს ქვეყანაა, არჩევნების შემდეგ ჩვენ წავალთ სწრაფი ნაბიჯებით ევროკავშირისკენ და ხელში გვექნება ევროპული კეთილდღეობა”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.