გია ვოლსკი : თეა წულუკიანი ერთ-ერთი კომპეტენტური მინისტრია, არასამთავრობოები, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ, არაკორექტულები არიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადაყენებაზე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა არაკორექტული და არაეთიკურია.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, თეა წულუკიანი ერთ-ერთი კომპეტენტური მინისტრია და მას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კარგად იცნობენ.

მისი თქმით, საკითხების მიმართ თეა წულუკიანი პრინციპულია და თემებისადმი მისი მიდგომა უაღრესად პატიოსანია.

„დარწმუნებული ვარ, იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის კანდიდატურების შერჩევისას სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. პროკურატურის მიმართ მისი განცხადება იმას არანაირად არ უნდა განაპირობებდეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესში პირდაპირ ჩაერთონ და გარკვეული პოლიტიკური პლატფორმა დაიკავონ, რაშიც არაერთხელ არიან შემჩნეულნი. ამ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციები არაკორექტულები, არაეთიკურები არიან და ასეთი განცხადებებით პროფესიულ ვალდებულებებსაც სერიოზულად არღვევენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან მწყემსი გაიტაცეს
შემდეგი სტატია“საქართველო შესაძლოა იყოს მუზა სხვა ქვეყნებისთვის, პენიტენციურ სისტემაში რეფორმების გატარების კუთხით” – ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი