გიგა ბოკერია – არასდროს მითქვამს, ამომრჩევლების მოტყუებაში ხართ უნიათოები, ამაში უნდა ვაღიარო ივანიშვილის ტალანტი

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

არასდროს მითქვამს, ამომრჩევლების მოტყუებაში ხართ უნიათოები-თქო, ამაში უნდა ვაღიარო ივანიშვილის ტალანტი – ქვეყნის მართვაში ხართ უნიათოები და მავნებლები, – ასე მიმართა უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

„როგორც გისმინეთ, პატივცემულო კოლეგებო უმრავლესობიდან, ძალიან უკმაყოფილო ხართ პრეზიდენტის საქციელით. თქვენი აზრით, პრეზიდენტის იქცევა ძალიან უპასუხისმგებლოდ, ცუდი პრეზიდენტი გვყავს, საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. მე უბრალოდ მინდა გავიხსენო, ხომ არ გახსოვთ, რომელი პარტიის წარდგენილი იყო და ეს პრეზიდენტი? იმ კაცის გვარი ხომ გახსოვთ, ვინც შეარჩია ეგ პრეზიდენტი – ბრძენი კაცი, ბიძინა ივანიშვილი?! რა მაინტერესებს – მაშინ შეცდით მაგრად თუ ახლა ცდებით? მაშინ მაგრად ჭამეთ რომ ასეთი კაცი წარადგინეთ, თუ ახლა ცდებით?! ისე, არ გინდათ დაფიქრდეთ, იქნებ სხვა რაღაცებშიც ცდებით. იქნებ პრემიერიც შეეშალა იმ ბრძენ კაცს – პირველი და მეორეც?! და დასკვნა გამოიტანეთ ახლა, მეტი რომ არ „შეგეშალოთ“, ქართველ ხალხს მეტჯერ აღარ უნდა მიანდოთ არჩევანის თავისუფლება?! ეს არის ხომ დასკვნა?“ – მიმართა ბოკერიამ უმრავლესობას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი გემოვნების საკითხია და არა პრინციპული და მაშინ გაუგებარია, რატომ არ უთმობს ამ საკითხს დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას.

„ძალიან გთხოვთ, არაფორმალურად მითხარით გვარი, ვინ მოიფიქრა ეს ფენომენალური არგუმენტი, რომ პარტიების რაოდენობა დაითვალეთ უმრავლესობაში და კონსენსუსი შედგაო. ვუდასტურებ ბატონ ძიძიგურს, ზოგიერთი მათგანი ისტორიის მქონე პარტიაა, ეგ რა შუაშია? თქვენ რა დაგვცინით და მართლა ვერ ხდვებით, რომ კონსენსუსზე საუბარია ძირითად დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის, თორემ ეგრე მმართველ პარტიაში გაიყავით კიდევ და 80 იქნებით. თქვენ გგონიათ, რომ სადმე ეგ ითვლება კონსენსუსად? როცა 47% გაქვთ მიღებული ამომრჩევლების და ამ კონსტიტუციას ისე იღებთ, როგორც ჩვეულებრივ კანონს, ამაშია პრობლემა. როცა საუბარია ჟესტებზე და კონსენსუსზე და პრეზიდენტის ინსტიტუტთან ურთიერთობაზე, თუ გინდოდათ იმ შეთანხმების მიღწევა, რომ პრეზიდენტს დაედო ვეტო, რომელსაც თქვენ არ გადალხავდით, ვინ გასწავლათ ეს, რომ წინასწარ კი არ ალაპარაკოთ, საჯაროდ თითი უნდა დაუქნიოთ და უთხრათ თქვენი პირობები, რომ მერე თითი მოკაკვოს. ან არაკომპეტენტურები ხართ, არ იცით, როგორ ელაპარაკოთ, ან არ გინდოდათ მოლაპარაკება. ბატონ ძიძიგურს უნდა ვუპასუხო, უნიათოებს იშვიათად იძახითო – ბოდიში, ეტყობა დაგვავიწყდა ერთი-ორჯერ. ჯერ ერთი, მე უნიათოს არასდროს არ ვამბობ – უნიათო და მავნებლური! რომ გითხრათ, ამომრჩევლების მოტყუებაში ხართ უნიათოები-თქო, ეგ არასდროს მითქვამს, პირიქით, ამაში უნდა ვაღიარო ივანიშვილის ტალანტი. ქვეყნის მართვაში ხართ უნიათოები და მავნებლები. მე არ ვიცი, რომელმა ოპოზიციონერმა კოლეგამ თქვა, რომ 2030 წლამდე იქნებითო, მე ნამდვილად ასე არ ვთვლი. პერეფრაზი რომ მოვახდინო ძალიან ცნობილი ისტორიული ფრაზის – შეიძლება ატყუებდე საზოგადოების მცირე ნაწილს დიდი ხანი ან დიდი ნაწილს გარკვეული პერიოდი, მაგრამ დიდ ნაწილს დიდი დრო ვერ მოატყუებთ, უბრალოდ, ცუდი ისაა, ამ ცვლილებებს რომ გაიტანთ, გექნებათ ილუზია, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში და უფრო მავნებლები და უფრო არაანგარიშვალდებულები გახდებით და არა ის, რომ თქვენ ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაია თეა წულუკიანს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისთვის მხარის არ დაჭერის გამო აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე გიგა ბოკერიას – თქვენ რომ ჩვენზე ჭკვიანები იყოთ, ჩვენ არ ვიჯდებოდით აქ 116 კაცი და თქვენ – 21 კაცი