გიგა ბოკერია: ტესტი, თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა არის ჩვენთვის მიუღებელი

ტესტი, თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა არის ჩვენთვის მიუღებელი. ან პირდაპირ შეთანხმება უნდა იყოს და ვადებზე ჩვენ მოქნილები ვართ, ან პლებისციტი, რა თქმა უნდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„მაინც იმედი მაქვს, რომ დაკორექტირდება. ეს ვარიანტი არ არის მისაღები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ახლა როგორც წერია, ეს ვარიანტი არ არის ჩემთვის მისაღები, მაგრამ ამაზე ბუნებრივია, გვექნება მსჯელობა პარტიის შიგნითაც და პარტნიორებთანაც საუბარი.

არ მგონია, რომ სწორია პროცენტის გაზრდა, თუმცა ეს იმ კალიბრის საკითხია, რომ ბუნებრივია ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან ხვალ დილითვე გვექნება კონსულტაცია, მათ შორის პოლიტსაბჭოს ყველა წევრთანაც გავივლით, მათ მოსაზრებასაც მოვისმენთ, მაგრამ ჩემი მოსაზრებაა და იცით ყველამ ეს, რომ თვითმმართველობის შედეგებზე მიბმის ტესტი არასწორი ტესტია და უნდა შეიცვალოს. ჯერ არავინ არ აწერს ხელს, ჯერ პროცესში ვართ. ჯერ მთავრობა არ მოსულა შეხვედრაზე და ვინ რაზე უნდა მოაწეროს ხელი. მოდი ჯერ მოვისმინოთ მათი პასუხი, „ქართული ოცნების“.

უპასუხისმგებლობის და უტიფრობის განცდას აჩენს ბევრი რამე და დღევანდელი მათი ჟესტიც, არ მოსვლა და პასუხის არ გაცემა, რას ფიქრობენ ამ დოკუმენტზე“,- განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, ამნისტია 20 ივნისის საქმეზე შეეხება თუ არა ყველას, ბოკერია აცხადებს, რომ კომპრომისის არსი, თუ შეთანხმება მოხდა, არის ის, რომ 20 ივნისს მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით, იმ მუხლებით, რა მუხლებზეც მოხდება შეთანხმება, ამნისტია მუხლებს უნდა შეეხოს.

„იქ აღარ ექნება მნიშვნელობა პოლიტიკურად ვინ ვის მხარეს იყო და ვინ ვის წარმოადგენდა. ნამდვილად ასე არის, ოღონდ რა მუხლები შევა ან არ შევა ამნისტიაში, იმიტომ რომ არის მძიმე მუხლები, აქამდე არ მისულა დისკუსია ჯერ“,- განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერია იმედოვნებს, რომ ოპოზიციას აღნიშნულ დოკუმენტთან მიმართებაში ერთი აზრი ექნება.

„მე იმედი მაქვს რომ ახლა არ მოხდება ისე, რომ ოპოზიციაში სხვადასხვა პოზიციები იქნება. თუ ეს მოხდა, ეს იქნება განსხვავება პრინციპულ საკითხზე“,- განაცხადა ბოკერიამ.

 

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიბაქრაძე: დოკუმენტში რურუასთან დაკავშირებით ამნისტიასთან ერთად ჩადებულია შეწყალების მექანიზმიც
შემდეგი სტატიამიშელის დოკუმენტის თანახმად, ოპოზიციონერი დეპუტატები 5 საპარლამენტო კომიტეტს უნდა ხელმძღვანელობდნენ