გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან, ყველა ფუნდამენტურ საკითხზე ერთ პოზიციაზე არიან. მისივე თქმით, არის მხოლოდ მცირე განსხვავებები. გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის დღევანდელ განცხადებას უპასუხა.

„ბატონ თალაკვაძეს და ყველა მისნაირს მინდა ვურჩიო, მიუტანონ ივანიშვილს ამბავი, თუ მის ინტერესშიც არის გონს მოსვლა, მაშინ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ზოგადად საუბარი და იმის იმედად ყოფნა, რომ ვიღაც მოტყუვდება ან რაღაც ინტრიგებით შედეგს მიაღწევს, არის სისულელე. არაფრის მომტანია არც მისთვის, არც ქვეყნისთვის. გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ქვეყანაში რეპრესიების შეწყვეტის, პოლიტიკური პატიმრების გაშვების და რეალური საარჩევნო კომპრომისის. რასაც დაპირდა ხალხს თვითონ, რომ არჩევნები პროპორციული უნდა იყოს. სრულად პროპორციული სამწუხაროდ ვერ იქნება, გვესმის, ვართ მოქნილები. ამისთვის გვაკრიტიკებენ კიდევაც. ჩემი აზრით, უსაფუძვლოდ, მაგრამ ვიღებთ კრიტიკას არსებითი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგან და ჩვენ ვართ დაინტერესებული, რადგან ქვეყნისთვის ასე ჯობია.

შემდეგ, შედარებით ნორმალურ საარჩევნო კამპანიაში ჩვენ დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას და უნდა შეეგუოს ამომრჩევლების ნებას. ამასთან, უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოსასვლელად როცა ივანიშვილს დავამარცხებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლას იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია. ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონგრესმენმა ყველა მხარეს მოუწოდა, პასუხისმგებლობა გააცნობიერონ და შეთანხმებისკენ ნაბიჯები გადადგან.

banner
წინა სტატიაშიდაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი ჯარისკაცებმა მიულოცეს
შემდეგი სტატიაბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ბავშვი ჩავარდა