6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

გიგა ავალიანის დედა ბრალდებულების სიმკაცრით დასჯას ითხოვს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ ვიკითხებოდი, როგორც მოწმე, მოსამართლემ მომისმინა – ჩემი გზავნილი იყო ის, რომ ბრალდებულები არიან საზოგადოებისთვის საშიში – მათ თავზე ხელაღებით, მიზეზის უკითხავად, გაურკვევლად შეუძლიათ პირდაპირ, ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე მოკლან ადამიანი.

ამასთან, ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომ გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, საბრალდებო სკამი ძალიან ბევრს ელოდება, მათ შორის, არასრულწლოვანებსაც.

„გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი პიროვნება დაჯდება საბრალდებო სკამზე, თუმცა ამ ეტაპზე აქტიურად მაგ საკითხს მეც არ განვიხილავ, რადგან დროში ძალიან ვიზღუდებით. რიკაძის და გაბაშვილის დაკავებიდან 19 აპრილს გადის 6 თვე, ამიტომ მეც ჩავეხსენი დროებით ამ საკითხს. ძალიან დიდი ჯგუფია, ვინც წინასწარ მოამზადა გიგა ავალიანზე თავდასხმა და კიდევ უფრო დიდი წრეა ვინც მომხდარი ფაქტის შესახებ იცოდა. ამას გარდა საბრალდებო სკამზე დასხდებიან ექიმები, ვინც თავიდან სცადეს საქმის გაყალბება და არასწორად აღწერა გიგას დაზიანებები იმ მიზეზით, რომ საკუთარი თავი გადაერჩინა. მე არც მადლობის თქმა მეშლება. როცა ექიმებამდე მივალ ხმამაღლა ვიტყვი იმ ექიმების სახელს და გვარს, ვინც ჩემს შვილს სასთუმალთან ედგა და ღამეებს უთევდა. საბრალდებო სკამზე დასხდებიან სამართალდამცავებიც. ჩვენ არ მოგვიწევდა ამდენი ბრძოლა. აბა ახლა თუ არ აკეთებს პროკურატურა საქმეს ღირსეულად, როგორც საჭიროა. ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე, საბრალდებო სკამი ძალიან ბევრს ელოდება, მათ შორის, არასრულწლოვანებსაც“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ეკა კუპატაძის თქმით, დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ყველა ის მოწმე, ვისზეც იცოდნენ, რომ „ბოლომდე ვერ დაიჭერდნენ და პროკურორები აუცილებლად ბევრ უტყუარ ფაქტს დაადებინებდნენ დაკითხვის დროს“.

ინფორმაციისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.

banner
წინა სტატიაში საქართველოს ბანკმა 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატიამარკ რუტე: მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს