გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე გამოძიება დაკავებულ არასრულწლოვნებს — ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 30 დღის განმავლობაში ფარულად უსმენდა. საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი სწორედ ეს ფარული ჩანაწერები გახდა, სადაც, მათ შორის, ნია იმნაძისა და მამის დიალოგია ასახული.
პროკურორმა ასევე განმარტა, თუ რატომ დასჭირდა უწყებას 10 თვე ბრალის წარსადგენად და რატომ მოხდა დაკავება აგვისტოში, როდესაც ჩანაწერები ჯერ კიდევ თებერვალში მოიპოვეს:
„ფარული ჩანაწერები მიმდინარე წლის თებერვალში მოვიპოვეთ. მანამდე, ოქტომბერშიც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მაშინ ისინი არაინფორმაციული აღმოჩნდა.
ათი თვე დასჭირდა პროკურატურას მტკიცებულებების შეგროვებისთვის. საქმეში გაჩნდა ახალი მტკიცებულებები — ჩავატარეთ ფარული მოსმენები: როგორც სატელეფონო კომუნიკაციის, ისე ბინის ფარული ვიდეო-აუდიო აღჭურვა. ნია იმნაძის ბინის აღჭურვის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასდა. თებერვალში მოპოვებული ფარული მასალის გაშიფვრასა და დამუშავებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, რამაც ვადები გაახანგრძლივა“.














