გიგა ავალიანის დედა იმ ვიდეოს სრული ვერსიის გასაჯაროებას ითხოვს, რომელიც მის შვილზე თავდასხმის ადგილასაა გადაღებული

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა იმ ვიდეოს სრული ვერსიის გასაჯაროებას ითხოვს, სადაც მისი თქმით, კარგად ჩანს, შემთხვევის ადგილზე, როგორც ცდილობს ერთ-ერთი არასრულწლოვანი მისი შვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებას და სახეში სილებს ურტყამს.

როგორც გადაცემა “რეაქციაში“ ეკა კუპატაძე ამბობს, რომ ის ქმედება, რომელსაც ბრალდებულის ადვოკატი “მოსულიერებას“ უწოდებს, მისი შვილის შეურაცხყოფაა და ეს იმ სიტყვებიდანაც კარგად ჩანს, რომლითაც მას მიმართავენ.

კუპატაძისვე თქმით, ვიდეო, რომელიც ადგილზეა გადაღებული 19-წამიანი, თუმცა დაჭრეს და საქმეში მხოლოდ 4-წამიანი ვიდეო ჩანდა, სრულში კი კარგად ისმის სიტყვები, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე უნონო მდგომარეობაში მყოფ მის შვილს ნიშნის მოგებით ესაუბრებიან.

ბავშვმა, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, გადაიღო ვიდეო, 19 წამიანი ვიდეოა, რაც აღადგინა ექსპერტიზამ, მოჭრეს დანარჩენი და 4 -წამიანი ვიდეო მიიტანეს. მერე ხომ აღადგინეს, იცით რა არის იმ 19- წამიან ვიდეოში, იმ პიროვნების ადვოკატი ამას მოსულიერებას ეძახის, მე არ მინახავს ეს ვიდეო, აუცილებლად უნდა ვნახო. გიგასთან არის ჩამუხლული ის, ვინც ვიდეოს იღებს და სახეში სილებს ურტყამს, აგინებს და შეურაცხყოფას აყენებს, ამ ვიდეოში. მეკითხებიან, გინდათ, ეს ვიდეო გავსაჯაროვოთო? დიახ, მინდა, გაასაჯაროვონ, ნუ აფარებენ სიტყვა არასრულწოვნებს. მისი ადვოკატი რასაც მოსულიერებას ეძახის, მე იმას შეურაცხყოფას ვეძახი. ის ურტყამს და ეძახის, აბა, რა გეგონა შე პედოფილო, აგინებს უშვერი სიტყვებით, – ამბობს ეკა კუპატაძე.

მისივე თქმით, მისი შვილის მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი და ეს იმ ტელეფონში არსებულ მესიჯებში ჩანს, რომელიც ექსპერტიზაზე აღსადგენად გააგზავნეს.

რვა წელი ამზადებდა ჩემი შვილი მოსწავლეებს და ერთი მოსწავლე იპოვონ, ვინც გიგაზე აუგს იტყვის… საჯარო ბოდიშს ვიტყვი მაშინ… [დაკავებულს] ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა აქვს და ვერ აიტანა, რომ “მასწავლებელმა როგორ დაურეკა მის გოგოს”… ეს იყო განზრახ მკვლელობა, 11 ტელეფონია გაგზავნილი ექსპერტიზაზე წაშლილი მესიჯების აღსადგენად. გეგმავდნენ მკვლელობას, რამდენჯერმე წერია იქ სიტყვა მკვლელობა, “მოვკლათ”. დღეს გავიგე, ორი საათის წინ, ასეც ამბობდნენ [დაკავებულები], შევვარდეთ, შტურმით ავიღოთ ცენტრი, თავდასხმას გეგმავდნენ… წერს ერთ-ერთ არასრულწლოვან მეგობარ გოგონას, ვინც დაკავებულია ის, თუ კიდევ დედასთან ერთად გამოვა, ჩამოვაცმევ ტომარას და ისე გავუსწორდები… გაასაჯაროვოს პროკურატურამ, მესმის, რომ არასრულწლოვანები არიან, დაფარონ სახელები და ისე. მკვლელები დადიან ქუჩაში, ძალიან მიჭირს მაგრამ ვციტირებ: გადავუხსნი შუბლს და ჩავაწერ სიტყვას ასე… უზრდელი სიტყვის ჩაწერაზეა საუბარი, ისე დავარტყამ, რომ დავადებილო, მოვკლა… სიკვდილი რამდენჯერმე გაჟღერდა იქ. ეს ყველაფერი არის მკვლელების მხარის ადვოკატების მიერ შექმნილი ამბავი. ახლა უკვე ასე იკვეთება და მერე ამას უკვე ხორცი შეასხა პროკურატურამ. […] ჩასაფრებულები იყვნენ, გოგონას არ იჭერენ, შეუტყობინებლობისთვისაც კი. წამქეზებელია ეს გოგონა…- ამბობს კუპატაძე.

ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მოკლული მასწავლებლის ოჯახის წევრები და ნათესავების მთავარი მოთხოვნაა, საქმე გადაკვალიფიცირდეს, ვინაიდან თვლიან, რომ ესაა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, ხოლო დედის თქმით, ექსპერტიზის პასუხში ყველაფერი არაა აღწერილი.

banner
წინა სტატიაშიგამოცდების ეროვნული ცენტრი 30-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს
შემდეგი სტატია“პროკურატურას ადრესატი შეეშალა, მე ასე იოლად გასაჩუმებელი არ ვარ” – მოკლული მასწავლებლის დედა