გიგა ბოკერია-გიორგი რურუა უნდა იყოს თავისუფალი, რადგან ეს პრინციპულ, სიმბოლურ საკითხად იქცა

region
ავტ.: region ივლისი 31, 2020 15:29

გიგა ბოკერია-გიორგი რურუა უნდა იყოს თავისუფალი, რადგან ეს პრინციპულ, სიმბოლურ საკითხად იქცა

საქართველოს ყველა მეგობრის ამოცანაა, ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა კიდევ უფრო მეტ შარში არ გახვიოს, სწორედ ამას ემსახურება მათი გზავნილები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები საქართველოს მომავალს უკავშირდება.

„ყველა გზავნილი, რომელიც მთელი ეს პერიოდია, გვესმის ყველას და პირველ რიგში, ესმის ივანიშვილსა და მის გარემოცვას, უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ეს არის ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთა, ასევე პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესი საქართველოს ყველა მეგობრის, იქნება ეს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს დიდი ხნის მეგობარი თუ ევროპარლამენტარი, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კუბილიუსი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ჯერზე ვინ იქნება. ეს არის საერთო სურათი, რომელსაც ხედავენ ჩვენი პარტნიორები. როგორც ქართული საზოგადოების, ასევე მათ შეშფოთებას იწვევს, საითაც მიჰყავს ივანიშვილს ქვეყანა. ის მათ ბოლომდე იგნორირებას ვერ ახერხებს“, – აცხადებს ბოკერია.

დეპუტატის შეფასებით, ამის მაგალითია პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო მოდელის მიღება.

„ამის მაგალითია პირველ რიგში ის, რომ ქართული საზოგადოების წნეხთან ერთად, ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღო საარჩევნო მოდელი, რომელიც მას არ სურდა – პროპორციულთან მიახლოებული და პოლიტპატიმრების ნაწილის გამოშვებაც მოუწია, მაგრამ მაინც ვირეშმაკობს და ეს ვირეშმაკობა ქვეყნისთვის სახიფათო და საზიანოა. ამიტომ ბუნებრივია, საქართველოს ყველა მეგობრის ამოცანაა ამ ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტ შარში არ გახვიოს ივანიშვილმა. სწორედ ამას ემსახურება ეს გზავნილები. რიტორიკულად ეს სისულელეების კასკადი, რაც მისი პოლიტიკური კლოუნებისგან გვესმის არაფრისმთქმელი და არაფრისმომცემი არ არის. ჩვენ გვაინტერესებს შედეგები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, გიორგი რურუა თავისუფალი უნდა იყოს და ძალადობის ფაქტები არ უნდა ფიქსირდებოდეს.

„რურუა უნდა იყოს თავისუფალი, რადგან ეს პრინციპულ, სიმბოლურ საკითხად იქცა, ძალადობის ფაქტები აღარ უნდა გვქონდეს არც ერთი. თუ ბიძინა ივანიშვილი ამ გზას გააგრძელებს ძალაუფლებას დაკარგვის შიშით და ეს შიში რაციონალურია, ამით თავს ვერ გადაირჩენს, მაგრამ შარი ქვეყნისთვის იქნება კიდევ უფრო მეტი, ვიდრე მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ქმედებების გამო“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – „გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით რა პასუხი გასცა საერთაშორისო პარტნიორებს ივანიშვილმა“, ოპოზიციონერი დეპუტატი პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მთლიანად ვერ აიგნორებს საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებს.

„მე ასე არ ვიტყოდი, რომ პასუხი გასცა, რაღაც ასეთ უძლეველ რაინდად, თუნდაც ბოროტ რაინდად ვერ წარმოადგენ. ჩვენ ვნახეთ, რომ ვერ აიგნორებს ამ გზავნილებს მთლიანად. ეს კარგია ქვეყნისთვის. ოღონდ რურუას შემთხვევა, კიდევ ერთი აშკარა მაგალითია, როგორ ასრულებს სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთას, მნიშვნელოვანი, სიმბოლური ფაქტორია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, რა მეთოდით, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

„ჩვენი ყველას ამოცანა, ნებისმიერი მექანიზმით ამ შემთხვევის დახურვაც, ანუ ივანიშვილის მხრიდან რურუას გათავისუფლება, რა მეთოდს გამოიყენებს, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა პასუხი კი არ იქნება, იქნება პრობლემა ქვეყნისთვის, რომელსაც ივანიშვილი ქმნის. თან ამას აკეთებს ისე, რომ ეს მასაც ვერაფერს ახეირებს, უფრო მეტიც, დიდ პერსონალურ შარში გახვევს. უბრალოდ ჩვენი თვითმიზანი ეს არ არის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

region
ავტ.: region ივლისი 31, 2020 15:29

Google სტატისტიკა


1,942
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics