გიგა ბოკერია – ეროვნული ვალუტის რყევა და არასტაბილურობა ყველა მოქალაქის შემოსავლებსა და გეგმებს ურტყამს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ეროვნული ვალუტის რყევა და არასტაბილურობა გრძელდება, რაც პირდაპირ და ირიბად ყველა მოქალაქის შემოსავლებსა და გეგმებს ურტყამს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიგა ბოკერიამ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მოვლენა ხდება, რაც სიმბოლურად და არსებითად კიდევ ერთი ზღვრის გადალახვაა ლარის კურსთან მიმართებაში. მისი თქმით, ბაზარზე ლარი 3-ის ნიშნულს გასცდა.

„ვითარება პირდაპირი შედეგია ივანიშვილის გუნდის არაკომპეტენტური და მავნებლური პოლიტიკის, რაც წლების განმავლობაში გამოიხატება – გადასახადების, მავნებლური რეგულაციებისა და ბიუროკრატიის ზრდაში. ასევე, საპენსიო გადასახადების დამატებაში. სრული აბსურდია საბანკო რეგულაციები. ვითომ, ხალხს უფრთხილდებიან და სინამდვილეში, ჩვენს ნაცვლად, ჩვენს ცხოვრებას განკარგავენ ჩვენი კეთილდღეობის საზიანოდ. ამ ვითარებას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლამდე არაფერი ეშველება. მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლება გადასახადების დაწევას არ აპირებს. ეს ფული თავისთვის, არჩევნებისთვის, საკუთარი კეთილდღეობისთვის უნდათ. ამას ის პოლიტიკური ვითარება და კრიზისი დაემატა, რომელიც ივანიშვილმა და მისმა გუნდმა შექმნეს. ამაში მხოლოდ „გავრილოვის ღამე“ არ იგულისხმება, იგულისხმება ბიზნესის მიმართ გადადგმული დრაკონული ნაბიჯები. ანაკლიის კრიზისი, სადაც კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროექტზეც კი პირდაპირ ივანიშვილის მითითებით დაიწყო დევნა და ამ ყველაფერმა კლიმატი შექმნა, რომელიც ეკონომიკურ ვითარებაზე პირდაპირ აისახება. დაბალი ზრდაა, გაზრდილია გადასახადები და მერყევია კურსი. რამდენიმე დღის წინ სკანდალური ნაბიჯი ვნახეთ, როცა მთავრობამ კრედიტი ვერ აითვისა და დამატებით შიდა ძვირ ვალს იღებს.

ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მავნებლური ინიციატივების ნაწილი მაინც გააუქმონ. მაგალითად: საბანკო რეგულაციები, რაზეც “ქართული ოცნების გუნდის” წარმომადგენლებსაც კი წამოსცდათ, რომ მავნებლურია; ასევე საპენსიო გადასახადი. ბრიყვულია დედოლარიზაციის რეგულაციებიც, რაც ურტყამს ეკონომიკასა და ჩვეულებრივი ადამიანების შემოსავალს. ეს მაინც გააუქმონ, რათა საკუთარი ძალაუფლების დაკარგვამდე არ არიან მზად, რომ საგადასახადო ტვირთი შეუმცირონ ხალხს და ჯიბიდან ნაკლები ფული ამოუღონ. მათი დამარცხების შემდეგ ამ ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ”, – დასძინა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიაამ შეხვედრისთვის რუსეთის ფედერაცია მოვიდა უფრო მწყობრად და კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგიით- ვალერი ჩეჩელაშვილი