გიგა ბოკერია თეა წულუკიანზე: უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ

უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გამოსვლა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ მინისტრი იმ პრობლემებით შეწუხებულიყო, რაც სახალხო დამცველის მოხსენებაში იყო და დისკუსია გაემართათ ამ ყველაფერზე, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა იცავდეს სახალხო დამცველი მთავრობას და ივანიშვილის რეპუტაციას.

„ჩვენ ვიხილეთ სახალხო დამცველის მოსმენა კომიტეტში, უფრო სწორად ვიხილეთ წულუკიანის სპექტაკლი ამ კომიტეტზე. უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ვნახეთ და რაც ადრე გვინახავს. ისიც კი არ იცის, არ გაუგია და არ დაინტერესებულა, რომ სახალხო დამცველის ფუნქცია არსად მსოფლიოში, ნორმალურ ქვეყნებში, არ არის ივანიშვილის, ზოგადად ხელისუფლების და უფრო ფართოდ, პოლიტიკოსების რეპუტაციის დაცვა. ეს საყვედურად წაუყენა, რატომ არ იცავთ ჩვენს რეპუტაციასო. ან ვინ უთხრა, რომ გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე უნდა ისაუბროს იუსტიციის მინისტრმა?

იმის მაგივრად, რომ შეწუხებულიყო იმ პრობლემებით, რაც ამ მოხსენებაში იყო და დისკუსია გაემართათ ამ ყველაფერზე, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა იცავდეს სახალხო დამცველი მთავრობის და მისი მარჩენალი ივანიშვილის რეპუტაციას. სხვათაშორის, თუ თვლიდა, რომ პრობლემა იყო ჩაცმულობაში, ამის რაციონალური რეგულაციაც მისი საქმეა. გამოეცა ბრძანებულება.

რაზე საუბრობს საერთოდ? ეს არის ფიგურა, რომელმაც იუსტიციის სახლში საბჭოთა ქაღალდები დააბრუნა. მაგრამ ამ ერთ ადამიანში არ არის პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ივანიშვილში, ამ სამარცხვინო ლიდერში, რომელმაც ასეთი „კლოუნები“ მოგვიყვანა და ამდენი წელია მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ფუნქციებს თავზე დაასვა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გარდა ამისა, ის ასევე გამოეხმაურა უმრავლესობას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის წევრებს პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარების კრიტიკის უფლება არ გააჩნიათ.

„ყოფილმა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილი მე გახლდით, დამსახურებული პოლიტიკური ფასი გადაიხადა არჩევნებში მარცხით იმ უმძიმესი პრობლემების გამო, რომელიც პენიტენციურ სისტემაში არსებობდა. ეს იყო 9 წლის წინ თუ 8 წლის წინ და ამის შემდგომ ხელისუფლება მოვიდა ლეგიტიმური კრიტიკით. იმის ნაცვლად, რომ წინ წაეყვანათ საქმე და დამარცხებული ორგანიზებული დანაშაულის ფონზე კონტროლი დაეწესებინა თვითონ სამართალდამცავი სტრუქტურების, სასჯელაღსრულების მუშაკების მხრიდან ადამიანების უფლებების დაცვაზე, მან დააბრუნა იქამდე არსებული პერიოდი, როცა სისტემა ორგანიზებულ დანაშაულს ჩააბარა. ეს ადამიანების უფლებების დაცვას კი არა სრულ განუკითხაობას უზრუნველყოფს და ვბრუნდებით კიდევ უფრო წინა, შევარდნაძის დროში, ანუ წინ კი არ წაგვიყვანა, უკან წაგვიყვანა ამ თვალსაზრისით. ეს კი არ ამართლებს რამენაირად იმას, რა პრობლემებიც იქამდე იყო. არც ვცდილობ და არასოდეს არც მიცდია ეს. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და მათ შორის ჩემი. ოღონდ ჩვენი პასუხისმგებლობა რანაირად ათავისუფლებს ივანიშვილის ხელისუფლებას პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამდენი წელია მართავს ქვეყანას და ყველაფერზე ერთადერთი პასუხი აქვს, რომ ადრე სერიოზული პრობლემები იყოო. რას შველის ეს ჩვენს საზოგადოებას, ამას ჩვენ რომ მიგვითითებს?“- აღნიშნა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისპარის კონსულტანტი მათე ჯომიდავა რომელიც მომხმარებელმა დაჭრა, გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს და მომსახურება ფასიანი იქნება