გიგა ბოკერია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსზე კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია ირწმუნება, რომ „ევროპული საქართველოსთვის“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის არსებობა მეათასეხარისხოვანია.

გიგა ბოკერია რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონსულტაციებისთვის ყოველთვის მზად არის.

„იმ პროცესების ფონზე, როცა ამდენი დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს და „ქართული ოცნება“ შიდა კონფლიქტის შედეგად სუსტდება, ჩვენთვის მეათასეხარისხოვანია უმცირესობის სტატუსი. „ქართულ ოცნებას“ რაც უფრო მეტი დეპუტატი დატოვებს და ივანიშვილის მომსახურება რაც უფრო გაუჭირდებათ შიდა კინკლაობის გამო, ეს ქვეყნის ინტერესებისთვის მით უკეთესია. კონსულტაციებისთვის ღია ვართ, თუმცა საკითხზე კონსულტაცია არ გვქონია”, – განაცხადა ბოკერიამ.

იმ შემთხვევაში, თუ „ქართულ ოცნებას“ კიდევ სამი დეპუტატი დატოვებს, „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს დაკარგავს. ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე კი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ უმცირესობის შემადგენლობაში შესვლის მიზნით კონსულტაციების გამართვას არ გამორიცხავს.

ამ დროისთვის „ევროპული საქართველო“ პარლამენტში წარმოდგენილია 20 დეპუტატით და საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი აქვს; გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს და ამ დროისთვის მმართველ გუნდში 111 კანონმდებელია, თუმცა არსებული ინფორმაციით, უმრავლესობიდან წასვლას აპირებენ „სოციალ-დემოკრატების“ წევრები გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი და რუსლან პოღოსიანი.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები უმრავლესობას დატოვებენ, „ევროპულმა საქართველომ“ შესაძლოა, საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი დაკარგოს. მიზეზი დეპუტატთა რაოდენობაა. კერძოდ, უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ ამ დროისთვის არის ექვს წევრიანი „ნაციონალური მოძრაობა“, ხუთ წევრიანი „პატრიოტთა ალიანსი“ და სამი დამოუკიდებელი დეპუტატი – ნატო ჩხეიძის, მამუკა ჩიქოვანისა და დავით ჭიჭინაძის სახით.

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ 20-ზე მეტი დეპუტატი იქნება, ეს „ევროპული საქართველოსთვის“ უმცირესობის სტატუსის დაკარგის საფუძველი გახდება.

საპარლამენტო უმცირესობას პარლამენტში საკითხების განხილვისას ეთმობა მეტი დრო, ჰყავს აპარატი, მოქმედებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თანამდებობაც

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძემ ივანიშვილის შუშის სასახლე დატოვა – უმრავლესობისა და “ოცნების” თავმჯდომარის შეხვედრა გრძელდება
შემდეგი სტატიამოსამართლემ მირზა სუბელიანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა