25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

გიგი ჩიხლაძე: მაღალჩინოსნების პრემიების დასაბუთების ვალდებულება უბრალოდ არ იარსებებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანალიტიკოსმა გიგი ჩიხლაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მკაცრად გააკრიტიკა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი, რომელიც თანამდებობის პირებისთვის სახელფასო დანამატებისა და ფულადი ჯილდოების აღდგენას ითვალისწინებს.

ცვლილება ეხება მინისტრების, მერების, რწმუნებულებისა და ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრების მოადგილეებს — ჯამში დაახლოებით 100 მაღალჩინოსანს. ანალიტიკოსის გათვლებით, თუ ეს პირები ყოველთვიურად გამოიყენებენ დანამატის მაქსიმალურ ლიმიტს, საუბარი იქნება ათეულობით მილიონ ლარზე ბიუჯეტიდან.

„ეს ეხება ყველა მინისტრის მოადგილეს, ყველა მერის მოადგილეს და რწმუნებულების მოადგილეებს. მათი ხელფასები იმხელაა, 30%-საც თუ გამოიყენებენ ყოველ თვეში, ათეულობით მილიონ ლარზე გვექნება საუბარი. პირადად მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყოს და თანამდებობის პირთა წრე კიდევ გაიზარდოს“, — აცხადებს ჩიხლაძე.

გიგი ჩიხლაძემ შეახსენა საზოგადოებას, რომ 2017 წლის რეფორმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ყოველგვარი პრემიისა და დანამატის გაცემა სწორედ კორუფციული რისკების გამო აიკრძალა, ახლა კი ხელისუფლება ამ პრინციპს უბრუნდება. მისივე თქმით, საზოგადოებისთვის რთული იქნება იმის გაკონტროლება, თუ კონკრეტულად რა თანხებს მიიღებენ ჩინოვნიკები.

„კონკრეტულად რამდენი მიიღო, ამის მოძიებაც არ იქნება მარტივი. რაც შეეხება დასაბუთებას, ამის ვალდებულება უბრალოდ არ გააჩნიათ. რაც არ უნდა ვთქვათ, უსამართლო იყო თუ სამართლიანი, როგორც ბევრს სჩვევია, იტყვიან — რამე კანონი დაირღვა? კანონი ფიზიკურად არ არსებობს, რომ დაირღვეს [რადგან თავად აკანონებენ]. შესაბამისად, აქ მხოლოდ სამართლიანობის პრინციპის დარღვევაზე შეიძლება ვისაუბროთ“, — აღნიშნა ანალიტიკოსმა.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა: საქართველომ დასავლეთის “პოლიტიკურ სიგიჟეს” საკუთარი ინტერესები არ შესწირა
შემდეგი სტატიასუს-ში დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი ჩაინიშნა