თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილი დიღმის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავებულის ადვოკატის, ქეთევან ვარდანაშვილის განცხადებით, ბერუაშვილს მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და წარდგენილი ბრალდება — განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა — „აბსურდულია“.
უფლებადამცველის თქმით, დაკავებული შეუძლოდ მინიმუმ ორჯერ გახდა, რის გამოც სამედიცინო დახმარება დასჭირდა და არ გამორიცხავს მისი კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას. ადვოკატის განმარტებით, ბერუაშვილისთვის მომხდარის შესახებ ცნობილი მხოლოდ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით გახდა და ის არანაირ დანაშაულს არ შესწრებია.
შეგახსენებთ, ანასტასია ბერუაშვილი (საქმეზე მსჯავრდადებულ გიორგი რიკაძის შეყვარებული) გუშინ დააკავეს. ამავე საქმეზე გუშინ დააკავეს ნია იმნაძეც, რომელსაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას ედავებიან.















