გიგი წერეთელი ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქში იმყოფება.

საპარლამენტო ასამბლეასა და ბელარუსს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს რესპუბლიკის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, გიგი წერეთელს შორის გამართულ შეხვედრაზე. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად ბელარუსს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და ამ კუთხით, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ჩართულობა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

„უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ბელარუსი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებში, რათა ხელი შეუწყოს მედიაციის ძალისხმევას და კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები მოქალაქეების ტვირთი შემსუბუქებას”- აღნიშნა გიგი წერეთელმა.

მან ასევე საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციაზე ისაუბრა და მადლიერება გამოხატა პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და ბელარუსს შორის ტრადიციულად პოზიტიური ურთიერთობები მიმოიხილეს და ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს გაუსვეს ხაზი.

მინსკში ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელი ბელარუსის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ვლადიმირ ანდრეიჩენკოს , სენატის თავმჯდომარეს მიხაილ მიასნიკოვიჩს , ვიცე- სპიკერ ბოლესლავ პირშტუკსა და სხვა საპარლამენტო ლიდერებს შეხვდა. ასამბლეის პრეზიდენტსა და ბელარუს კანონმდებლების შეხვედრისას ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების აუცილებლობასა და ამ პროცესში ეუთოს ინსტრუმენტების გამოყენებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ბელარუსის დედაქალაქში ორმხრივი შეხვედრების პარალელურად, გიგი წერეთელი “აბრეშუმის გზის ” საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი გამოდის ინიციატივით, საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება უფასო გახდეს