გიგა ბოკერია და დავით ბაქრაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ?!

უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელმა რუხმა კარდინალმა, გიგა ბოკერიამ, პოლიტსაბჭოზე ისეთი მოულოდნელი მარცხი განიცადა, დავით ბაქრაძესაც კი უთქვამს, _ ყრილობაზე თავმჯდომარის საკითხის დასმა აღარ ღირს, უმრავლესობამ რაც გადაწყვიტა, ყველაფერი ისე უნდა იყოსო.
პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ კი მიხეილ სააკაშვილის იდეას დაუჭირა მხარი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა წარმომადგენლობითი და ხალხმრავალი იქნება. კენჭისყრა უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში წარიმართა და გადამწყვეტი სწორედ იმ ადამიანების ხმები აღმოჩნდა, რომელთა პოზიციაშიც ბოკერია-მაჭავარიანის ტანდემს ეჭვი არ ეპარებოდა. პოლიტსაბჭოს სხდომა პირველი ატირებულ თიკა ბოკუჩავას დაუტოვებია, _ მე სააკაშვილის წინააღმდეგ ხმას ვერ მივცემო. არადა, ბოკუჩავას ხმა ბოკერიას მხარდამჭერებში ითვლებოდა, გია ბარამიძის ხმამ და გიგი წერეთლის თავშეკავებულობამ საბოლოოდ გადაწყვიტა ყრილობის ბედი. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ხათუნა გოგორიშვილი ფეხზე წამომდგარა და წევრებისთვის შეურაცხყოფაც მიუყენებია, ხოლო გიგა ბოკერია დაჟინებით ითხოვდა დერეფანში მყოფი სააკაშვილის მომხრეების შენობიდან გაძევებას, რომლებიც „მიშა! მიშას!“ სკანდირებდნენ. ნუგზარ წიკლაურს მომხრეებისთვის დაშლა უთხოვია, რადგან ბოკერია დერეფანში რომ გამოსულიყო, მის გამოხტომას ვინმე ვერ მოითმენდა და ამ დაგეგმილი პროვოკაციის ფონზე პოლიტსაბჭოს სხდომაც ჩაიშლებოდა.
ხალხმრავალი ყრილობა 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, რეგიონული ოფისების ის ხელმძღვანელები, რომლებიც მერყეობდნენ და გიგა ბოკერიას მხარეს მოიაზრებოდნენ, უკვე სააკაშვილთან მისასვლელ გზებს ეძებენ, კაკო ბობოხიძესაც კი, რომელიც პარლამენტში შესვლის ინიციატორი და ბოკერიას ერთ-ერთი აქტიური მოკავშირე იყო, კიევში სააკაშვილთან დაურეკავს. ბობოხიძის ზარს სააკაშვილი ჩვეულებრივზე უფრო ცივად შეხვედრია,
_ კაკო, უკვე წლებიც მომემატა და გამოცდილებაცო, _ უთქვამს მიშას ყოფილი გუბერნატორისთვის.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ბოკერიას ფრთა დანებებას მაინც არ აპირებს და 20 იანვრისთვის დაგეგმილ ყრილობაზე ისევ აპირებს კენჭისყრაზე თავმჯდომარის არჩევის საკითხის დაყენებას. სწორედ მხარდამჭერების მომხრობას ემსახურებოდა ხათუნა გოგორიშვილის მიერ „ამბასადორში“ მოწყობილი ქალთა ორგანიზაციის შეკრება. ამ შეკრების პარალელურად სკანდალში გაეხვია სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ლაშა დამენია, რომელიც ტეტ ა ტეტ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარს, ედიშერ თოლორაიას შეხვდა. ამ შეხვედრის ფოტო კონფიდენციალურმა წყარომ სწორედ მე მომაწოდა და სოციალურ ქსელში მის გამოქვეყნებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ლაშა დამენიამ შეხვედრის ფაქტი დაადასტურა, ხოლო ედიშერ თოლორაიამ, ფოტოს არსებობის მიუხედავად, სიცრუის გავრცელებაში დამდო ბრალი. ასე იყო თუ ისე, დამენიას ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია, რა თემაზე საუბრობდა ყოფილ ოპონენტთან და იცოდა თუ არა ამ შეხვედრის შესახებ, თუნდაც, სანდრა რულოვსმა?
ქალთა შეკრებაზე სიტუაცია გოგორიშვილის კონტროლიდან გამოსულა _ ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია სცენიდან პირდაპირი მნიშვნელობით ჩამოუგდიათ, _ ლელა ქებურიას უთქვამს, _ სააკაშვილის მხარდაჭერა მეგის ქარდავას მხარდაჭერას ნიშნავსო. სწორედ ამას მოჰყოლია აუდიტორიის გაღიზიანება, _ სააკაშვილს როგორ ახსენებო?! ქებურიასთვის პირში მიუხლიათ, _ შენ, საერთოდ, ვინ ხარ, ანი წითლიძე არ უნდა იყოს სიაში და შენო? ამის შემდეგ მას დარბაზი ატირებულს დაუტოვებია. სწორედ ამ დროს თიკა ბოკუჩავასთან მიხეილ სააკაშვილს დაურეკავს, _ სკაიპით ჩამრთე, მხარდამჭერებს უნდა მივმართოო. ბოკუჩავას სააკაშვილი სკაიპით ჩაურთავს, რასაც ხათუნა გოგორიშვილის პროტესტი მოჰყოლია, _ ჩვენ აქ საქმეზე სალაპარაკოდ ვართ შეკრებილიო. გოგორიშვილის ისტერიკაზე სააკაშვილს მშვიდად უპასუხია, _ ხათუნა, შენ, რა გესაქმება მხარდამჭერებთან, პარტიიდან საერთოდ უნდა წახვიდეო. როგორც ჩანს, სააკაშვილმა დეტალურად იცის იმ საარჩევნო გარიგებების თაობაზე, რომელსაც არჩევნების წინ და შემდეგ ჰქონდა ადგილი და რომელშიც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „ნაცებიდან“ გოგორიშვილ-მაჭავარიანის დუეტი, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ რომან კუსიანი ხელმძღვანელობდა. ხათუნა გოგორიშვილს ლაკა ხოშტარია მიხმარებია, ფეხზე წამომდგარა, _ მიშა, იცი, რაო… _ სააკაშვილს იქვე უთქვამს, _ შენ საერთოდ ვინ ხარ, მე მხარდამჭერებთან სასაუბროდ ჩავერთე და შენთან არაფერი მაქვს სათქმელიო. ამის მერე ექსპრეზიდენტს მკაფიოდ ჩამოუყალიბებია საკუთარი პოზიცია, რასაც დარბაზში მყოფთა დიდი უმრავლესობა დასთანხმებია. შეკრების მეორე დღეს „ამბასადორში“ პირადად გიგა ბოკერია მისულა, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ ქალთა დეპუტაციას არც გიგა ბოკერიასთვის, არც კაკო ბობოხიძისთვის წესიერად არც მოუსმენია, მეტიც, ბოკერიასთვის საკმაოდ აგრესიული ტონით უთქვამს, _ საკუთარ ცოლს მიხედე და ნუ დაგავიწყდება, რომ პარლამენტში ჩვენი ხმებით სხედხართო.
როგორც ჩანს, ბოკერიას ფრთა ვერც რეგიონებში შეძლებს ყრილობისთვის დეპუტატების საკუთარი სქემით მობილიზებას, ამიტომ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თუ პარტიის ყრილობამ მათთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიიღო, გამორიცხული არაა, ამ ჯგუფმა საერთოდ დატოვოს „ნაციონალური მოძრაობა“.
მაგრამ გიგა ბოკერია აქ უკვე ბევრად უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე დგება, _ „ქრონიკა+“-ის კარგად ინფორმირებული წყარო იმ შეხვედრებსა და ვალდებულებებზე გვიყვება, რომელიც ბოკერია-ბაქრაძეს ბიძინა ივანიშვილთან პირადი შეხვედრებისას ჰქონდათ აღებული. უკვე ცხადზე ცხადია, რომ ეს ვალდებულება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკუთარი პარტიიდან საბოლოო დისტანცირება და ქართული პოლიტიკიდან გაძევება იყო.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერების გადაბირების პროცესი კი, ჯერ კიდევ, 2013 წელს დაწყებულა _ პირველი სამიზნე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ყოფილა. ბიძინა ივანიშვილისთვის სტიმული „ნაციონალური მოძრაობის“ პირველ აქციაზე ვანო მერაბიშვილის საქციელი ყოფილა, როცა „ნაცმოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა მიტინგი სააკაშვილის გამოჩენისთანავე დატოვა და მომხრეების საკმაოდ დიდი ჯგუფიც გაიყოლა.
პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილთან მოლაპარაკება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ შეფს, დიმა დარბაისელს დავალებია, სწორედ მას შეუთანხმებია ირაკლი ღარიბაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კონფიდენციალური შეხვედრის დეტალები. სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან ვანო მერაბიშვილი საკნიდან დღის ორის ნახევარზე სწორედ დიმა დარბაისელს გაუყვანია და ორთაჭალაში კონსპირაციულ აგარაკზე მიუყვანია, მანქანაში დიმა დარბაისელთან ერთად, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კოტე კუბლაშვილიც იჯდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ძმებ კუბლაშვილებისა და ივანიშვილის ურთიერთობა, ჯერ კიდევ, 2011 წელს დაწყებულა. კოტეს სასამართლო სისტემის კონტროლი, ხოლო პავლეს საჭირო დროს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა ჰქონდა დავალებული.
ორთაჭალის კონსპირაციულ აგარაკზე ვანო მერაბიშვილის მიყვანიდან ათ წუთში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი მისულა, საუბარი რვა საათზე მეტხანს გაგრძელებულა, მამაცაშვილს ვანო მერაბიშვილისთვის ბიძინა ივანიშვილის დანაბარები დეტალურად გადაუცია, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, _ ვანოს საკნიდან გაყვანის ინფორმაციამ გაჟონა და სწორედ ამიტომ მოიგონეს ლეგენდა ოთარ ფარცხალაძეზე, თითქოს მერაბიშვილს ფარცხალაძე სააკაშვილზე ჩვენების მისაცემად „აკაჩავებდა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან მუშაობა 2014 წლის დასაწყისში გაგრძელებულა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, 2014 წლის თებერვლის დასაწყისში, უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე პირადად შეხვედრია ბიძინა ივანიშვილს, ხოლო 2015 წლის 17 აგვისტოს, ერთი მხრივ, გიგა ბოკერია და დავით ბაქრაძე, მეორე მხრივ ბიძინა ივანიშვილი და ვახტანგ გომელაური რიკოთის უღელტეხილზე, რესტორან „ედემში“ კონფიდენციალურად შეხვედრიან ერთმანეთს. რესტორანი „ედემი“ გზიდან ოდნავ მოშორებით ჩასახვევთან მდებარეობს და უცხო თვალისთვის ტერიტორია ნამდვილად დაცულია. რესტორანი ათი დღით იყო დაქირავებული და, შესაბამისად, ყველა თანამშრომელი _ დათხოვნილი. „ქრონიკა+“-მა ინფორმაციის გადამოწმება „ედემის“ თანამშრომლებთან სცადა. მათ რესტორნის გაქირავებისა და ათი დღით მათი დათხოვნის ფაქტი დაადასტურეს, მაგრამ კონფიდენციალური შეხვედრის შესახებ, ცხადია, ინფორმაცია არ ჰქონდათ.
ბიძინა ივანიშვილთან ბაქრაძე-ბოკერიას შეხვედრების თაობაზე ინფორმაცია პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილსაც ჰქონია. მას დეტალები სწორედ მისი ადვოკატის, ოთარ კახიძის მეშვეობით მიაწოდეს. ინფორმაცია იმდენად კონფიდენციალური და დახურული იყო, ჩვენი წყაროც ამბობს, რომ კახიძე-მერაბიშვილი ამ თემაზე საკანში არც კი ლაპარაკობდნენ, გარეშე თვალისთვის ეს ადვოკატისა და კლიენტის შეხვედრა იყო, ოთარ კახიძე „მასკიროვკისთვის“ ოქმს ადგენდა და სწორედ ოქმში უწერდა იმ ინფორმაციას, რასაც ვანო მერაბიშვილისთვის მისაწოდებლად მას ანდობდნენ, ოქმში ჩანაწერის წაკითხვის უფლება კი ბადრაგს არ აქვს. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გადაბირების ოპერაცია საკმაოდ კარგად დაგეგმა, შეხვედრებში მონაწილე პირებიდან დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია გიგი უგულავასთან ერთად გამიჯნულების რიცხვში არიან, ხოლო ვანო მერაბიშვილი სამივე მათგანზე ჭკვიანი აღმოჩნდა, იგი საბოლოოდ შეთქმულების მოთხოვნებს არ დაეთანხმა და მიშა სააკაშვილს წერილი გაუგზავნა, _ ლიდერი შენ ხარ, გამარჯვება მხოლოდ შენთან ერთად იქნებაო. სწორედ ამ ნაბიჯის გამო ვანო მერაბიშვილს, როგორც სჩანს სამაგალითოდ დასჯიან, მისთვის უახლოეს მომავალში ახალი ბრალის წაყენება იგეგმება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა გიგი უგულავას გამოშვებაც გადაიფიქროს _ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლის პირასაა, ბოკერიას ფრთა აშკარად უმცირესობაშია, კულუარული ინფორმაციით ივანიშვილი უგულავას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოუშვებს, _ თუ იგი პოლიტიკას დატოვებს და ქვეყნიდან წავა.
ერთადერთი პირობა, რომლის შესრულებაც თვითგამოცხადებული ლიდერების ჯგუფმა შეძლო, ზუგდიდში სანდრა რულოვსის დამარცხება იყო, რომელსაც „ქართული ოცნებისთვის“ სიმბოლური დანიშნულება ჰქონდა.
საარჩევნო მარათონში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე ოდნავ გვიან ჩაერთო. სანდრა რულოვსის გამოჩენას „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრიან, მაგრამ ვერც აშკარა წინააღმდეგობა გაბედეს. ზუგდიდში შტაბის ერთ-ერთ ხელმძღვანელად თენგიზ გუნავას დანიშვნას კი ადგილობრივების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, _ ისევ გუნავა უნდა დაბრუნდესო? „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ საბოტაჟში ლაშა დამენიაც მონაწილეობდა. 48 ადმინისტრაციულ ერთეულში გაერთიანებულ 58 სოფელში, სადაც სანდრა რულოვსი საარჩევნო კამპანიის დროს დადიოდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი წინასწარ ინფორმირებული არ იყო, შტაბის ხელმძღვანელები ამ ნაბიჯს ტაქტიკური მოსაზრებით ხსნიდნენ, _ საჭირო არაა მხარდამჭერების მობილიზაცია, მოწინააღმდეგეს სრულ ინფორმაციას ნუ მივცემთო. „ქართული ოცნების“ მხრიდან სამეგრელოს არჩევნების არაოფიციალურ კოორდინატორად „ტყის ძმების“ მეთაური, დათო შენგელია დაინიშნა. „სტარიკმა“ რუსეთიდან ამ საქმისთვის საგანგებოდ ჩამოიყვანა კრიმინალური ავტორიტეტები და არჩევნებიც სწორედ „შავი სამყაროს“ დახმარებით წარიმართა. დათო შენგელიას სახელი წლებია, კრიმინალური შეიარაღებული დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ნარკოტიკების, იარაღის, სიგარეტისა და ჯართის უკანონო კონტრაბანდას უკავშირდება. წინასაარჩევნო შეხვედრებზე თენგიზ გუნავას რამდენჯერმე დაუსვეს უხერხული კითხვები: რატომ არ ახმაურებთ ფულის დარიგებისა და სოფლებში მაყურებლების დანიშვნის ფაქტებსო? მთელი წინასაარჩევნო კამპანია ისე დასრულდა, არც გუნავას, არც დამენიას მხრიდან შენგელიას მისამართით მწვავე განცხადებები არ გაკეთებულა. „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ედიშერ თოლორაიას შეხვედრები იშლებოდა, ანაკლიაში მასთან შესახვედრად მოსახლეობა საერთოდ არ გამოვიდა, ამ ფაქტმა ანაკლიის გამგებლის, ბადრი ყორშიას თანამდებობაც შეიწირა. დღემდე გამგებლის მოვალეობას მისი მოადგილე, მამია სალია ასრულებს.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კომისიებში დასანიშნ წევრთა სიაც თენგიზ გუნავამ სუს-თან შეათანხმა და, საბოლოოდ, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბი სანახევროდ მაინც სუს-ის ბიუროს წარმოადგენდა. სუს-ის ერთ-ერთი საყრდენი #67-ე საოლქო-საუბნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი იყო, რომელიც სამეგრელოს გუბერნატორის, ლევან შონიას ახლო მეგობარია. არც ნატა პაპასკირი შეურჩევიათ შემთხვევით საარჩევნო ოლქში წარმომადგენლად. ნატას მეუღლე, კობა მიქაია, 90-იანი წლებიდან უშიშროების სამინისტროში მუშაობს, 2012 წლიდან კი სუს-ში დააწინაურეს. დათო შენგელიას დაჯგუფების მიერ შერჩეულ 33 კოორდინატორს, არჩევნებამდე ათი დღით ადრე, რუსული „ფსბ“-ს მიერ დამოწმებული საშვებით საშუალება მისცეს, გალის რაიონის ოკუპირებული სოფლები ჭუბურხინჯში დისლოცირებული რუსი მესაზღვრეების ოცეულთან ერთად შემოევლოთ, ჯგუფს ასევე აფხაზური ადმინისტრაციის უფროსი თემურ შერგელია ხელმძღვანელობდა.
ოკუპირებული გალის სოფლებიდან ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობა დათო შენგელიას დაჯგუფებას ოკუპაციის ხაზამდე მოჰყავდა, შემდეგ მათ „ტყის ძმების“ მეორე ჯგუფი ხვდებოდა და საარჩევნო ყუთამდე აცილებდა. ამ ფაქტებს ადგილზე უყურებდნენ თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია და ნიკა მელია. თუმცა არც ერთი მსგავსი ფაქტი არ გაუპროტესტებიათ. გუნავამ შენგელიას დაჯგუფება ერთხელ ახსენა და ისიც მხოლოდ მისი ხელქვეითი ხვიჩა ცხაკაია, რომელიც 2016 წლის არჩევნებში ბევრს არაფერს წარმოადგენდა.
„სტარიკის“ წინასაარჩევნო ხარჯები „კანონიერ ქურდებთან“ ერთად რამდენიმე ბიზნესმენმაც დაფარა. „ქრონიკა+“-მა ამის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად მოიპოვა.
ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც დათო შენგელიას ფული გადაუხადა, დავით როგავაა. იგი 22 წელიწადზე მეტია, რუსეთში ცხოვრობს, ბიზნესი მსხვილი სუპერმარკეტების ქსელით დაიწყო, ამჟამად მოსკოვში სათამაშო კლუბებისა და კომპიუტერული ცენტრების მეპატრონეა, დაკავებულია ხე-ტყის ბიზნესით და ასევე ჩინეთიდან ექსკლუზიურად შეაქვს რუსეთში კომპიუტერის ნაწილები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. დავით როგავას ზუგდიდში სლოტ კლუბი „ვულკანი“ და თბილისში, მოსკოვის გამზირზე, სამშენებლო და საკვები პროდუქტების საბითუმო ბაზა აქვს. რუსეთის მოქალაქეა მისი მეუღლე ხათუნა კაკაჩიაც. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, დავით როგავამ დათო შენგელიას 200 ათასი დოლარი მაყურებლის, თენგიზ ქაჯაიას ხელით გამოუგზავნა.
„სტარიკის“ მეორე შემომწირველი გურამ წიწილაშვილია. მას ფოთში, ლარნაკას ქუჩაზე, საკონტეინერო ტერმინალი „ჯიქის-ტექსი“ აქვს, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გადამზიდავი კომპანია „მაერკსის“ პარტნიორია; იმავე ქუჩაზე კიდევ ერთი საკონტეინერო ტერმინალი „ესპერანსის“ მფლობელია; წიწილაშვილი შპს „ალიანსი 2006“-ის დამფუძნებელია; თევზის გადამამუშავებელი ქარხნის არაოფიციალურად, შემოსავლების 11% ეკა ბესელიასთან მიდის; ასევე გურამ წიწილაშვილს ლარნაკის ქუჩაზე ხის გადამამუშავებელი ქარხანა აქვს; მის საკუთრებაშია ფოთში თევზმჭერი გემი, აღმაშენებლის ქუჩაზე კაფე-ბარი „ოსტროვი“; კიკალეიშვილის ქუჩაზე სასაწყობო ტერმინალი შპს „აისბერგ 2“; ექსპორტით გააქვს თევზი თურქეთის რესპუბლიკაში; მას წილი აქვს თურქეთში რეგისტრირებულ კომპანია „ინტელ ბულტრადეცთან“; უკრაინულ ფირმა „მირინოვსკისგან“ შემოაქვს „ხლებ პროდუქტის“ სახელით გაყინული ქათამი, ქათმის ფილე და სოსისი; მას ესპანურ კომპანია „კონველდასა-კაბო-ნორტესლთან“ ხელშეკრულება აქვს, რის საფუძველზეც თევზის პროდუქტების სხვადასხვა სახეობა შემოაქვს; ანალოგიური პროდუქტები შემოაქვს გერმანიიდან კომპანია „გრეიტნარზენთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წიწილაშვილის ამ ბიზნესის 50%-ის მფლობელი მესამე წელია, უჩა მამაცაშვილია. მამაცაშვილის გამოჩენამდე წიწილაშვილს ფოთის მაშინდელი მაჟორიტარი, ეკა ბესელია კრიშავდა. დათო შენგელიას ზუგდიდის არჩევნების დასაფინანსებლად გურამ წიწილაშვილმა 450 000 დოლარი ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ოფისში მის სამუშაო კაბინეტში გადასცა.
ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ბიზნესმენებისა, რომლებმაც სანდრა რულოვსის წინააღმდეგ დათო შენგელია დააფინანსეს. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ზუგდიდში არჩევნების მოგების შემთხვევაში „სტარიკმა“ ითხოვა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საჭირო ქვა-ღორღი სწორედ მის კომპანიას შეეტანა. სანაცვლოდ ზუგდიდში 20 000 ხმას დადებდა. ივლისის დასაწყისში შენგელიამ ზუგდიდში, სოფ. აბასთუმანში, მდინარე ენგურის სანაპიროზე ქვა-ღორღის საბადოს გამოყენების 50-წლიანი ლიცენზიაც მოიპოვა და ორ მილიონად შეფასებული ქვის საჭრელი დანადგარებიც ჩამოიტანა.
„ქართული ოცნებისთვის“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლის დამარცხებას ნამდვილად სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, მით უფრო იმ ფონზე, როცა ბიძინა ივანიშვილი წინასწარ აცხადებდა, _ ის ქალბატონი არჩევნებს წააგებსო, მაგრამ არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენების მერე ცხადზე ცხადი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოკერიას ფრთისა და ივანიშვილის ინტერესები სააკაშვილის წინააღმდეგ სრულიად დაემთხვა ერთმანეთს.
მართალია, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილმა ახალი ბრძოლა დაიწყო, მაგრამ დისტანციურად, ჩამოუსვლელად და სრულიად მოულოდნელი, გაწონასწორებული ტაქტიკით პირველი რაუნდი საქართველოშიც მოიგო. მეორე რაუნდი 20 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ ხალხმრავალი ყრილობაა, სადაც საბოლოოდ გაირკვევა, რჩებიან თუ მიდიან პარტიიდან ახირებული ლიდერები.

ელისო კილაძე

banner
წინა სტატიაშიმიშას ორი „ჩ“, ანუ ჩუმი ჩანაფიქრი
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა