გია ჟორჟოლიანი მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას სთავაზობს

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

ჟორჟოლიანის აზრით, ბოლო პერიოდში, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადადგმული ნაბიჯები მოლაპარაკებების სტაბილურად წარმართვას ხელს არ უწყობს.

„მოლაპარაკებებში ჩართული არც ერთი მხარისგან არ ვლინდება პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომლის მიზანი კონსენსუსის მიღწევა და ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება უნდა იყოს, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოების ინტერესებს. ბოლო პერიოდში, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადადგმული ნაბიჯები ხელს არ უწყობს მოლაპარაკებების სტაბილურად წარმართვას. ამის მიუხედავად, აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემას გარდაქმნის უფრო მეტი პროპორციულობისკენ და ინკლუზიურობისკენ, რაც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების წინაპირობა იქნება.

ჩვენ, თავიდანვე მხარს ვუჭერდით სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მიგვაჩნია, რომ „ოცნების“ გადადგმულმა ნაბიჯებმა, დაწყებული პროპორციული არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო ინიციატივის წარმოდგენით და შემდეგ მისი ჩაგდებით, ხელი შეუწყო დაძაბულობის ზრდას და არჩევნების ჩატარებისათვის უაღრესად არასასურველი გარემოს ჩამოყალიბებას. „ნაციონალური მოძრაობაც“ ხელს უწყობს კიდევ მეტ ესკალაციას. ე.წ. დიალოგის შეწყვეტა კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას მოიტანს“ ,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში ყველა საშუალება უნდა იყოს გამოყენებული მდგომარეობის შედარებით დასტაბილურებისა და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის.

ჟორჟოლიანის თქმით, „ქართული ოცნება“ თუ მზად იქნება, შესაძლოა, დაიწყოს მსჯელობა საარჩევნო სისტემაზე ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც უზრუნველყოფს მეტ პროპორციულობასა და მეტ ინკლუზიურობას.

მაგალითად, ჟორჟოლიანის განმარტებით, ასეთი შეიძლება იყოს მოდელი, რომელიც გულისხმობს 115 პროპორციულ და 35 მაჟორიტარული მანდატს. ჟორჟოლიანის განცხადებით, საუბარია აღნიშნული სისტემის ერთჯერადად შემოღებაზე.

„შესაძლებელია შედარებით მეტი კონსენსუსი, მეტი პროპორციულობა, მეტი ინკლუზიურობა. დღევანდელ პარლამენტში შეიძლება, დაიწყოს მსჯელობა ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, თუ „ოცნება“ ამისთვის მზად იქნება. „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში ჰყავთ 27 დეპუტატი. 28 დეპუტატი არც უმრავლესობაშია და არც „ნაციონალურ მოძრაობა“-„ევროპულ საქართველოსთან“. თუ მოხერხდება „ოცნებისა“ და ამ 28 დეპუტატის შეთანხმება, ეს იქნება 120 ხმა, რაც ჭარბობს კიდეც საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას. სამსჯელო თემები შეიძლება იყოს: მეტი პროპორციულობა და ინკლუზიურობა.

მაგალითად, 115 პროპორციული და 35 მაჟორიტარული მანდატი. აგრეთვე, ბარიერის მოხსნა. იგულისხმება ამ სისტემის შემოღება მხოლოდ ერთჯერადად. 2024 წლის პროპორციული საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხი მხოლოდ 2020 არჩევნების შემდეგ შეიძლება განხილულ იქნეს, თუ ეს საკითხი საერთოდ დადგება.

ჩვენ გვქონდა საუბარი იმ დეპუტატების დიდ ნაწილთან, რომლებიც არც უმრავლესობაში არიან, არც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ და მათ ასეთი მსჯელობის დასაწყებად გარკვეული მზადყოფნა გამოთქვეს. მსგავსი ცვლილებების განხორციელება გაზრდის არჩევნებისადმი ნდობის და ლეგიტიმურობის ხარისხს. თუ „ოცნებას“ რეალურად სურს დემოკრატიული ცვლილებები, მაშინ ის უნდა დათანხმდეს ამ ინიციატივის შესახებ მოლაპარაკებებს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორცილება უნდა დაიწყოს უახლოეს დღეებში. მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს გამოვიყენოთ ჯერ კიდევ არსებული შესაძლებლობა. მივმართავთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, დაგვიჭირეთ მხარი როგორც აქამდე და გააგრძელეთ ამ პროცესების ხელშეწყობა“ ,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი: “ოცნებამ” წითელი ხაზები გადაკვეთა, ვბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში
შემდეგი სტატიასაპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა