გიგა ბოკერია: საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს კი არა, ხედვის არარსებობას ვეწინააღმდეგებით

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, პარტია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას კი არა, იმას ეწინააღმდეგება, რომ მთავრობას არ აქვს არანაირი ხედვა, თუ როგორ უნდა დაეხმაროს სახლში უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს. ამის შესახებ ბოკერიამ “პალიტრას” ეთერში ისაუბრა.

ბოკერია ამბობს, რომ პარტია მხარს დაუჭერდა ნებისმიერ გონივრულ შეზღუდვას, რომელიც საჭირო იყო ჯანმრთელობის დაცვისთვის.

“გასული თვის განმავლობაში ვნახეთ გაუაზრებელი, აბსურდული შეზღუდვები, რაციონალური შეზღუდვების თანასწორად ვერშესრულება ადამიანებს შორის და რაც მთავარია, არანაირი ხედვა იმისი, თუ როგორ უნდა დაეხმარნონ ადამიანებს. როცა ადამიანს ეუბნები დარჩი სახლშიო, თუნდაც ლეგიტიმური მიზეზით, და არ გაქვს არანაირი ხედვაც კი წარმოდგენილი, როგორ უნდა შეინახოს ამ ადამიანმა ოჯახი, ამას არ ვუჭერთ მხარს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს კი არა, ხედვის არარსებობას ვეწინააღმდეგებით”, – ამბობს ბოკერია.

ბოკერია ამბობს, რომ ამ უმძიმესი გამოწვევის დროს, დროულ მოქმედებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ბევრი რამე ისეთი, რაც დროულად უნდა გეკეთებულიყო.

“ჩვენთან ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც უკვე ძალიან დიდი გაჭირვებაშია. ის შრეც კი, ვისაც რაღაც წესრიგი ჰქონდა, იმას თუ მოერღვა ეკონომიკური წესრიგი, თუ ჩამოიქცა ადამიანი, მერე იმის ამოქაჩვა ძალიან ძნელია, ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ დროზე დაწყებულიყო მოქმედება და დროზე ყოფილიყო მთავრობისგან სიგნალი, თუ რა ხედვა აქვთ”, – ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობას თან ახლავს უამრავი აბსურდული და გაუაზრებელი შეზღუდვა და იყო დემონტრაციული შერჩევითობა.

“ხშირ შემთხვევაში იყო დემონსტრატიული შერჩევითობა და ეს ეხება, რა თქმა უნდა, სასულიერო პირებს და მართლმადიდებელი ეკლესიის ხელშესახებ ნაწილს.

ეს ეხება ბიზნესებსაც, დახურეს სუფთა სახლი.არავის აუხსნია, ამხელა ქსელი რატომ დაიხურა და მისი ნაწილობრივი კონკურენტი რატომ არა. ასევე ეხება მანქანებით გადაადგილების სრულიად აბსურდულ შეზღუდვასაც”, – ამბობს ბოკერია.

საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას პარლამენტმა კენჭი გუშინ უყარა, ოპოზიციამ საგანგებოს გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშირეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირეს
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი: „ერთადერთი მიზანი, რის გამოც საგანგებო რეჟიმი გაგრძელდა არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა“