გიგა ბოკერია: პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტის შესრულება არ დასრულებულა და ეს ყველაფერი ვადამდელი არჩევნებით უნდა დასრულდეს

კარგი ნაბიჯია, გააგრძელონ, გიორგი რურუა გაათავისუფლონ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებამდე როგორ უნდა მივიდეთ, ანუ, როგორ უნდა შეიცვალოს სარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები და როგორ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები – ჩვენ ამაში ყოველთვის მივყვებით მათ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტის შესრულება არ დასრულებულა და ეს ყველაფერი ვადამდელი არჩევნებით უნდა დასრულდეს.

“მოხარული ვარ, რომ ეს აბსოლუტურად უდანაშაულო 2 ადამიანი არის თავისუფალი, რომელიც მძევალი იყო ამ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამარცხვინოა, ის რა ფორმითაც არიან დღესაც – გირაო დააკისრეს და თანამდებობიდან გადააყენეს, რატომ? – გაუგებარი. არანაირი სამართლებრივი ლოგიკა მაგაშიც კი არ არის, უბრალოდ, დროებით შეიძლებოდა შეჩერებოდა უფლებამოსილება, ვიდრე ბრალდება არსებობს, მე ვიძახი მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ ეს ადამიანები არიან თავისუფალნი, მითუმეტეს, რომ ამ ადამიანებმა გამოიჩინეს სიმტკიცე და წესიერება, რაც ამ ვითარებაში დამატებით დასაფასებელია.

მოლაპარაკებების პირველი პირობის, პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესრულება არ არის დასრულებული, ჩვენ ციხეში გვყავს კიდე ერთი ადამიანი, გიორგი რურუა 8 მარტიდან მოყოლებული. როდესაც, ის იქნება თავისუფალი, მაშინ სწორედ იმიტომ, რომ კომპრომისის გამონახვა გვსურს, მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურ ვითარებაში ბრალდება უნდა მოხსნილიყო საერთოდ და ეს საქმეები უნდა დახურულიყო, იმისთვის, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს, მათი ფიზიკური თავისუფლება ჩაითვლება ოპოზიციის მხრიდან ამ პუნქტის შესრულებად. წავიწევთ წინ და უნდა შესრულდეს მერე დანარჩენი პუნქტები და უნდა დასრულდეს ვადამდელი არჩევნებით.

ის, რომ ისინი თავისუფლები არიან კარგია, როგორი სამარცხვინოც არ უნდა იყოს ტექნიკური კონტექსტი და როგორი სამარცხვინოც არ უნდა იყოს, რომ აქამდე ისხდნენ და როგორი სამარცხვინოც არ უნდა იყოს პროკურატურის განცხადებები ახლა, მაინც კარგი ნაბიჯია, გააგრძელონ, გიორგი რურუა გაათავისუფლონ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებამდე როგორ უნდა მივიდეთ, ანუ როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, და როგორ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები – ჩვენ ამაში ყოველთვის მივყვებით მათ. უფრო ზუსტი, რომ ვიყო ჩვენ გვაქვს კომპრომისული წინადადებები დასმული და მათგან ადეკვატური რეაქცია არ მიგვიღია არც მოლაპარაკებების რაუნდზე”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა კულუმებგოვი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არცერთი რეაქცია საბედნიეროდ ლეტალური შედეგით არ დასრულებულა
შემდეგი სტატიანიკა მელია: ივერი მელაშვილისა გაუტეხლობამ, უკომპრომისობამ დააყენა დღევანდელი შედეგი