გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

როგორც ჟურნალისტებს ბოკერიამ განუცხადა, ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო საკითხი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთში მართლმადიდებლური ეკლესია შერწყმულია ხელისუფლებასთან, პუტინის რეჟიმთან და ინსტრუმენტს წარმოადგენს მისი მეზობლების წინააღმდეგ აგრესიაში.

მისი თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური შედეგების მომტანი მოვლენაა და ეს მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვება არ არის.

„საქართველოში ნანახი გვაქვს, პუტინის რეჟიმი ეკლესიის გავლენას როგორ იყენებს ჩვენს წინააღმდეგ პირდაპირ აგრესიაში თუ პროპაგანდისტურ ომში. პოლიტიკოსებმა თავისი პოზიცია უნდა დააფიქსირონ. „ევროპულმა საქართველომ“ უკრაინელ ხალხს გამარჯვება მივულოცეთ, მაგრამ ამ საკითხზე არც პრემიერისგან, არც საგარეო მინისტრისგან და არც „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან პოზიცია არ მოგვისმენია. სალომე ზურაბიშვილის გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, სადაც ხელი ეკლესიისგან გაიშვირა, რაც ფუნდამენტურად არასწორია, რადგან ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილია. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლებაა. ამ საკითხზე როგორია მათი პოზიცია და რატომ აქვთ ის პოზიცია რაც აქვთ, თუ აქვთ საერთოდ, უნდა გვითხრან”, – აცხადებს ბოკერია.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ საკითხზე პარლამენტში პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაიბარონ.

„როცა ხელისუფლება უკრაინელ ხალხს ამ მოვლენას არ ულოცავს, რასაც საქართველოს მომავალზე პირდაპირი გავლენა აქვს, ეს ზიანის მომტანია საერთაშორისო პოზიციებისთვის. ასევე ზიანის მომტანია ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი დისკუსიისთვის და იმ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც რუსეთი ქვეყნის შიგნით აწარმოებს. მათ პასუხს ველოდებით, რა არის მათი პოზიცია. ხელს ეკლესიისკენ ნუ გაიშვერენ. ხელისუფლება და პოლიტიკოსები ეკლესიის საკითხებში არ უნდა ერეოდნენ, მაგრამ ამავე დროს, ხელის გაშვერა რომ მათ ველოდებით, გაუგებარია. მაშინ ახსნან, რას ნიშნავს, სახელმწიფოსა და ეკლესიის გაყოფა”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესზე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს
შემდეგი სტატიაირლანდიაში ყოფნის წესების დარღვევის მიზეზით, საქართველოში ათამდე მოქალაქე ბრუნდება