გიგა ბოკერია – გრიგოლ ვაშაძის განცხადება მოლაპარაკებებზე არის სიცრუე

მინდა, გამოვეხმაურო გრიგოლ ვაშაძის ამ ბოლო რამდენიმე დღეში გაკეთებულ განცხადებებს. საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს, რომ თითქოს რაღაც მოლაპარაკებები იყო დანიშნული მთლიანად ოპოზიციასთან ან მის ნაწილთან და ჩაიშალა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დიალოგის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მოლაპარაკებების საგანი ახალი არჩევნების ჩატარება და კრიზისის განმუხტვა უნდა იყოს.

„მინდა, გამოვეხმაურო გრიგოლ ვაშაძის ამ ბოლო რამდენიმე დღეში გაკეთებულ განცხადებებს და მედიასთან მის მიერ გაკეთებულ გზავნილებს. გარდა იმისა, რომ გაუგებარი ცნობიერების ნაკადი მოვისმინეთ უერთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებით, მთავარი საკითხი, რაზეც მინდა, იყოს სრული სიცხადე, არის- საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს, რომ თითქოს რაღაც მოლაპარაკებები იყო დანიშნული მთლიანად ოპოზიციასთან ან მის ნაწილთან და ჩაიშალა, ეს უბრალოდ სიცრუეა.

მოლაპარაკებები და დიალოგი არის საჭირო, შესაძლოა, მოხდეს და უნდა მოხდეს მხოლოდ ერთ საკითხზე- ახალი არჩევნების ჩატარებაზე და იმ ცვლილებებზე, რაც სჭირდება ნორმალური არჩევნების ჩატარებას (პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკო-ს თავჯდომარისა და ზოგადად ცესკო-ს საკითხი). ასევე, სრული სიცრუეა, რომ თითქოს ოპოზიციაში არის დიალოგის მიუღებლობა და ამან გამოიწვია ჩაშლა რაღაცის. „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში, „ლელოს“, „გირჩს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ცოტა ხნის წინ გვქონდა განცხადება საკმაოდ მკაფიო პოზიციით, რომ დიახ, დიალოგის მომხრე ვართ და ეს სააჭიროა, ოღონდ ამ კონკრეტულ საკითხზე- ახალი არჩევნების ჩატარებაზე და ამ კრიზისის განმუხტვაზე. სხვაზე ვერაფერზე ვერ იქნება დიალოგი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, როგორც ბოკერია ამბობს, ოპოზიციას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მყარი პოზიცია აქვს.

„მეორე, მყარი პოზიცია გვაქვს, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა და ბოიკოტი არ შეიცვლება. მესამე, მიუხედავად იმისა, რომ სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება იმ ძალადობრივ აქტებზე, რაც ვიხილეთ, ჩვენ ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს და მოვუწოდებთ ყველა გულწრფელად აღშფოთებულ მოქალაქეს, თუ რომელიმე პარტიის მხარდამჭერს, რომ საპასუხო ძალადობა არის დაუშვებელი და ის თავად გაემიჯნება პროცესებს, ვინც ასე მოიქცევა.

რომ დავუბრუნდეთ გრიგოლ ვაშაძის ამბავს, ჩემი აზრით, სამარცხვინო ამბავია, რასაც ვხედავთ. მესმის, ადამიანები არ არიან მზად კრიზისის დროს პასუხისმგებლობა აიღონ, მაგრამ ამ ფორმით მოხსნა პასუხისმგებლობის, არის ძალიან ცუდი საქციელი საკუთარი პარტიისა და მთლიანად სხვების მიმართ. წულუკიანს უყვარს ხოლმე აგიოგრაფიული ნაწარმოების ციტირება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს მართლა შესაბამისია, ირყეოდენ ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთაო, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე: რას ემსახურებოდა გრიგოლ ვაშაძის განცხადებები, ხომ არ ნიშნავს ეს პასუხისმგებლობისგან გაქცევას, ბოკერიამ განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძე კრიზისულ ვითარებაში პასუხისმგებლობას გაექცა.

„ეს მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ასე იქცევიან ადამიანები, რომლებიც კრიზისულ სიტუაციაში (კრიზისილი ვითარებაა ივანიშვილის მიერ შექმნილი) პასუხისმგებლობას გაურბიან ხოლმე. სუსტი აღმოჩნდა ამ ვითარებაში და უბრალოდ, ამ ვითომ ღირსეული ფორმით იწევა პასუხისმგებლობისგან“-, აღნიშნა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა, რომ დიპლომატების ჩართულობით დიალოგი მიმდინარეობდა, რომელიც ჩაიშალა. ვაშაძე არ აკონკრეტებს, რა გახდა ჩაშლის მიზეზი, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია სწორედ ამ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას მართავენ
შემდეგი სტატიაკობახიძე პარტიების დაფინანსებაზე ბრალდებებს პასუხობს: მაშინ არჩევნებთან დაკავშირებულ პრივილეგიებსაც არ უნდა იღებდნენ