გიგა ბოკერია: განცხადებებს დიპლომატიური ენა აქვს ხოლმე და ზოგი არის კიდევ უფრო მკაფიო, ვიდრე სხვა

სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადება ძალიან მკაფიოა, ისინი პრობლემას ხედავენ პოლიტიკურ დევნასა და იმაში, რაც არჩევნებზე მოხდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარტნიორებისგან ამაზე უფრო მკაფიოდ რამის თქმა წარმოუდგენელია.

„განცხადებებს დიპლომატიური ენა აქვს ხოლმე და ზოგი არის კიდევ უფრო მკაფიო, ვიდრე სხვა. ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის ეს განცხადება სწორედ რომ ძალიან მკაფიოა, სად ხედავენ საქართველოს მეგობრები პრობლემას. ისინი პრობლემას ხედავენ იმაში, რაც მოხდა არჩევნებზე, პოლიტიკურ დევნაში, რასაც 8 მარტის შეთანხმება დასჭირდა და არ შესრულდა, ახლა მელიასთან დაკავშირებული. მაშინ სენატორებს შაჰინს და რიშს გაკეთებული აქვს ძალიან მკაფიო განცხადებები 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე, რამაც ნაწილობრივ მოგვიყვანა ამ ვითარებამდე. პანდემიით გამოწვეული ამ საერთო პრობლემებით, ამ რაღაც კვამლით ისარგებლა ივანიშვილის ხელისუფლებამ და ერთი პოლიტპატიმარი ციხეში დატოვა სიმბოლურად, რომ ეჩვენებინა, არ ასრულებს შეთანხმებას.

მერე დავით გარეჯის საქმე დაიწყო, მერე იყო მანიპულაცია არჩევნებზე ჩაყრა და მოსყიდვა. ამის შემდეგ რეპრესიები განახლდა და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ წავიდა. ამიტომ საქართველოს მეგობრებისგან და საგარეო პოლიტიკისთვის საკვანძო ფიგურებისგან ამ განცხადებაზე უფრო გარკვევით რამის თქმა, ჩემი აზრით, წარმოუდგენელია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.

banner
წინა სტატიაშიარის არჩევანი: საქართველო ან წავა ლიეტუვის გზით, ან სხვა გზით
შემდეგი სტატიანიკა მელია ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდა