გიგა ბოკერია – მიმაჩნია, რომ დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას პარტიიდან წასვლა სამწუხარო და მცდარი გადაწყვეტილებაა

მიმაჩნია, რომ დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას პარტიიდან წასვლა სამწუხარო და მცდარი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიგა ბოკერიამ ყოფილ თანაგუნდელებს წარმატება უსურვა და ერთად განვლილი გზისთვის მადლობა გადაუხადა.

„არ ვაპირებ დიდი ხნით შეგაწყინოთ თავი, მაინც დავიწყებ უსიამოვნო ამბით. ამის გამოტოვება არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები. არაერთი ლიდერი, რომელთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს რთული გზა გავიარეთ. მე მიმაჩნია ეს სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად მათი მხრიდან. არ დავმალავ ამას. ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო. ასეთ დროს განსაკუთრებით, რთულ ვითარებაში, ამ პარტიისთვის კი არა მხოლოდ, მთელი ქვეყნისთვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ მათ მოსაზრებას, გადაწყვეტილებას. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ყველას ერთად განვლილი გზისთვის და წარმატება ვუსურვო მომავალ გზაში, თუ, რა თქმა უნდა, ეს გზა ემთხვევა ჩვენს ინტერესებს, ჩვენს ღირებულებებს. ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები, მე ვყოფილვარ ერთ გუნდში ისეთ ადამიანებთან, რომელთა წასვლაც სამწუხარო იყო. ცოტა ხნის წინ მოხდა ეს ასევე, ელენე ხოშტარია, ჩემი მეგობარი თავის პოლიტიკურ გზაზე დადგა. იქამდე იყო ზურა ჯაფარიძე, თავის პოლიტიკურ გზაზე დადგა. ეს ორი ადამიანი არის ჩემი არა მხოლოდ მეგობარი, განსაკუთრებით ელენე, არამედ პოლიტიკური ღირებულებებით ახლოს ვართ და ერთად ვიბრძოლებთ ამ გზაზე. ყველა ადამიანი, რომელიც ჩვენთად ერთად იყო, სანამ ის ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, არის ჩვენი პარტნიორი და თანამოაზრე.

მაგრამ განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ვინც დღეს ხართ დარბაზში და ვინც ამ ურთულეს მომენტში ხართ იმ გუნდის, პრინციპებისა და იმ ღირებულებების ნაწილი, რაც სჭირდება ქვეყანას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე დღეს მიიღეს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძემ პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვა