გიგა ბოკერიამ ირაკლი სესიაშვილი “მუხროვანის საქმის” არასწორ შეფასებაში დაადანაშაულა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მუხროვანის ამბოხის” შესახებ ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია, ფრაქცია ”ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” წევრი კობა კობალაძე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

გიგა ბოკერიამ ირაკლი სესიაშვილი “მუხროვანის საქმის” არასწორ შეფასებაში დაადანაშაულა. ბოკერიას თქმით, სესიაშვილს გმირებად გამოჰყავს ადამიანები, რომლებიც ბრძანებებს არ დაემორჩილნენ და “ტანკი დაქოქეს”. ბოკერიამ 20-21 ივნისის მოვლენები გაიხსენა და სესიაშვილს ჰკითხა, აქციის მოქალაქეებს რომ ტანკი დაექოქათ, კარგი იქნებოდა თუ არა.

როგორც კობა კობალაძემ ბოკერიას საპასუხოდ აღნიშნა, სამხედრო ნაწილში ტანკის დაძვრა დანაშაული არ არის, რადგან მას სამხედრო ნაწილის ტერიტორია არ დაუტოვებია. კობალაძის თქმით, შესაძლებელი იყო მხოლოდ ვარაუდი, რომ ტანკი თბილისისკენ დაიძვრებოდა და ამის დადასტურებით თქმა ბრალდების მხარეს არ შეეძლო.

საპასუხოდ ბოკერიამ გაიხსენა, რომ სამხედროები თავდაცვის მინისტრის, გენშტაბის უფროსის და პრეზიდენტის ბრძანების არ დაემორჩილნენ და ეს ყველაფერი პოლიტიკური კრიზისის დროს ხდებოდა.

ირაკლი სესიაშვილმა გიგა ბოკერიას მიმართა და აღნიშნა, რომ წინა მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებსა და ფაქტების შესახებ “უნდა ამეცადინოს”, რადგან წინა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებენ. სესიაშვილის თქმით, აგვისტოს ომში დამარცხების შემდგომ ამ სამხედროებს არ უნდოდათ აღლუმზე გასვლა, ეს იყო დაუმორჩილებლობა, ამაზე პასუხი უნდა ეგოთ და აგეს კიდევაც. თუმცა, მაშინდელმა ხელისუფლებამ ჯარის სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიმსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით 56 წლის კაცი დააკავეს
შემდეგი სტატიამთავრობა 5 მილიონით დააფინანსებს ახალგაზრდობის სააგენტოს