გიგა შუშანია ქუთაისის მერს კორუფციაში ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია ქუთაისის მერს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქალაქში კორუფცია ყვავის. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას თქმით, ქალაქის მერი შიდა აუდიტის მუშაობის შესახებ ინფორმაციას მალავს. შუშანია, ვარაუდობს, რომ შიდააუდიტის დასკვნებში გარკვეული ხარვეზებია, რისი გასაჯაროვებაც არ სურთ.

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თქმით, საჯარო ინფორმაცია ერთი თვის წინ გამოითხოვეს, თუმცა პასუხის დაგვიანების გამო აპირებენ სასამართლოს მიმართონ.

“ჩვენ მოვიპოვეთ შიდა აუდიტის დასკვნა საბინაო სამსახურში არსებულ კორუფციაზე და მივმართეთ პროკურატურას. 10 თებერვალს მივწერეთ ქალაქის მერს და მოვითხოვეთ, შიდა აუდიტის ყველა დასკვნა, თუ რომელი სამსახურები და ა(ა)იპები შეამოწმა და რა დასკვნები დაწერა. ქალაქის მერი თვეზე მეტია გვიმალავს ამ ინფორმაციას, საერთოდ პასუხი არ მოგვწერა. ჩვენ გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული საჩივრით და უკვე ვაპირებთ, რომ მივმართოთ სასამართლოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალაქის მერი მფარველობს კორუფციას ქუთაისში, მალავს ამ დასკვნებს. ამასობაში, ზუსტად იგივე სამსახურის უფროსები, რომლებიც წლებია ფლანგავენ და იპარავენ მილიონობით ლარს ქუთაისის ბიუჯეტიდან, აგრძელებენ ამ ფულის მითვისებას და კორუფცია ყვავის ქუთაისში”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 9.1 მილიონამდე ადამიანს უტარდება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი ახალ პროექტს- ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს